ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მრევლი ნიღბების გარეშე – სოხუმში რელიგიური რიტუალები გრძელდება

16 აპრილი, 2020 • 1591
მრევლი ნიღბების გარეშე – სოხუმში რელიგიური რიტუალები გრძელდება

მარიანა კოტოვა სოხუმიდან


“გადით აქედან; თქვენს ღმერთს თავზე რქები აქვს; მოაშორეთ ეგ ტელეფონი და ნუ იღებთ; ჯვარიც კი არ გიკეთიათ; ამ სამყაროში ყველა უბედურება თქვენგან, ჟურნალისტებისგან მოდის; სასწრაფოდ წაშალეთ ფოტოები”, – ეს იყო მრევლის წევრების რეაქცია იმაზე, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში სოხუმის ტაძარში გამართულ ლიტურუგიას კამერით ვიღებდი.

მსგავსი შეზღუდვა საჯარო სივრცეში, მით უმეტეს კი, ტაძრიდან გაგდება აქამდე ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა. ამის ახსნა შეიძლება იმით, რომ კორონავირუსის პირობებში ეკლესიაში მისვლის მაინც რცხვენიათ.

მაშინ, როდესაც 29 მარტიდან მთელ აფხაზეთში COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის უპრეცედენტო ზომებია მიღებული – გადაკეტილია გალისა და გაგრის რაიონების შესასვლელები, დახურულია სასწავლო დაწესებულებები, რესტორნები და საყოფაცხოვრებო მაღაზიები, აკრძალულია მასობრივი ღონისძიებები, სოხუმის ეპარქიისთვის მთავრობის განკარგულება, როგორც ჩანს, არაფერს ნიშნავს.

სოხუმი, 16 აპრილი; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

სოხუმი, 16 აპრილი; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი 

ფოტოებზე ჩანს, რომ დღევანდელ, ხუთშაბათის წირვას არც ისე ბევრი ადამიანი ესწრება, თუმცა ყველა მათგანი დამცავი ნიღბის გარეშეა.

აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩეველი რელიგიის საკითხებში რეზო კაცია ეკლესიის მეთაურის, ბესარიონ აპლიაას ინიციატივით გამართულ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საბჭოს სხდომას დაესწრო. მსჯელობის საგანი იყო – როგორ უნდა გაიმართოს სააღდგომო ლიტურგია კორონავირუსის პირობებში.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ ეკლესიები გაიხსნება და ლიტურგიაც გაიმართება, რადგან კაციას განმარტებით “ჩვენთან ამ ეტაპზე სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური კრიზისი არ დგას”.

აქვე ხელისუფლების წარმომადგენელი ამბობს, რომ სააღდგომო წირვაზე მრევლისგან სანიტარული პირობებისა და დისტანციის დაცვას მოითხოვენ. ასევე, მრევლს მიმართავენ, რომ ეკლესიაში მისვლისგან ასაკოვანმა, სხვადასხვა დაავადების მქონე პირებმა თავი შეიკავონ და არც ბავშვები მიიყვანონ ტაძარში  – “ხელისუფლება კი ზედმიწევნით ყურადღებით დააკვირდება და გააკონტროლებს მთელ ამ პროცესს”.

ახალი ათონის მონასტერში კი, რომელსაც დოროთე დბარი ხელმძღვანელობს, წირვები უკვე ონლაინ ტარდება.


აფხაზეთის საეკლესიო სივრცეში დღეს ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფი  – აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიო და აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია [სოხუმში] საქმიანობს. პირველი მათგანი ითხოვს მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში შესვლასა და კონსტანტინოპოლისგან ქართული ეკლესიის შემადგენლობიდან გასვლას. მეორე –  რუსეთთან თანამშრომლობას არჩევს და დე ფაქტო ხელისუფლების მხარდაჭერითაც სარგებლობს

მასალების გადაბეჭდვის წესი