ახალი ამბები

ეკლესიასთან ტიტების გამყიდველ კაცს 10 ათასი ლარი შეუგროვეს

15 აპრილი, 2020 • 2284
ეკლესიასთან ტიტების გამყიდველ კაცს 10 ათასი ლარი შეუგროვეს

თელაველ კაცს, რომელიც ეკლესიებთან ტიტებს ყიდდა და 3 000 ლარით დააჯარიმეს, მოქალაქეებმა 10 ათას ლარზე მეტი შეუგროვეს. აქტივისტები ჯგუფში დავეხმაროთ მოხუცებს ამბობენ, რომ თანხას კაცს ხვალ გადასცემენ.

საუბარია 73 წლის მიშა ყარაულაშვილზე, რომელიც რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ბზობის დღესასწაულზე დააჯარიმეს ყვავილების გაყიდვისთვის. მოქალაქე ამბობს, რომ ფული წამლისთვის სჭირდებოდა და სულ 9 ყვავილის გაყიდვა მოასწრო, რაშიც 6 ლარი აიღო.

კაცისთვის მოქალაქეებმა თანხის შეგროვება იმის შემდეგ დაიწყეს, რაც რადიო თავისუფლებამ მიშა ყარაულაშვილზე რამდენიმე დღის წინ ვიდეო გამოაქვეყნა. გუშინ, ჯგუფში დაიწერა, რომ კაცისთვის 5 ათასი ლარი შეგროვდა, დღეს კი თანხა გაორმაგდა.

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, რომლის დროსაც სამზე მეტი ადამიანის ერთ სივრცეში ყოფნა აკრძალულია,  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ ეკლესიებში მრევლთან ერთად საჯარო მსახურების წესი არ შეაჩერა და არც ზიარების წესი შეუცვლია, მრევლი კვლავ ერთი კოვზით ეზიარება.

პატრიარქის, ილია II-ის გადაწყვეტილებით, მრევლს მიეცა რეკომენდაცია, წირვის მიმდინარეობისას ეკლესიის ეზოში, ღია სივრცეში იყვნენ და ასე მიიღონ ლოცვაში მონაწილეობა, დიდ ტაძრებში კი შეზღუდული რაოდენობით დაესწრონ მსახურებას. ასევე, მოუწოდეს სასულიერო პირებს, წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებში.

“ვაღიარებ აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ბზობის დღეს სახელმწიფო ინსტიტუტებს და პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ემოქმედა უფრო ეფექტურად, ამას ვაღიარებ. მაგრამ ჯარიმების კიდევ უფრო გამკაცრება არ იგეგმება, აღსრულების ნაწილში გამკაცრება და ეფექტურობა იგეგმება”, – განაცხადა დღეს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ.

გარეკანი ფოტო: რადიო თავისუფლება

ეკლესიასთან ტიტების გამყიდველ კაცს, რომელიც პოლიციამ დააჯარიმა, მოქალაქეებმა 5000 ლარი შეუგროვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი