ახალი ამბები

ეპიდემიის მართვისთვის ინფექციონისტების და რეანიმატოლოგების არმია საჭირო არაა – ექიმი

15 აპრილი, 2020 • 2882
ეპიდემიის მართვისთვის ინფექციონისტების და რეანიმატოლოგების  არმია საჭირო არაა – ექიმი

აშშ-ში მომუშავე ქართვლი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში იმ გამოცდილების შესახებ წერს, რომელიც ბრუკლინში მდებარე Maimonides-ის სამედიცინო ცენტრმა გამოიყენა მედპერსონალის საჭირო რაოდენობის მობილიზებისათვის COVID-19თან ბრძოლაში.

ქართველი ექიმის თქმით, მძიმე ეპიდემიის მართვისთვის აუცილებელი არაა ინფექციონისტების ან რეანიმატოლოგების არმია და საჭიროა ყველა სპეციალობის ექიმი დროულად გადამზადდეს:

“თვალი მოვკარი წუხილს, რამდენად ცოტა ინფექციონისტი ან რეანიმატოლოგი ჰყავს საქართველოს და რა მცირეა პაციენტების რიცხვი, ვისი მოვლაც მათ შეუძლიათ. მძიმე ეპიდემიის მართვისთვის არაა აუცილებელი ინფექციონისტების ან რეანიმატოლოგების არმია, ჩემი ჰოსპიტლის გამოცდილებიდან. პაციენტების პირველი ნაკადი მედიცინის დეპარტამენტმა მიიღო. როგორც კი მივხვდით ნაკადის გეომეტრიული პროგრესიით ზრდის ტენდენციას, სასწრაფოდ დაიწყო ჰოსპიტლის გადაწყობა ახალი რეალობის შესაბამისად” ,- ამბობს გეგეჭკორი.

მისი თქმით, სწორედ ასე მოიქცნენ ნიუ იორკის ამ კლინიკაში. კერძოდ, როგორც კი პაციენტების ნაკადმა ზრდა დაიწყო, სხვადასხვა განყოფილებები COVID განყოფილებებად გადაკეთდა, მედიცინის რეზიდენტები, რომლებიც რეზიდენტურის მესამე წელზე არიან, ამ დეპარტამენტების ზედამხედველობაში ჩართეს:

“ქირურგიის, ორთოპედიის, გინეკოლოგიის, პედიატრიის, ფსიქიატრიის განყოფილებები გადაკეთდა კოვიდ განყოფილებებად და მედიცინის ჯგუფის უკვე გამოცდილი რეზიდენტები და ექიმები ჩაუდგნენ სათავეში ამ დეპარტამენტებს. ორ კვირაში გადავამზადეთ ორთოპედიის, ქირურგიის, ფსიქიატრიის, პედიატრიის რეზიდენტები იმ დონემდე, რომ დამოუკიდებლად შეძლებოდათ კორონავირუსით გამოწვეული პათოლოგიის მართვა.

ყველა ასეთ დეპარტამენტს ზედამხედველად ჰყავს მედიცინის მესამე წლის რეზიდენტი, რომელიც უკვე დამოუკიდებელი ექიმია (სულ რაღაც ორ თვეში აქვს ყველას სალიცენზიო გამოცდა). მას ჰყავს ორი ან სამი (განყოფილების სიდიდის მიხედვით) ჯგუფი რეზიდენტების, რომელიც შედგება ერთი უმცროსი და ერთი უფროსი რეზიდენტისგან. ეს ნაკრები მართავს დაახლოებით 60 პაციენტს” ,- ამბობს აშშ-ში მომუშავე ექიმი.

ნანა გეგეჭკორი აღნიშნავს, რომ მედიცინის რეზიდენტები მართავენ ასევე ახლად გახსნილ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებს, რდგანაც რეზიდენტურაში ყველას აქვს კარგი გამოცდილება ინტენსიური თერაპიის განყოფილების მართვის, იმდენად, რომ მესამე წლის ნებისმიერ რეზიდენტს შეუძლია იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი ინტენსივისტი:

“კარდიოლოგიის, გასტროენტეროლოგიის, ენდოკრინოლოგიის, რევმატოლოგიის ფელოები მუშაობენ მედიცინის დეპარტამენტში და იკავებენ უფროსი რეზიდენტების ან უფროსი ექიმების პოზიციებს. ინფექციურის ფელოები [ფელოუშიპი აშშ-ში არის სამედიცინო მომზადების პერიოდი, რომელსაც ექიმი რეზიდენტურის შემდეგ გადის] ასრულებენ კონსულტანტების როლს მთელი ჰოსპიტლისთვის. მათი უშუალო სიახლოვე პაციენტთან საერთოდ არაა საჭირო. უმეტესად ასეთ კონსულტაციას ვიღებთ ტელეფონით.

ასევე, ისინი მართავენ ტექნიკურად კლინიკურ კვლევებში პაციენტების ჩართვის პროცესს, რაც გულისხმობს რამდენიმე, უკვე ყველასთვის ცნობილი ახალი პრეპარატის გამოყენებას. ამ პრეპარატების გამოყენებას მათი წერილობითი დასტური სჭირდება. ეს უზრუნველყოფს პაციენტების ზედმიწევნით ზუსტად შერჩევას მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდისთვის” ,- ამბობს ექიმი.

გეგეჭკორი აღნიშნავს, რომ ამ მოდელით კლინიკა უკვე 800-ზე მეტ უმძიმეს პაციენტს მოემსახურა, რომელთაგან 300 ამ დროისთვის უკვე გაწერეს კარგი მდგომარეობით. მისი თქმით, კლინიკაში ახლა 180 პაციენტი რჩება მართვით სუნთქვაზე:

“ზოგადად, ამერიკაში საუნივერსიტეტო ჰოსპიტლების გამწევი ძალა არის რეზიდენტი და ფელოუ. უფროსი ექიმი არის მხოლოდ ზედამხედველი. რეზიდენტი არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რა თქმა უნდა, უფროსი ექიმი უმაგრებს ზურგს საჭიროების შემთხვევაში. პულმონოლოგიის და კრიტიკული მედიცინის ფელოები ზედამხედველობენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებს, ასეთი 5 აქვს ამ წუთას ჰოსპიტალს”, – აღნიშნავს ექიმი.

შესაბამისად, აშშ-ში დასაქმებული ქართველი ექიმი მიიჩნევს, რომ მთავარია, დროულად გადამზადდნენ სხვადასხვა ვიწრო სპეციალობების ექიმები და ჰოსპიტლები შესაბამისად დაჯგუფდეს.

მისი თქმით, ეპიდემიის მართვას არ სჭირდება ინფექციონისტების და ინტენსივისტების არმია. თუმცა, ამასთან, აუცილებელია ექიმი იყოს ზედმიწევნით კარგად დაცული შესაბამისი აღჭურვილობით და არსებობდეს რეზერვის კარგად გათვლილი ჯგუფი ექიმების და ექთნების ავადმყოფობის პირობებში, რაც მისი თქმით, სამწუხაროდ, გარდაუვალია:

“ყველაზე მთავარი, ქვეყანამ უნდა მოიმარაგოს საჭირო რაოდენობით მართვითი სუნთქვის აპარატები და გადაამზადოს ყველა ჩამოთვლილი სპეციალობის ექიმი მისი გამოყენებისთვის”, – წერს ნანა გეგეჭკორი.

სასუნთქი აპარატების რა მარაგი აქვს ქვეყანას

მასალების გადაბეჭდვის წესი