ახალი ამბები

ვის არ ეხება შესვლა-გამოსვლის აკრძალვა ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში

15 აპრილი, 2020 •
ვის არ ეხება შესვლა-გამოსვლის აკრძალვა ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში

15 აპრილის 21:00 საათიდან ქალაქებში – ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში – აკრძალულია შესვლა და ამ ქალაქებიდან გამოსვლა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 14 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს შეზღუდვა 10 დღით იმოქმედებს.

მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ამ 4 ქალაქში შესვლა არ ეკრძალებათ იმ პირებს, რომლებიც ამ ქალაქებში არიან რეგისტრირებულნი, ხოლო გასვლა არ ეკრძალებათ იმ პირებს, რომლებიც სხვა ქალაქებში არიან რეგისტრირებულნი.

მაგალითად, შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, ბათუმში მცხოვრები პირი [რომელიც რეგისტრირებულია ბათუმში] თავისუფლად შემოვა ბათუმში, თუმცა, ქალაქს ვეღარ დატოვებს მანამ, ვიდრე ეს შეზღუდვა იმოქმედებს. ამასთან, ბათუმში მცხოვრები პირი თუ იმყოფება, ვთქვათ, თბილისში, რუსთავში ან ქუთაისში, ის ამ ქალაქებიდან გამოსვლას შეძლებს.

ასევე, პირი, რომელიც სხვაგანაა რეგისტრირებული და შეზღუდვის ამოქმედების დროს, მაგალითად, იმყოფება ბათუმში, ის ბათუმს თავისუფლად დატოვებს ამ შეზღუდვის მოქმედების პერიოდში.

შეზღუდვა ასევე არ ეხება

[checklist]

  • სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;
  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;
  • ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას;
  • ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას;
  • ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე, სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას;
  • სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას;
  • მედიასაშუალებების წარმომადგენელთა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
  • სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას (მიცვალებულის გადასვენება/დაკრძალვა);
  • საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას;
  • კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
  • საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს/ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

[/checklist]

12 აპრილიდან, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში – გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავროკა, სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა და 7 სოფელი ჩაიკეტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი