ახალი ამბები

თუ არ დარჩებით სახლში, ამას ვერ გავუმკლავდებით – ლევან რატიანი

15 აპრილი, 2020 • 1856
თუ არ დარჩებით სახლში, ამას ვერ გავუმკლავდებით – ლევან რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ სხვა შემთხვევაში სამედიცინო სისტემა პაციენტების გაზრდილ ნაკადს ვერ გაუმკლავდება:

“ჩვენს მოსახლეობას მინდა მივმართო. დადგა მომენტი, როცა ერთმანეთს უნდა დავცილდეთ, რადგან აუცილებლად უნდა გადავრჩეთ და დაცილების ერთ-ერთი გზა ფიზიკური დისტანციაა. ძალიან ვთხოვ ყველას, ჩვენ თქვენთვის ვართ, თუმცა ამდენს ვერ აუვალთ, თუ არ დაიცავთ წესს და არ დარჩებით სახლში ფიზიკური დისტანციით”, – ამბობს ლევან რატიანი.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ტელეკომპანია “იმედთან” აცხადებს, რომ ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მთავარი გამოწვევა სამედიცინო პერსონალის მცირე რაოდენობაა.

მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურისგან განსხვავებით, პერსონალის სიმცირეს ვერ შველის თანხების მობილიზება, მათ მომზადებას წლები სჭირდება, რის გამოც ამ მიმართულებას ხარვეზულად აფასებს. რაც შეეხება უშუალოდ ინფექციონისტებს, ტიკარაძის თქმით, საქართველოში 256 ინფექციონისტია რეგისტრირებული, რომლებსაც მხოლოდ 853 პაციენტის მოვლა შეუძლიათ.

15 აპრილის 12 საათის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 10-ით გაიზარდა  კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი. ამჟამად ქვეყანაში 306 შემთხვევაა რეგისტრირებული. აქედან გამოჯანმრთელდა 69 პაციენტი, გარდაიცვალა 3, დანარჩენები კი აგრძელებენ მკურნალობას.

სასუნთქი აპარატების რა მარაგი აქვს ქვეყანას

მასალების გადაბეჭდვის წესი