ახალი ამბები

ეკლესიასთან ტიტების გამყიდველ კაცს, რომელიც პოლიციამ დააჯარიმა, მოქალაქეებმა 5000 ლარი შეუგროვეს

14 აპრილი, 2020 •
ეკლესიასთან ტიტების გამყიდველ კაცს, რომელიც პოლიციამ დააჯარიმა, მოქალაქეებმა 5000 ლარი შეუგროვეს

თელაველ კაცს, რომელიც ეკლესიასთან ტიტების გაყიდვის გამო 3000 ლარით დააჯარიმეს, მოქალაქეებმა მხარდასაჭერად 5000 ლარი შეუგროვეს.

საუბარია 73 წლის მიშა ყარაულაშვილზე, რომელიც რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ბზობის დღესასწაულზე დააჯარიმეს ყვავილების გაყიდვისთვის. მოქალაქე ამბობს, რომ ფული წამლისთვის სჭირდებოდა და სულ 9 ყვავილის გაყიდვა მოასწრო, რაშიც 6 ლარი აიღო.

რადიო თავისუფლების ვიდეოს შემდეგ ფეისბუკზე შექმნილ ჯგუფში: დავეხმაროთ მოხუცებს, მოქალაქეებმა მიშა ყარაულაშვილისთვის თანხის შეგროვება დაიწყეს. დღის ბოლოს ჯგუფის ადმინისტრატორმა დაწერა, რომ 5000 ლარამდე შეგროვდა, რომელსაც გარკვეული თანხა სავარაუდოდ ხვალაც დაემატება, რადგან  დაჯდება სხვა ბანკიდან ჩარიცხვებიც.

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, რომლის დროსაც 3-ადამიანზე მეტის ერთ სივრცეში ყოფნა აკრძალულია,  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ ეკლესიებში მრევლთან ერთად საჯარო მსახურების წესი არ შეაჩერა და არც ზიარების წესი შეუცვლია, მრევლი კვლავ ერთი კოვზით ეზიარება.

პატრიარქის, ილია II-ის გადაწყვეტილებით, მრევლს მიეცა რეკომენდაცია, წირვის მიმდინარეობისას ეკლესიის ეზოში, ღია სივრცეში იყვნენ და ასე მიიღონ ლოცვაში მონაწილეობა, დიდ ტაძრებში კი შეზღუდული რაოდენობით დაესწრონ მსახურებას. ასევე, მოუწოდეს სასულიერო პირებს, წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებში.

“ვაღიარებ აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ბზობის დღეს სახელმწიფო ინსტიტუტებს და პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ემოქმედა უფრო ეფექტურად, ამას ვაღიარებ. მაგრამ ჯარიმების კიდევ უფრო გამკაცრება არ იგეგმება, აღსრულების ნაწილში გამკაცრება და ეფექტურობა იგეგმება”, – განაცხადა დღეს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ.

ამბის გაგრძელება

ეკლესიასთან ტიტების გამყიდველ კაცს 10 ათასი ლარი შეუგროვეს

მთავარი ფოტო © ტვ პირველი

მასალების გადაბეჭდვის წესი