ახალი ამბები

წესების კომიტეტმა საგანელიძისთვის პარლამენტარის სტატუსის შეწყვეტას მხარი დაუჭირა

30 სექტემბერი, 2015 •
წესების კომიტეტმა საგანელიძისთვის პარლამენტარის სტატუსის შეწყვეტას მხარი დაუჭირა

კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა დღეს, 30 სექტემბერს, გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ კომიტეტს წარედგინა საპარტნიორო ფონდის კრების ოქმი, რომლის მიხედვითაც სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საგანელიძის ფონდის აღამსრულებელ დირექტორად დანიშვნის თაობაზე.

 

კახიანის განმარტებით, საგანელიძე დღეიდან საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორია და ეს თანამდებობა პარლამენტის წევრის სტატუსთან არის შეუფერებელი.

 

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი დავით საგანელიძისთვის სტატუსის შეჩერებას. კომიტეტმა შესაბამისი მოთხოვნით მიმართა ბიუროს, რომელიც პარლამენტის პლენარულ ხდომაზე გაიტანს  განსახილველად დავით საგანელიძისთვის სტატუსის შეჩერების საკითხს.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სს ”საპარტნიორი ფონდის” ხელმძღვანელის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე 23 სექტემბერს წარადგინა.

 

დავით საგანელიძე საქართველოს პარლამენტის წევრად 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აირჩიეს კოალიცია ”ქართული ოცნებიდან”. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვამდე საგანელიძე პარტია ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის ამჟამინდელი მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობას ხელმძღვანელობდა. 

 

სს “საპარტნიორო ფონდი”, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი არის სახელმწიფო, 2011 წლის ივნისში დაფუძნდა და მისი საქმიანობის არეალია ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა, შეფერხებული პროექტების დასრულების ხელშეწყობა, განხორციელებული პროექტის განსახელმწიფოებრივება. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის”, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის”, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის”, “ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა” და ნაწილობრივ, „თელასის” აქციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი