ახალი ამბები

16 აპრილს პარლამენტი საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემის საკითხს განიხილავს

14 აპრილი, 2020 • 4044
16 აპრილს პარლამენტი საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემის საკითხს განიხილავს

საგანგებო მდგომაროების დროს პარლამენტი აგრძელებს კანონპროექტის განხილვას, რომლითაც საპატრიარქოს ეკლესია-მონასტრების გარშემო 20 ჰა ტყის მასივის საკუთრებაში ფლობა შეეძლება.

აღნიშნულ ცვლილებას “ტყის კოდექსი” მოიცავს, რომელიც გრემოს დაცვის კომიტეტმა მესამე მოსმენით 16 აპრილს უნდა განიხილოს, რის შემდეგაც მას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

ცვლილებები, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, შედის საქართველოს ტყის კოდექსში, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებში.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია TDI აცხადებს, “სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს კოდექსში ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, (არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში) და ასევე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

ორგანიზაციის თქმით, მიჩენილ ტერიტორიაში იგულისხმება ტყის ფართობი, რომლის მესაკუთრე არის სახელმწიფო, თუმცა, საერთო მართვის უფლებამოსილება აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად. შესაბამისად, საკანომდებლო ცვლილების შემდეგ საპატრიარქოს შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს როგორც ახალი, ასევე, აქამდე მიჩენილი ტერიტორიები:

“დღეს მოქმედი საქართველოს ტყის კოდექსით საქართველოს საპატრიარქოს შეუძლია იყოს ტყის ფონდის მესაკუთრე (მე–9 მუხლი), ასევე, სახელმწიფოსთან ერთად, ჰქონდეს მიჩენილი ტერიტორიების მართვის უფლება. თუმცა ტყის კოდექსი საპატრიარქოსთვის ტყის ფართობის მხოლოდ მიჩენის (მართვის) პროცედურებს აწესრიგებს.

საკანონმდებლო ცვლილებების ერთ–ერთი მიზანი კი ტყის ტერიტორიის საკუთრების უფლებით გადაცემის პროცედურების განსაზღვრაა. “ტყის კოდექსის” კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ტყის ფართობის საკუთრებაში გადაცემა ხდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი უფლება კანონპროექტით სხვა არცერთი სუბიექტისთვის არ არის განსაზღვრული. აღნიშნულს კანონპროექტის ავტორები იმით ხსნიან, რომ ტყის მასივში ეკლესია-მონასტრები საქართველოში მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს.

TDI-ს თქმით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს საპატრიარქოს ქონება შეიძლება გადაეცეს სასყიდლით, რაც შესაძლოა მოხდეს სიმბოლურ ფასადაც, მათ შორის, 1 ლარად:

ორგანიზაცია უარყოფითად აფასებს საპატრიარქოსთვის დამატებითი და ექსკლუზიური პრივილეგიების მინიჭებას და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს ტყის კოდექსში, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონსა და საკანონმდებლო ცვლილების პაკეტით გათვალისწინებულ სხვა ნორმატიულ აქტებში ცვლილების განხილვა, რომელიც დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას:

“ქვეყანა უდიდესი გამოწვევის, COVID-19-ით შექმნილი ეპიდემიის წინაშე დგას. ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ღიად არ ემორჩილება სახელმწიფოს მიერ საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილ წესებს, საქართველოს საპატრიარქოა. კანონის შესაბამისი მკაცრი ზომების გატარებისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაცვლად, ხელისუფლება პერიოდულად მოლაპარაკებებს მართავს მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ამ ნაბიჯით სახელმწიფო საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

სწორედ ამ დროს, ყველასთვის დაძაბულ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები სპეციალური რეჟიმით მუშაობენ, საქართველოს პარლამენტი განიხილავს საპატრიარქოსთვის ახალი ქონებრივი პრივილეგიების მინიჭების საკითხს. ამ ფონზე განსაკუთრებით პრობლემურია საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის დრო და კონტექსტი.

ხელისუფლების მსგავსი ქმედებებით საფრთხე ექმნება კონსტიტუციურ წესრიგს, კიდევ ერთხელ ირღვევა სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის, კანონის უზენაესობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპები”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

ყველა ეკლესიას თავის გარშემო 20 ჰა-მდე ტყის ფლობა შეეძლება – კანონპროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი