ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი: ათეულობით ათას ადამიანს სამსახურებში ვაბრუნებთ

14 აპრილი, 2020 • 1451
ფაშინიანი: ათეულობით ათას ადამიანს სამსახურებში ვაბრუნებთ

“კომენდანტის ახალი რეჟიმის ფარგლებში ათეულობით ათას ადამიანს სამსახურებში დაბრუნების შესაძლებლობა მივეცით და ამ ეტაპზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ მათ პასუხისმგებლობას იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ საკუთარი თანამშრომლების დაინფიცირების რისკის შემცირებას”, – აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა 30 დღით გახანგრძლივდა, თუმცა, გარკვეული ცვლილებებით. კერძოდ, შეზღუდვები მოიხსნა გარკვეულ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის, რომელთაც სამსახურებში დაბრუნების უფლება მისცეს.

ფაშინიანმა რამდენიმე დღის წინ დაასახელა სფეროები, რომელთა საქმიანობაც დასაშვები გახდება. მათ შორისაა, სასოფლო-სამეურნეო და სატყეო საქმიანობა, თევზჭერა, ღია საბადოების ექსპლუატაცია, მშენებლობა ღია სივრცეში, თამბაქოს წარმოება და ა.შ. გარდა ამისა, ნიკოლ ფაშიანის განცხადებით, 20 აპრილიდან გაგრძელდება ტანსაცმლის წარმოებაც, გაიხსნება საყოფაცხოვრებო მაღაზიები.

ასევე, ოფიციალური ცნობით, შეზღუდვები იხსნება მედიის მიმართ, კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საკითხში, რაც მთავრობის განმარტებით, ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებისგან დაიცავდა მოსახლეობას. ამ შემთხვევაში კი მთავრობა მედიას აფრთხილებს, რომ COVID-19-ზე “ფეიკ” ნიუსების გავრცელების შემთხვევაში, შეზღუდვები ისევ დაწესდება.

სომხეთში, დღეის, 14 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირების 1067 შემთხვევაა დადასტურებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი