პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” მიიჩნევს, რომ კანონი და მისი აღრსულება თანაბრად უნდა ეხებოდეს ყველას და როგორც საეკლესიო ცხოვრების წესებსა და კანონებს ადგენს ეკლესია, საერო კანონმდებლობის დადგენა და აღსრულება არის მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლების პასუხისმგებლობა.
“ლელოში” აცხადებენ, რომ თუ კანონი თანაბრად არ გავრცელდება ყველაზე, საგანგებო ვითარებაში შემოღებული დამატებითი შეზღუდვები ვერ შეასრულებს თავის მიზანს და გადაიქცევა ფუჭ და უსამართლო ტვირთად მოქალაქეთა კანონმორჩილი ნაწილისთვის:
“პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ მიიჩნევს, რომ კანონი და მისი აღსრულება თანაბრად უნდა ეხებოდეს ყველას. როგორც საეკლესიო ცხოვრების წესებსა და კანონებს ადგენს ეკლესია და მათ დადგენასა და აღსრულებაში ვერ ჩაერევა და არც უნდა ჩაერიოს სახელმწიფო, საერო კანონმდებლობის დადგენა და აღსრულება არის მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლების უფლება და პასუხისმგებლობა. სწორედ სახელმწიფოა პასუხისმგებელი უზრუნველყოს მის მიერ დადგენილი კანონების ეფექტური აღსრულება.
თუ კანონი თანაბრად არ გავრცელდება ყველაზე, მაშინ საგანგებო ვითარებაში შემოღებული დამატებითი შეზღუდვები ვერ შეასრულებს თავის მიზანს საერთო საფრთხესთან ბრძოლაში და გადაიქცევა ფუჭ და უსამართლო ტვირთად მოქალაქეთა კანონმორჩილი ნაწილისთვის. კანონისადმი ასეთი მიდგომა, მით უფრო, საერთო ეროვნული საფრთხის პირობებში, შეარყევს ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისედაც მყიფე საფუძვლებს”, – აცხადებენ პარტიაში.
“ლელოს” განცხადებით, კანონით გათვალისწინებული დროებითი შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის დროს ღვთისმსახურებაზე ადამიანების დასწრებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად შეამცირებს ვირუსის გავრცელების საფრთხეებს:
“ეკლესია ყველა მორწმუნე ადამიანისთვის სულიერი თავშესაფარია და, ბუნებრივია, განსაკუთრებით გასაჭირის ჟამს სჭირდება ადამიანს სულიერი საზრდო და ნუგეში. თუმცა, კანონით გათვალისწინებული დროებითი შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის დროს ღვთისმსახურებაზე ადამიანების დასწრებასთან დაკავშირებით ვერაფერს დააკლებს ჭეშმარიტ რწმენას, სამაგიეროდ, მნიშვნელოვნად შეამცირებს ვირუსის გავრცელების საფრთხეებს.
საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები მძიმე ტვირთია თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის და როგორც სახელმწიფოს, ასევე თითოეული მოქალაქის ვალია, ეს ტვირთი კი არ დავუმძიმოთ, არამედ შევუმსუბუქოთ ერთმანეთს, ამას კი ვერ შევძლებთ, თუ კანონი თანაბრად არ გავრცელდება ყველას მიმართ. იმედი გვაქვს, ერთობით და ერთმანეთის გაფრთხილებით დავძლევთ პანდემიით გამოწვეულ საერთო ეროვნულ გასაჭირს და ამ კრიზისიდან გაძლიერებულნი გამოვალთ”, – ამბობენ “ლელოში”.
თბილისში მდებარე ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვარს COVID-19 დაუდგინდა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მღვდელმა, რომელსაც ვირუსი დაუდგინდა, რამდნეიმე დღის წინ სხვა სასულიერო პირებთან ერთად იმსახურა.
COVID-19-ზე ტესტი ჩაუტარდეს კიდევ ერთ სასულიერო პირს, რომელსაც პირველი შემთხვევისგან განსხვავებით, ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა. თუმცა ვირუსი დაუდგინდა საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს.
საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, რომლის დროსაც 3-ზე მეტი ადამიანის ერთ სივრცეში ყოფნა აკრძალულია (გარდა მცირე გამონაკლისებისა, რომელთა შორის, კანონის მიხედვით, ეკლესია არაა), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ მსახურება არ შეაჩერა და არც ზიარების წესი შეუცვლია, მრევლი კვლავ ერთი კოვზით ეზიარება.
პატრიარქის, ილია II-ის გადაწყვეტილებით, მრევლს მიეცა რეკომენდაცია, წირვის მიმდინარეობისას ეკლესიის ეზოში, ღია სივრცეში იყვნენ და ასე მიიღონ ლოცვაში მონაწილეობა. დიდ ტაძრებში კი, შეზღუდული რაოდენობით დაესწრონ მსახურებას. ასევე, მოუწოდეს სასულიერო პირებს, წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებში.
მღვდელმა, რომელსაც COVID-19 დაუდგინდა, რამდენიმე დღის წინ ჩაატარა მსახურება – საპატრიარქო