ახალი ამბები

არიგებენ პირბადეებს და საკვებს, ალბათ, ასე უნდა იქცეოდეს ეკლესია – წერილი ქი ვესთიდან

14 აპრილი, 2020 • 3981
არიგებენ პირბადეებს და  საკვებს,  ალბათ, ასე უნდა იქცეოდეს ეკლესია – წერილი ქი ვესთიდან

ავტორი: ანი ბერუკაშვილი. ქი ვესთი, აშშ


უკვე თითქმის 1 თვეა ჩვენი კუნძული ჩაიკეტა. კორონავირუსმა აშშ-ის უკიდურეს სამხრეთ წერტილშიც მოგვაგნო, ამიტომ მერიამ კუნძულ ქი ვესთზე შემომავალი ერთადერთი გზის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

დაიხურა თითქმის ყველაფერი, ბანკების, აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა. პირველ ეტაპზე აქაც იგრძნობოდა პანიკა, დაცარიელდა დახლები, მაგრამ თანდათან ყველაფერი დაუბრუნდა შეცვლილ, თუმცა, შედარებით მშვიდ რიტმს.

კვების ბიზნესი უმეტესად მიტანის სერვისზე გადავიდა. ერთ დღესაც კაფეში, წინასწარ შეკვეთილი სენდვიჩის წასაღებად მისული ადგილობრივი კლინიკის ექიმი შემხვდა. რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ. მე ხელთათმანები მეცვა, თუმცა ნიღაბი არ მეკეთა. ძალიან შეწუხდა. ვუთხარი, რომ ნიღაბი ვერაფრით ვიშოვე, წავიდა და მალევე ნაჭრის რამდენიმე ნიღაბი მომიტანა.

ნიღბებზე პატარა ჯვრები იყო მიკრული. როგორც აღმოჩნდა, ისინი ადგილობრივ ეკლესიებში, საკუთარი ინიციატივითა და ხარჯით, თუმცა ექიმების რეკომენდაციის დაცვით შეკერეს და რადგან ტაძრები ვირუსის გადადების საფრთხის გამო დაკეტილია, სასულიერო პირებმა ნიღბები კლინიკებში მიიტანეს, რათა ექიმებს უფასოდ დაერიგებინათ. მეც მთხოვეს, ვისთანაც ხმა მიმიწვდებოდა, ეს ინფორმაცია გამევრცელებინა. არ ვიცი რატომ, მაგრამ გამიკვირდა. თუმცა ადგილობრივებისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

მოგვიანებით გავიგეთ, რომ ნიღბების დარიგების გარდა ეკლესია ყოველ ორშაბათს საკვებსაც არიგებს. ეკლესიის ეზოში სპეციალური სივრცეა მოწყობილი, მიდიხარ მანქანით, ფეხით ან ველოსიპედით, შესაბამის რიგში დგები, რა თქმა უნდა, დისტანციის დაცვით, და საკვებს იღებ. ამ ყველაფერს პოლიცია არეგულირებს. მნიშვნელობა არ აქვს, ადგილობრივი ხარ, თუ ჩამოსული, კათოლიკე ხარ, მართლმადიდებელი თუ მუსლიმი, ლეგალურად ხარ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუ – არალეგალურად. ეკლესია და მოხალისეები საკვებს ყველას, ყოველგვარი მონაცემების მოთხოვნის გარეშე ურიგებენ. საკვებს, რომელიც შემოწირულობით შეიძინეს იმ მეწარმეებისგან, ვინც შექმნილი მდგომარეობის გამო სურსათს ვეღარ ყიდიან.

ჩვენ ეკლესიის ეზოში მეგობრის მანქანით მივედით. უფასო საკვები მრავალფეროვანია, ბურღულეული, კონსერვები, ხორცი, ხილი და ბოსტნეული, ნატურალური წვენი. გვეკითხებიან, გყავს თუ არა ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვი, ამ შემთხვევაში რაციონს საბავშვო საკვებიც ემატება.

ვიდექით ავტომობილების რიგში, საბარგულს სურსათით ავსებდნენ და ვფიქრობდი, ალბათ, ასე უნდა იქცეოდეს ყველა პასუხისმგებლიანი მორწმუნე ადამიანი, ეკლესია თუ რელიგიური ორგანიზაცია. ამ ადამიანების საქციელი, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში საკვებს აგროვებენ, შემდეგ კი ათასობით ადამიანს ურიგებენ, ბევრად უფრო ჰუმანურია და ბევრად უფრო დიდი გმირობაა, ვიდრე ის, იდგე წირვაზე ამაყად, ამბობდე, რომ შენ არაფერი გადაგედება, იღებდე ზიარებას და ემთხვეოდე ხატებს, თითქოს შენი რწმენა უფრო მეტია, ვიდრე მათი, ვინც ვირუსისგან თავის დასაცავად სახლში დარჩა, ან თუნდაც მათი, ვინც ეკლესია დაკეტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი