ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ დააფუძნეს ქართული ოცნებიდან სხვადასხვა დროს გამოსულმა დეპუტატებმა. მისი წევრები არიან: მარიამ ჯაში, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე.
საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუწოდებს, სოციალური იზოლაციის მასობრივი პოლიტიკისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ონლაინ-კაზინოებზე წვდომა და სათამაშო პლატფორმებზე ფულის გადარიცხვები დროებით შეზღუდოს.
ფრაქციის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა 13 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ Covid-19-ის ფონზე „ჩვენ ვხედავთ ონლაინ აზარტული თამაშების მოხმარების ზრდას“.
მარიამ ჯამის თქმით, ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ სოციალურ ქსელებში საზოგადოების გამოხმაურება მიუთითებს მზარდ ტენდენციაზე.
„ონლაინ-თამაშებზე დამოკიდებულების და მოხმარების ზრდა კიდევ უფრო გააუარესებს ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისებს, ამიტომ ფრაქციის სახელით მივმართავ პრემიერ-მინისტრს, საზოგადოებისთვის სასიკეთო სხვა დეკრეტებთან ერთად, რომელიც იქნა მიღებული, დროებით შეიზღუდოს ონლაინ-კაზინოებზე წვდომა და გადარიცხვები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პლატფორმებზე“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.