საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა თავის მიმართვაში, სადაც COVID-19-თან ბრძოლაში აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობისა და აშშ-ის მიერ აღმოჩენილი დახმარების შესახებ ისაუბრა, განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა საქართველოს კორონავირუსის 2000 სწრაფ ტესტს გადასცემს.
„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გამოუგზავნის 2000 ერთეული მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტის კომპლექტს, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია ვირუსის დადგენა“, — აღნიშნა მან.
გარდა ამისა, დეგნანის თქმით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აპირებს, შეისყიდოს 100 000 ლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა. დეგნანის განცხადებით, აღჭურვილობის მწარმოებელი არის ქართული კომპანია.
„საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო გეგმავს 100 000 ლარის ოდენობის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენასა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას.
ვიპოვეთ ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს ნივთებს, რომლებიც ასე ძალიან სჭირდება სამინისტროს. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია, ვიყიდოთ ის, რაც ქართველებს სჭირდებათ, ქართველი მწარმოებლებისგან. ეს კი ორმაგად მომგებიანია“, — აღნიშნავს ელჩი.
აგრეთვე, დეგნანის განცხადებით, აშშ უკვე დაეხმარა საქართველოს 140 მილიონი დოლარით, რომელიც განკუთვნილი იყი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად, ხოლო ცოტა ხნის წინ ,აშშ-ის საერთაშორისო განვითარების პროგრამის ფარლგებში, საქართველოსთვის გამოიყო 1,1 მილიონი დოლარი — აგრეთვე ჯანდაცვის მიზნებისთვის.
დეგნანმა აგრეთვე განაცხადა, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC), თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო და უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობს.
საქართველოში 13 აპრილის 16 საათისთვის 266 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გამოჯანმრთელდა 67 ადამიანი, გარდაიცვალა 3.