ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, მათ შორის, დღესასწაულებზე, არ დაარღვიონ სოციალური დისტანცირების რეკომენდაცია და შეძლებისდაგვარად დარჩნენ სახლში.
„ჩემი რეკომენდაცია კვლავ რჩება უცვლელი: მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ დავრჩეთ სახლში, გავუფრთხილდეთ ჩვენი ოჯახის წევრებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავაფასოთ ერთმანეთის შრომა და ყველა ის გაწეული რეკომენდაცია მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქემ დაიცვას“, – ამბობს ტიკარაძე.
საქართველოში მართლმადიდებელმა ეკლესიამ გუშინ ბზობა აღნიშნა, მომავალ კვირას კი აღდგომა და თანმდევი საეკლესიო ღონისძიებები უნდა ჩატარდეს.
კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, ბევრმა ქრისტიანულმა, მათ შორის, მართლმადიდებლმა ქვეყანამ სააღდგომო ღონისძიებები გააუქმა. ასე მოხდა, მაგალითად, რუსეთში, სადაც მოსკოვში სააღდგომო მსახურებაზე რისკის გამო უარი თქვეს.
საქართველოში ამჟამად კორონავირუსის 266 შემთხევევა დასტურდება, აქედან 67 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ამჟამად 196 აქტიური პაციენტია, ანუ ის პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და ვინც ახლა მკურნალობას გადის.
