ახალი ამბები

ფბ-მა წაშალა ქართულენოვანი დეზინფორმაცია Covid-19-ზე

10 აპრილი, 2020 • 2277
ფბ-მა წაშალა ქართულენოვანი დეზინფორმაცია Covid-19-ზე

ფეისბუკმა საკუთარ სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიიჩნია და საჯარო თუ დახურული ჯგუფებიდან, ასევე, მომხმარებელთა კედლებიდან, წაშალა დეზინფორმაცია და კონსპირაციული თეორია Covid-19-ზე ტესტირების შესახებ, რომელიც ქართულ ენაზე ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა.

პოსტი შეთქმულების თეორიებით და ანტივაქსერული მითებით არის გაჯერებული: წერია, თითქოს კორონავირუსზე ტესტირება „მასონების პროგრამაა“, რომლის მიზანიც „პლანეტის მოსახლეობის შემცირებაა“ და ა.შ..

ტექსტი, მართალია, პოსტის სახით წაშლილია, თუმცა იგივე კონსპირაცია პირადი შეტყობინებების სახითაც ვრცელდებოდა და ამ ეტაპზე პირადი შეტყობინებებიდან არ არის წაშლილი. ამასთან, ტექსტი, გარკვეული ცვლილებებით, რამდენიმე ადგილას ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.

ფეისბუკი წერს, რომ ამ პოსტის შემცველი „ტექსტი შესაძლოა შეიცავდეს დეზინფორმაციას, რამაც შეიძლება ფიზიკური ზიანი მიაყენოს ადამიანებს“.

„ზოგიერთ შემთხვევაში, [მცდარ ინფორმაციად] ითვლება ინფორმაცია, რომელმაც, როგორც ჯანდაცვის ავტორიტეტული ორგანიზაციები მიიჩნევენ, შესაძლოა, გამოიწვიოს ადამიანების არასწორი ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაავადების მკურნალობა, ან მისი პრევენცია, ან ადამიანებს უბიძგებს საჭირო სამედიცინო მკურნალობის მიღებისგან თავის შეკავებისკენ“, – ასე ასაბუთებს ფეისბუკი პოსტის წაშლას.

პლატფორმის დამფუძნებლების რჩევაა, ადამიანებმა კორონავირუსზე სანდო, უახლესი ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიიღონ — who.int

ამასთან, ქართულ ენაზე კორონავირუსის პანდემიის შესახებ (სიმპტომებზე, მკურნალობაზე და ა.შ) სანდო ინფორმაციის მიღება შესაძლებელია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან — ncdc.ge

ნახეთ ასევე:

კონსპირაციები და დეზინფორმაცია კორონავირუსის შესახებ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი