კორონავირუსის ირგვლივ, რომელმაც ჩინეთში 200-მდე ადამიანი იმსხვერპლა, სხვადასხვა კონსპირაციული თეორია თუ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება.
ფიქსირდება შემთხვევები, როცა თაღლითები კორონავირუსისგან დაცვის სურვილს სათავისოდ იყენებენ.
კორონავირუსის არარსებული „ვაქცინები“ 100 დოლარად
უკრაინელებს ერთ-ერთ საიტზე სთავაზობდნენ კორონავირუსის არარსებული „ვაქცინის“ 2500 გრივნად შეძენას, რაც 100 ამერიკული დოლარის ეკვივალენტია.
„ვაქცინის“ აღწერაში თაღლითებმა მიუთითეს, რომ ის „ისრაელში, საუკეთესო სპეციალისტებმა“ შეიმუშავეს.
ასევე, უკრაინელებს თაღლითები სთავაზობენ, შეიძინონ პირბადეები, რომლებიც კორონავირუსისგან დაცვის ფუნქციით არიან აღჭურვილი. მათი ფასი უფრო დაბალია – 15-დან 350 გრივნამდე მერყეობს.
როგორც გამოცემა „პრავდა“ იტყობინება, საიტზე „ვაქცინის“ შეძენის განცხადება უკვე აღარაა. ამგვარი განცხადებების განთავსება უკრაინაში სისხლის სამართლის კოდექსით – თაღლითობის ბრალდებით ისჯება.
კორონავირუსის „შემცველი“ ბანანები, რომლებიც არ უნდა ჭამოთ
კონსპირაციული თეორიები კორონავირუსის შესახებ ვრცელდება ქართულ ინტერნეტ-სივრცეში – მაგალითად, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კორონავირუსს ბანანებში სპეციალურად „უშვებდნენ“ და შემდეგ სსხვადასხვა ქვეყანაში ავრცელებდნენ.
„ინფიცირებული“ ბანანების შესახებ ინფორმაცია რუსულ ინტერნეტ-სივრცეშიც ვრცელდება. ვირუსულ შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ „ცენტრალურმა ტელეარხმა“ მოქალაქეებს მოუწოდა, ბანანების ჭამაზე უარი ეთქვათ. განსაკუთრებული ყურადღება „სამხრეთიდან ჩამოტანილ ბანანებზე“ გაამახვილეს.
ჩინური „რედ ბული“ და „წინასწარმეტყველების ორცხობილა“ ვირუსს შეიცავენ
როგორც „გარდიანი“ წერს, Facebook-ზე არსებული ერთ-ერთი ყალბი გვერდი ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს ზოგი პროდუქტი – უფანგის ბრინჯი, წინასწარმეტყველების ორცხობილები, რედ ბული და სხვა – კორონავირუსის მატარებელია.
გვერდის პოსტი იმდენად გავრცელდა, რომ ახალი სამხრეთ უელსის შტატის შესაბამისმა უწყებამ განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია ყალბი იყო.
and these child care centres in Wentworthville and Wiley Park pic.twitter.com/dJNdjj1Hw2
— Ben Mc (@McElstuff) January 28, 2020
„ბიოლოგიური იარაღი“
„გარდიანს“ მაგალითად მოჰყავს The Washington Times-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია. გამოცემა ირწმუნებოდა, რომ კორონავირუსის გავრცელება შეიძლება კავშირში იყოს ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან. გამოცემას მოჰყავდა ისრაელის დაზვერვის ყოფილი წარმომადგენლის პოზიცია, რომელმაც განაცხადა, რომ ვირუსი ბიოლოგიური იარაღი შეიძლება იყოს.
საპასუხოდ, „The Washington Post“ ესაუბრა დარგის ექსპერტებს, რომელთა თქმითაც, ვირუსის გენომის გათვალისწინებით, მისი ხელოვნური წარმოშობის ალბათობა არ არსებობს. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) პროფესორმა ვიპინ ნარანგმა დაწერა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, თითქოს კორონავირუსი ბიოლოგიური იარაღია, ხოლო რომც ყოფილიყო, ცუდი [იარაღი] იქნებოდა, რადგანაც კარგი ბიოლოგიური იარაღი უფრო ძლიერი უნდა იყოს და ასე მარტივად არ ვრცელდებოდეს.
„წინასწარ დაგეგმილი სცენარი“
კიდევ ერთი შეთქმულების თეორიის თანახმად, კორონავირუსის გავრცელება „წინასწარ დაგეგმილი სცენარია“. ასეთი შინაარსის ინფორმაცია QAnon-ის შეთქმულების თეორიის მხარდამჭერმა, ჯორდან სათერმა გაავრცელა. მისი თქმით, ვირუსის გავრცელება სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას სპეციალურად დაამთხვიეს.
სათერს მტკიცებულებად მოჰყავდა კომპანია, რომელსაც მინიჭებული აქვს კორონავირუსის კვლევის უფლება და კავშირები აქვს ბილ და მელინდა გეიტსების ფონდთან. კომპანია Pirbright -მა განცხადება გამოაქვეყნა. მათი თქმით, ისინი იკვლევენ ინფექციური ბრონქიტის ვირუსს, რომლითაც დაავადება ღორებსა და ფრინველებს სჩვევიათ, თუმცა არა ადამიანებს.
CNN წერს, რომ „Facebook“, „Google“ და „Twitter“ კორონავირუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას შეებრძოლებიან.
კორონავირუსით ჩინეთსა და მსოლფიოს 20-მდე ქვეყანაში 10 000-მდე ადამიანი დაავადდა. გარდაიცვალა დაახლოებით 200 ადამიანი, ხოლო განიკურნა 150-ზე მეტი. დაავადებულთა ძირითადი ნაწილი ჩინეთში, ქალაქ ვუჰანსია კონცენტრირებული.