უფლებადამცველი ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) საქართველოს მთავრობასა და იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს, გაითვალისწინონ მოქალაქეების შესაძლო მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და კორონავირუსის პანდემიის პირობებში დროებით მაინც შეაჩერონ დაყადაღებისა და საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის პროცედურები.
Covid-19-ის პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობამ შეაჩერა აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ნაწილი, მათ შორის, ადამიანების გამოსახლების პროცესი. თუმცა, შემდგომი გადაწყვეტილებებით, გარკვეული პროცედურები — აუქციონები, დაყადაღებები და ვალების დასაფარავად ხელფასიდან თუ პენსიიდან თანხის ჩამოჭრა — ფაქტობრივად, აღადგინა.
როგორც EMC წერს, 6 აპრილს საქართველოს იუსტიციის მინისტრის N 515 ბრძანებით განსხვავებულად მოწესრიგდა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში სააღსრულებო წარმოების ცალკეული ასპექტები.
„მათ შორის, შეჩერდა უძრავი ქონებიდან გამოსახლების პროცედურები. საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებიდან იკვეთება, რომ ამ პროცედურების შეჩერებას საფუძვლად არა ადამიანების უსახლკარობისგან დაცვა, არამედ კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, აღმასრულებლების საცხოვრისში მისვლასთან დაკავშირებული ტექნიკური სირთულეები უდევს“.
ამასთან, ორგანიზაციის თანახმად, ირკვევა, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუნარჩუნდა უფლებამოსილება, საგანგებო მდგომარეობის მიმდინარეობისას გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება (გამოსახლების თარიღის მითითების გარეშე) მოვალეს. გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულებისათვის გათვალისწინებული 10-დღიანი ვადის ათვლა კი დაიწყება საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე.
„COVID-19-ის ეპიდემიის მიმდინარეობისას მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის უპრეცედენტოდ გაზრდა, უპირველესად, შემოსავლის შემცირებით ან შეწყვეტით არის განპირობებული. შემოსავლის მასობრივი დაკარგვა განსაკუთრებით კრიტიკული ხდება იმ ვითარებაში, როცა მოსახლეობის 88%-ს დანაზოგი არ აქვს, ქვეყნის ნახევარზე მეტს კი საბანკო სესხი აქვს აღებული. საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე მათთვის შეუძლებელი თუ არა, უკიდურესად რთული იქნება შემოსავლის წყაროს დაუყოვნებელი აღდგენა. ერთი მხრივ, ამ პრობლემის, ხოლო, მეორე მხრივ, მთელი ქვეყნის მასშტაბით საცხოვრისის სერვისების სიმწირის გამო, აღსრულების ამგვარი ვადების დადგენა სოციალურ საჭიროებებს უარყოფს და გადასახედია“, – აცხადებს ორგანიზაცია.
EMC-ის თანახმადვე, იმის მაგივრად, რომ სახელმწიფო ზრუნავდეს პირებისა და შინამეურნეობების მაქსიმალურ მხარდაჭერაზე, ამგვარი ნაბიჯები, პირიქით, უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს მოსახლეობას.
„ეს გადაწყვეტილებები გვაფიქრებინებს, რომ სახელმწიფო, საგანგებო მდგომარეობის პირობებში გასატარებელი ზომების შემუშავებისას, ხელმძღვანელობს არა საჯარო, არამედ კერძო ინტერესით. მაშინაც კი, როცა გლობალური პანდემია მოსახლეობის დიდ ნაწილს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს, ის აგრძელებს საფინანსო ბიზნესისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნასა და განმტკიცებას“, – წერს ორგანიზაცია.
„სახელმწიფო ვალდებულია გაითვალისწინოს მოსახლეობის საჭიროებები და პანდემიის პირობებში არსებული მძიმე გამოწვევების ფონზე სოციალური კრიზისის თავიდან ასაცილებლად მხარი დაუჭიროს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს“.
ამ მიზეზების გათვალისწინებით, EMC მთავრობას და იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს:
- შეჩერდეს აუქციონების, საბანკო ანგარიშებზე ყადაღისა და თანხების ჩამოჭრის საკითხები, სულ მცირე, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე;
- გადაიხედოს გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულების ვადები, რათა მოხდეს შინამეურნეობების უკიდურესად მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩენის პრევენცია;
- გადაიდგას ნაბიჯები სააღსრულებო წარმოებას დაქვემდებარებული პირებისა და შინამეურნეობების მხარდაჭერის (მათ შორის, ფინანსური მხარდაჭერის) მიზნით;
- ისეთი ნაბიჯების გადადგმის დროს, რომელიც ეხება პირების სოციალური დაცვის ან/და სათანადო საცხოვრებლის უფლებას, სახელმწიფომ იხელმძღვანელოს არა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის, არამედ ზემოაღნიშნული უფლებრივი სტანდარტებით.
ვრცლად ამ საკითხზე:
გამოსახლება შეჩერდა — აუქციონები, დაყადაღება და თანხის ჩამოჭრა გრძელდება