ახალი ამბები

გამოსახლება შეჩერდა — აუქციონები, დაყადაღება და თანხის ჩამოჭრა გრძელდება

9 აპრილი, 2020 •
გამოსახლება შეჩერდა — აუქციონები, დაყადაღება და თანხის ჩამოჭრა გრძელდება

Covid-19-ის პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობამ შეაჩერა აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ნაწილი, მათ შორის, ადამიანების გამოსახლების პროცესი. თუმცა, შემდგომი გადაწყვეტილებებით, გარკვეული პროცედურები — აუქციონები, დაყადაღებები და ვალების დასაფარავად ხელფასიდან თუ პენსიიდან თანხის ჩამოჭრა — ფაქტობრივად, აღადგინა.

როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, გიორგი ანთაძე „ნეტგაზეთს“ უამბობს, უკვე არსებობს მაგალითები, თუ როგორ უარყოფითად აისახება ეს გადაწყვეტილებები მოქალაქეებზე Covid-19-ით შექმნილი ეკონომიკური კრიზისის პირობებში.

თავდაპირველი გადაწყვეტილება

21 მარტს საქართველოში კორონავირუსული პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ორ დღეში, 23 მარტს, მთავრობამ გამოსცა დადგენილება ქვეყანაში ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი სხვადასხვა ღონისძიებების დამტკიცების შესახებ (დადგენილება #181).

181-ე დადგენილების მე-12 მუხლით შეიზღუდა აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობა, კერძოდ:

  1. სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის საქმეებზე დანიშნული სააღსრულებო მოქმედებები (იგივე გამოსახლება);
  2. მოვალისთვის ვალის გადახდევინება:
    1. ქონებაზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით;
    2. მისი ხელფასიდან,  პენსიიდან, სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლიდან/ფულათი თანხიდან/ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრით („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აღმასრულებლის/კერძო აღმასრულებლის უფლებამოსილებები)
  3. ფაქტების კონსტატაციის მიზნით დაწყებული წარმოებები [ფაქტების კონსტატაცია გულისხმობს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღქმადი ფაქტის დადგენას/დადასტურებას];
  4. ასევე, შეჩერდა დემონტაჟის საკითხები და ა.შ.

„საიას“ იურისტი გიორგი ანთაძე გვეუბნება, რომ მთავრობის ამ დადგენილების მიზანი იყო, დროებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, სახელმწიფოს გამოერიცხა მოქალაქის საცხოვრებლის და საარსებო წყაროს გარეშე დატოვების შესაძლებლობა. თუმცა შემდეგ დღეებში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ვითარება კვლავ გააუარესა.

„მოქალაქეს მთლიანად ჩამოეჭრა ხელფასი“

როგორც გიორგი ანთაძე განმარტავს, 181-ე დადგენილების მე-12 მუხლი, რაც ზემოთ ჩამოთვლილ შეზღუდვებს აწესებდა, 30 მარტის 204-ე დადგენილებით, გაუქმდა. მე-12 მუხლი 181-ე დადგენილების ახლანდელ, მოქმედ რედაქციაში საკანონმდებლო მაცნეზე მთლიანად ამოღებულია.

ანთაძის თანახმად, შეიძლება ითქვას, სხვა არაერთი ცვლილების ფონზე, ეს ცვლილება უჩუმრად გავიდა, თუმცა ორგანიზაციაში ეს მალევე შეამჩნიეს: 

„დაგვიკავშირდა მოქალაქე, რომელმაც გვიამბო, რომ ჰქონდა ძველი, რამდენიმე თვით ადრინდელი ჯარიმა საპატრულო პოლიციისგან. მოულოდნელად, როდესაც ხელფასი უნდა აეღო, აღმოაჩინა, რომ ხელფასი მთლიანად ჩამოეჭრა. ანუ ავტომატურად ჩამოაჭრა აღმასრულებელმა ხელფასის 100%“.

იურისტის თანახმად, გარდა იმისა, რომ აღმოაჩინეს, მთავრობის გადაწყვეტილება შეცვლილი იყო, ამ შემთხვევაში სხვა პრობლემაც გამოიკვეთა:

„აღმასრულებელს ხელფასის სრული, 100%-ის დაკავების უფლება არა აქვს. მას 50% უნდა დაეკავებინა. თუმცა თუნდაც თანხის ნახევრის დაბრუნებას მოქალაქე ვერ ახერხებს. ეს იმის გამო, რომ იმავე, 181-ე დადგენილებით შეჩერებულია როგორც ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის, ასევე, ადმინისტრაციული წარმოების ვადები. შესაბამისად, ახლა რომც იჩივლოს, ძალიან სათუოა, რამდენად მოახერხებს ამ 50%-ის დაბრუნებას“, – ამბობს იურისტი.

ამავე დადგენილების მე-11 მუხლში შესული ცვლილებით, იუსტიციის მინისტრს მიენიჭა არაერთი უფლებამოსილება, მათ შორის აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის საქმიანობის განსხვავებული წესის განსაზღვრის შესაძლებლობა. 

შემდეგი ცვლილებები

6 აპრილს იუსტიციის მინისტრმა გამოსცა 515-ე ბრძანება, რითაც სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საკითხის დადგენილისგან განსხვავებულ წესები დაადგინა. თანაც ისე, რომ, როგორც ანთაძე გვეუბნება, „ძალიან დიდი განსხვავება გააჩინა 181-ე დადგენილებასთან“.

კერძოდ, მართალია, 515-ე ბრძანებით კვლავ შეჩერებულია უშუალოდ გამოსახლების პროცესი, „ყადაღის დადება იმ მოძრავ ნივთებზე, რომლებიც განთავსებულია საცხოვრებელ სადგომში“, ასევე, ფაქტების კონსტატაცია. თუმცა, ანთაძის სიტყვებით, „ის ვაკუუმი, რაც არსებობს ხელფასებიდან, პენსიებიდან, სტიპენდიებიდან თანხის ჩამოჭრაზე, არ შეივსო — ამ საკითხებზე არაფერი წერია ბრძანებაში, რის გამოც, შეიძლება ითქვას, ეს ყველაფერი პრაქტიკაში შეიძლება გაგრძელდეს“.

ეს ნიშნავს, რომ, შეიძლება მოქალაქეები, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულის ფონზე, შემდეგი სახის დამატებითი სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ: 

  • გრძელდება აუქციონები ქონების გაყიდვის მიზნით;
  • დაედოს ყადაღა მათ კუთვნილ მოძრავ ქონებას (ისეთს, რაც უშუალოდ სახლში [„საცხოვრებელ სადგომში“] არა აქვთ);
  • დაედოს ყადაღა მათ საბანკო ანგარიშებს;
  • ხელფასიდან, პენსიიდან, საბანკო ანგარიშებიდან თანხა ჩამოეჭრათ;

„ეს კიდევ უფრო მასობრივი პრობლემაა, ვიდრე გამოსახლების საკითხი“, – ამბობს იურისტი გიორგი ანთაძე. 

დასაბუთება

რამდენად იყო მთავრობის გადაწყვეტილება ნაკარნახევი ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფის, – საცხოვრებლის დაკარგვის დაუყოვნებელი რისკის წინაშე მდგარი მოქალაქეების, — ინტერესების დაცვით?

6 აპრილს, როდესაც გამოსახლებაზე ერთგვარი მორატორიუმის [ეს სიტყვა მას არ უხსენებია] გაგრძელების შესახებ ამცნო საზოგადოებას, წულუკიანმა გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ ეს „საქმიანობა კავშირშია საცხოვრისში მისვლასთან“.

„ერთადერთი, რასაც აღსრულების ეროვნული ბიურო საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე და ვირუსის აღმოფხვრამდე არ განახორციელებს, ეს გახლავთ პირველ რიგში გამოსახლებები, ვინადაინ ამგვარი საქმიანობა კავშირშია საცხოვრისში მისვლასთან“, – განაცხადა მან.

როგორც გიორგი ანთაძე შენიშნავს, „კონკრეტულ შემთხვევაში ერთადერთი, რაც ითქვა და რაზეც ყურადღება გამახვილდა, რითაც აიხსნა ეს შეზღუდვა, იყო არა ის, რომ მოქალაქე არ დაეტოვებინათ საცხოვრებლის, საარსებო წყაროს გარეშე, არამედ იმით, რომ ბევრი ხალხის კონცენტრირება არ მომხდარიყო“…

„ნეტგაზეთი“ ეცდება გარკვევას, რატომ მიიღეს მთავრობაში/იუსტიციის სამინისტროში მსგავსი გადაწყვეტილება


გამოსახლებებზე

უფლებადამცველები არაერთი წელია, საქართველოში არსებულ გამოსახლების პრაქტიკას აკრიტიკებენ. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) აცხადებს, რომ ე.წ. საპოლიციო გამოსახლების გაუქმების მიუხედავად, ქვეყანაში ამ მიმართულებით მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა:

„არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის დიდი ნაწილი საერთაშორისო სტანდარტებთან კვლავ შეუსაბამო რჩება. გამოსახლების რისკის წინაშე მდგომი და გამოსახლებას დაქვემდებარებული შინამეურნეობების მნიშვნელოვანი რაოდენობა უმძიმეს სოციალური მოწყვლადობის მდგომარეობაში, მათ შორის, უსახლკაროდ, აღმოჩენის რისკის ქვეშ არიან“, – წერს EMC 2020 წლის თებერვალში გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციითვე, უკანასკნელ პერიოდებში გამოსახლების შესახებ საქმისწარმოებათა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა:

„ბოლო ორი წლის განმავლობაში სსიპ-აღსრულების ეროვნულ ბიუროში უძრავი ქონების მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ 1300-ზე მეტი განცხადება შევიდა, რაც პრაქტიკულად უახლოვდება 2014-2017 წლების დაჯამებულ ანალოგიურ მაჩვენებლებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი