ახალი ამბები

“ეროვნული ბანკის თანამშრომლები კოლექტიური თვითიზოლაციისას დაინფიცირდნენ” – იმნაძე

10 აპრილი, 2020 • 1156
“ეროვნული ბანკის თანამშრომლები კოლექტიური თვითიზოლაციისას დაინფიცირდნენ” – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ეროვნული ბანკის თანამშრომლების ინფიცირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათ კორონავირუსი “კოლექტიურ თვითიზოლაციაში” ყოფნისას შეეყარათ.

იმნაძე აღნიშნავს, რომ რეკომენდაციის შესაბამისად, ეროვნულ ბანკს თანამშრომლები ორ ჯგუფად ჰყავდა დაყოფილი. კერძოდ, ერთი ჯგუფი ორი კვირის განმავლობაში მუშაობდა, შემდეგ მეორე ენაცვლებოდა, პირველი ჯგუფი კი კარანტინთან მიახლოებულ პირობებში იმყოფებოდა ორი კვირის განმავლობაში:

“ყველა იმ დაწესებულებას, რომელიც მუშაობას ვერ შეაჩერებს, ჩვენ ჯერ კიდევ ორი თვის წინ მივეცით რეკომენდაცია, რომ თანამშრომლები გაყონ ბრიგადებად. მაგალითად, ეს ხორციელდება ჩვენთან, ლუგარის ცენტრში. ანუ, ერთი ნაწილი მუშაობს ორი კვირა და მეორე ნაწილი ამ დროს იმყოფება კარანტინთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში”, – ამბობს პაატა იმნაძე.

მისი თქმით, სწორედ ამ კარანტინთან მიახლოებულ პირობებში მყოფ თანამშრომლებს დაემართათ COVID-19:

“სამწუხაროდ, ამ კოლექტივში ვირუსის შევიდა და ამან დიდი რაიოდენობით ადამიანის დაინფიცირება გამოიწვია. ეს არ მომხადარა სამუშაო პირობებში, ეს მოხდა კოლექტიური თვითიზოლაციის პირობებში”, – ამბობს იმნაძე.

მისი თქმით, ისეთი სამსახურებისთვის, რომლებსაც მუშობის შეწყვეტა არ შეუძლიათ, თანამშრომლების ჯგუფებად დაყოფის რეკომენდაცია კვლავ ძალაშია და ეფექტიანია, თუმცა საჭიროა ზომების მკცრად დაცვა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი