ახალი ამბები

ექიმმა კარანტინში მოთავსებული ქალი შეავიწროვა – “საფარი”

8 აპრილი, 2020 • 4205
ექიმმა კარანტინში მოთავსებული ქალი შეავიწროვა – “საფარი”

კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელისმ ბაია პატარაიას განცხადებით, ექიმმა კარანტინში მოთავსებული ქალი შეავიწროვა.

პატარიას ინფორმაციით, შემთხვევა მარტის ბოლოს მოხდა და დაზარალებულის ინტერესებს “საფარი” წარმოადგენს.

“კარანტინში იყო მოთავსებული ახალგაზრდა ქალი, რომელიც შეამოწმა ექიმმა. რეალურად, სექსუალურ შევიწროებას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ექიმმა ამ ქალს მოსთხოვა, რომ გაეხადა ფილტვების მოსასმენად. ამ გოგონამ უარი განაცხადა სრულ გაშიშვლებაზე. მას შემდეგ, რაც ფილტვებს მოუსმინა და ლიფი შეუხსნა, ექიმმა პაციენტს მოსთხოვა დაწოლილიყო, რათა მისთვის სახსრები გაესინჯა. ამ პროცესში, როდესაც “სახსრებს უსინჯავდა”, არაერთხელ ჰქონდა ადგილი ძალიან არასასიამოვნო შეხებას”, – განაცხადა პატარაიამ.

მისი თქმით, არაერთ ექიმთან გაიარა კონსულტაცია და შეეცადა, ვირუსზე შემოწმების სტანდარტი გაერკვია.

“არაფერ შუაში არ არის აქ სახსრების შემოწმება. მაქსიმუმი არის ტემპერტურის გაზომვა, ფილტვების მოსმენა და შემდგომ უკვე რენტგენი”, – აღნიშნა ბაია პატარაიამ.

ბაია პატარაიას თქმით, შემთხვევის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმა, გამოიკითხა ექიმი, რომელმაც დაადასტურა კარანტინში მოთავსებული ქალის “ასეთი გასინჯვის ფაქტი”.

ომბუდსმენის აპარატში დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ადასტურებენ, რომ ამ საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს.

ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და სამედიცინო რეგულირების სააგენტო, რომელთაც ასევე მიეწოდა ინფორმაცია, დროულ რეაგირებას არ ახდენენ.

“აუცილებელია, ეს კონრკეტული ადამიანი დროებით მაინც ჩამოშორდეს საქმიანობას, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტილება იქნება მიღებული ომბუდსმენის მიერ, ვინაიდან იგი წარმოადგენს საფრთხეს სხვა პაციენტებისთვის”, – განაცხადა პატარაიამ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი