ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი ახალი კონსტიტუციის მისაღებად რეფერენდუმისთვის ემზადება

23 სექტემბერი, 2015 •
სომხეთი ახალი კონსტიტუციის მისაღებად რეფერენდუმისთვის ემზადება

სომხეთის იუსტიციის სამინიტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დოკუმენტში აღწერილია ქვეყნის კონსტიტუციური საფუძვლები, მოქალაქეების ძირითადი თავისუფლებები და მოვალეობები, ხელისუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო შტოების ფორმირების მექანიზმები, პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის მოვალეობები და უფლებები.

სომხეთის პარლამენტი
სომხეთის პარლამენტი

 

პროექტის მიხედვით, ეროვნული კრება (პარლამენტი) აირჩევა ხუთი წლის ვადით, პროპორციული სისტემით და შედგება 101 დეპუტატისგან (ამჟამად პარლამენტში 131 დეპუტატია, რომელთა ნაწილი მაჟორიტარული სისტემით აირჩევა). იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებით ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს უმრავლესობის ფორმირებას, ჩატარდება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ორი პოლიტიკური პარტია ან ბლოკი მიიღებს მონაწილეობს, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს პირველ ტურში. არჩევნებში მონაწილე პარტიები ვალდებულნი არიან დაასახელონ პრემიერის კანდიდატურა და წარმოადგინონ მთავრობის პროგრამა.

 

ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტი აირჩევა 7 წლით და მხოლოდ ერთი ვადით (კონსტიტუციის ამჟამინდელი რედაქციით, აირჩევა ხუთი წლით და არაუმეტეს ზედიზედ ორი ვადით). პარლამენტის სპიკერი და მთავრობის მეთაური კი შეიძლება არჩეული იქნან ზედიზედ ორზე მეტი ვადით. მოქმედი სისტემისგან განსხვავებით, კონსტიტუციის ახალი პროექტი არ ითვალისწინებს პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევას: სახელმწიფოს მეთაური აირჩევა ამომრჩეველთა ჯგუფის მიერ, რომელიც დგება პარლამენტის დეპუტატებისგან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისგან.

 

პრეზიდენტის კანდიდატურის წამოსაყენებლად აუცილებელია ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ ⅕. პრეზიდენტად აირჩევა კანდიდატი, რომელიც მიიღებს მინიმუმ ხმების ⅗-ს. თუკი პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ხმების საჭირო რაოდენობას, ცხადდება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველი ტურის ყველა კანდიდატი, თუმცა გამარჯვებისთვის უკვე აუცილებელია ამომრჩეველთა არანაკლებ ნახევრის ხმების მიღება. თუკი ამ შემთხვევაშიც ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ხმების საჭირო რაოდენობას, ცხადდება მესამე ტური, რომელშიც ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობს, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმები მიიღეს და გამარჯვებული ხდება ის, ვინც მიიღებს ხმების უფრო მეტ რაოდენობას.

 

პრეზიდენტს ექნება უფლება, დანიშნოს ელჩები და მიანიჭოს დიპლომატიური რანგი, დანიშნოს შეიარაღებული ძალების მეთაურები და მიანიჭოს სამხედრო წოდებები იმ კანდიდატებიდან, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი შეთავაზებს. კონსტიტუტიის მოქმედი რედაქციით კი პრეზიდენტი თავად იღებს გადაწყვეტილებას ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე და დამოუკიდებლად ნიშნავს კადრებს. საომარი მდგომარეობის შემთხვევაში შეიარაღებული ძალების მეთაური ხდება პრემიერ-მინისტრი. ახლა უმაღლესი მთავარსარდალი პრეზიდენტია.

 

ოპოზიციამ იმთავითვე განაცხადა, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო რეფორმებს ახორციელებს საკუთარი მმართველობის გადაკეთებისა და ხელახლა განხორციელების მიზნით. იმის მიუხედავად, რომ თავად პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ არ აპირებს კენჭისყრას არც ერთ ზემოთ ხსენებულ უმაღლეს თანამდებობაზე ქვეყანაში (პარლამენტის მეთაური, პრემიერი და პრეზიდენტი), ხალხს არ სჯერა, რომ არ მოხდება ხელისუფლების გადაცემა და უმაღლეს თანამდებობებზე, მინისტრებისა და დეპუტატების სავარძლებში ისევ ძველი, ნაცნობი სახეები არ აღმოჩნდებიან ოლიგარქებიდან ან უბრალოდ მდიდარი ადამიანებიდან, რომლებიც ახლა განსაკუთრებით დაახლოებულნი არიან ხელისუფლებასთან.

 

ახალი კონსტიტუციის წინააღმდეგ გამოდის რამდენიმე პარტია, ისეთი, როგორებიცაა “თავისუფალი დემოკრატები”, სომხეთის ეროვნული კონგრესი, “მემკვიდრეობა”, სახალხო პარტია და ასევე პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივისტები, რომლებიც ცოტა ხნის წინ იყვნენ ხელისუფლებაში. მათ რიცხვშია პარლამენტის დეპუტატების ჯგუფი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვარდან ოსკანიანი და სხვები.

 

ამასთან, იმის მიუხედავად, რომ რეფერენდუმი შესაძლოა უკვე ნოემბერში ჩატარდეს, საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ განსაზღვრული კოალიცია ჯერ არ არსებობს. გაჩნდა პრაქტიკულად შეუმჩნეველი მოძრაობები – “არა!” და “ვერ ჩაატარებთ!” – რომლებიც მალე აპირებენ გამართონ დიდი ფორუმი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების მონაწილეობით, სადაც განიხილება საკონსტიტუციო რეფორმის მოწინააღმდეგეების შემდგომი მოქმედებები. საკონსტიტუციო რეფორმის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ სომხეთში ახალი ძირითადი კანონის მიღების შემდეგ, პოლიტიკური ხელისუფლება იქნება აღრეული, მათ შორის მთავარსარდლის ფუნქციები. მაგალითად, როგორ შეძლებს მთავარსარდალი პრემიერ-მინისტრი მოექცეს გენშტაბის უფროსს, თუკი იგი უარს იტყვის შეასრულოს მისი რომელიმე ბრძანება მაშინ, როცა მისი თანამდებობიდან მოხსნა შეუძლია მხოლოდ პრეზიდენტს? ასეთი საკითხები ბევრია.  

 

სერიოზული კონტრპროპაგანდა საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ არც ყოფილა და არც ახლაა. როგორც ჩანს, ოპოზიცია მოლოდინის რეჟიმშია და შიდა კონსულტაციებს ატარებს. ცხადია, ოპოზიციას კარგად ესმის, რომ საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს კონსტიტუცია, თუკი მისი სოციალური პრობლემები მოუგვარებულია, მცირდება სამუშაო ადგილები, ხალხი ტოვებს ქვეყანას როგორც სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების, ისე ქვეყანაში ცუდი მორალურ-ფსიქოლოგიური ატმოსფეროს გამო. ბევრს არ აქვს მისი პრობლემების სამართლიანად გადაწყვეტის იმედი და მიემგზავრება.

 

ასეა თუ ისე, ქვეყანაში არც ისე ცოტა ადამიანია, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რეფერენდუმამდე საქმე შეიძლება სულ ვერ მივიდეს. როგორც ჩვენთან საუბარში ერთ-ერთმა დიპლომატმა განაცხადა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, სომხეთი ნაკლებად გადაიქცევა საპარლამენტო რესპუბლიკად მაშინ, როცა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი სხვა ქვეყნები – რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი – საპრეზიდენტო ქვეყნებია. წყაროს აზრით, არსი იმისა, რაც ხდება, მდგომარეობს პრეზიდენტის ინსტიტუტის ლიკვიდაციაში, რომელიც ქვეცნობიერად არის სომხეთის სახელმწიფოებრიობის საფუძველი. კონსტიტუციის შეცვლით კი ხელისუფლება შეგნებულად ცდილობს მოაშოროს ხელისუფლების ფსიქოლოგიური ლეგიტიმურობის ფუნდამენტური მექანიზმი. ეს იმისთვის კეთდება, რომ საკუთარი არსებობა გაიხანგრძლივოს კოლექტიური უპასუხისმგებლობის პირობებში, – დაასკვნა წყარომ და დაამატა, რომ რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაშიც კი- ის ჩატარდება იმავე სქემით, როგორც ყველა წინა არჩევნები ყველა დონეზე – ხალხი თვითონ არ მივა საარჩევნო უბნებზე, მათ მიიყვანენ და ხელისუფლებისთვის საჭირო შედეგი გაყალბების გზით დადგება.

 

“თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე ანუშ სედრაქიანი ფიქრობს, რომ ახალი კონსტიტუცია არ ახდენს იმის არგუმენტირებას, თუ რა შეიცვლება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მმართველობის სისტემის საპრეზიდენტოდან საპარლამენტოთი შეცვლის შედეგად.  

 

“ჩვენ უკვე გვქონდა ახალი კონსტიტუციები, მაგრამ მათ არავითარი გავლენა არ მოუხდენია სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაზე, მოსახლეობაში მიგრაციის შემცირებაზე, ეკონომიკურ ზრდაზე და ა.შ.” – ამბობს ის და იხსენებს, რომ სომხეთის 2015 წლის დასაწყისიდან არის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, სადაც წევრი სახელმწიფოს მეთაურები თავისუფლად ცვლიან კონსტიტუციას, რომლითაც ინაჩუნებენ უზურპატორული მმართველობის სისტემას.

მანამ, სანამ დღის თემად ახალი კონსტიტუცია რჩება სომხეთში, ცხოვრების პირობები არ უმჯობესდება და წყალგამყოფი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის კიდევ უფრო ფართოვდება.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი