ახალი ამბები

მინისტრი ადასტურებს, რომ გლდანში მდებარე შენობაში დევნილები “თვითიზოლაციაში არიან”

8 აპრილი, 2020 • 1567
მინისტრი ადასტურებს, რომ გლდანში მდებარე შენობაში დევნილები “თვითიზოლაციაში არიან”

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე “ნეტგაზეთის” კითხვაზე, თუ რა რეჟიმი მოქმედებს გლდანში მდებარე დევნილთა დასახელბაში, სადაც ერთ-ერთი ოჯახის რამდენიმე წევრს COVID-19 დაუდგინდა, ამბობს, რომ ამ შენობაში მცხოვრები პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

რაც შეეხება ზომებს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ადგილზე  იყო მიღებული და რომელთა შესახებაც, ამირან გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს რეკომენდაცია არ გაუცია, მინისტრი ამბობს, რომ საჭირო ღონისძიებების ჩატარების გასამარტივებლად იქნა შემოღებული:

“იმისათვის, რომ შეგვექმნა კომფორტული გარემო ჩვენი ექიმებისთვის და მათ ჩაეტარებინათ ყველა ის მოსაძიებელი საჭირო ღონისძიება და ამ დასახლებაში არ შექმნილიყო გლობალური პრობლემა, ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ. ჩვენ კიდევ ვმსჯელობთ, დარჩებიან ისინი თვითიზოლაციაში, თუ გადაყვანილი იქნებიან საკარანტინო ზონებში, რაც შემდეგი დღეების მანძილზე გახდება ცნობილი”, – ამბობს ტიკარაძე “ნეტგაზეთის” საპასუხოდ.

“გლდანში მდებარე საცხოვრებელი შენობა, რომელშიც დევნილები ცხოვრობენ, კარანტინშია. ამის მიზეზი ერთ-ერთი ოჯახის რამდენიმე წევრისთვის COVID-19-ის დიაგნოზის დასმა გახდა”, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “მთავარმა” არხმა გაავრცელა.

როგორც ტელეკომპანია აცხადებს, საცხოვრებელ შენობაში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახის რამდენიმე წევრისთვის ახალი კორონავირუსის დადასტურების შემდეგ გადაადგილება შეეზღუდათ სხვა ოჯახებს, რომლებიც იმავე შენობაში ცხოვრობენ, ტერიტორიას კი საპატრულო პოლიცია აკრონტროლებს.

ტელეკომპანიასთან საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ საკარანტინო რეჟიმში არიან და განსაკუთრებული საჭიროების გარეშე გადაადგილება აქვთ შეზღუდული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თბილისში, ერთ-ერთი კორპუსში გaტარებული ღონისძიებები, რომლის შედეგადაც, მთავარი არიხის ინფორმაციით, ამ კორპუსის ჩაკეტვა მოხდა, არ ყოფილა დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის მეირ გაცემული რეკომენდაციის შედეგი.

“როგორც მე ვიცი, რაღაც გაუგებრობა ყოფილა ერთ-ერთ დასახლებულ კორპუსში… ის, რაც ხდება იმ ადგილზე, ეს არ არის დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია და ამ ადამიანებთან მიმართებაში ზოგადად ვთხოვ ყველას, რომ ვიყოთ ფრთხილად განცხადებების გაკეთებასთან დაკავშირებით. სასურველია, რომ ყველა იმ შემთხვევაში, რაზეც ამ კითხვაშია საუბარი, დევნილებთან მიმართებაში ჩვენ, მთლიანად საქართველოს სამედიცინო საზოგადოება, განსაკუთრებული ყურადღებით ვექცევით ამ ადამიანებს, ვისაც უზარმაზარი ისტორია აქვთ ძალიან მძიმე დევნილობაში ყოფნის. ამიტომ ყველას ვთხოვ, რომ ამ ადამიანებთან მიმართებაში ვიყოთ ფრთხილად.

ის შემთხვევა, რომელზეც მეკითხებით, არ გავშლი მე სპეციალურად, იქ არაფერი საგანგაშო არ ხდება. დიახ, გვაქვს ინფიცირების ფაქტი, მაგრამ არავითარი საშიშროება ე.წ. კლასტერში არ გახლავთ. იქ გატარებული ღონისძიებები არ ყოფილა დაავადებათა ეროვნული კონტოროლის ცენტრის რეკომენდაცია. ჯობია, რომ ამ დროს გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იძლევა, რომ მერე არ იყოს საბაბი ამ რეკომენდაციების სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციისა”, – განმარტა გამყრელიძემ ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი