ახალი ამბები

ტვიტერის დამფუძნებელი Covid 19-თან ბრძოლისთვის $1 მილიარდს გამოყოფს

8 აპრილი, 2020 • 2431
ტვიტერის დამფუძნებელი Covid 19-თან ბრძოლისთვის $1 მილიარდს გამოყოფს

სოციალური ქსელ ტვიტერის დამფუძნებელი ჯეკ დორსი ამბობს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის მხარდასაჭერად, ჯამში, 1 მლრდ აშშ დოლარს გამოყოფს.

ეს თანხა, დორსის თქმით, მისი ქონების დაახლოებით 28%-ს წარმოადგენს.

BBC -ს თანახმად, დორსი, რომელიც ტვიტერის გარდა, კომპანია Square-ის აღმასრულებელი დირექტორიცაა, ამბობს, რომ ქველმოქმედებისთვის სწორედ ამ უკანასკნელი კომპანიის წილებს გამოიყენებს და არა – ტვიტერისას. ამას ჯეკ დორსი იმით ხსნის, რომ Square-ში „უფრო მეტს” ფლობს.

პოსტთან ერთად დორსიმ ასევე გამოაქვეყნა ცხრილი, სადაც მის მიერ გადარიცხული თანხები პერიოდულად აისახება. 

რაც შეეხება სხვა სოციალურ ქსელებს, ფეისბუკის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერმა კორონავირუსის წინააღმდეგ ფონდში 30 მლნ დოლარი გადარიცხა, ამაზონის ჯეფ ბეზოსმა კი – 100 მლნ დოლარი იმ ოჯახთა დასახმარებლად, ვისთვისც ახლა საკვების მოპოვება პრობლემაა.

აშშ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. დღევანდელი სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში 400 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 12 857 ადამიანი გარდაიცვალა.

სულ მსოფლიოში Covid 19-ის ინფექცია 1 433 055 ადამიანს დაუდასტურეს, აქედან 302 367 გამოჯანმრთელდა, ხოლო 82 136 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი