ახალი ამბები

სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში მყოფი მღვდელი კი მრევლს ესაუბრა

7 აპრილი, 2020 • 1342
სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში მყოფი მღვდელი კი მრევლს ესაუბრა

თემქის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი სერაფიმე ადასტურებს მანამდე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი ეკლესიის ერთ-ერთ სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდგინდა.

მღვდელმსახური უარყოფს, რომ ეს სტიქაროსანი საკვირაო წირვას ესწრებოდა. ასევე ამბობს, რომ სტიქაროსანის დაინფიცირება ეკლესიას კი არა, ოჯახს უკავშირდება.

“კი, ვადასტურებთ იმას, რომ ეს ვირუსი ჩვენი სტიქაროსანის ოჯახს დაუდგინდა. რამდენიმე კვირის უკან ბაბუამისს დაუდგინდა ფილტვების ანთება. ხუთშაბათს თუ პარასკევს გავიგე ამ სტიქაროსნის ბაბუის კლინიკაში გადაყვანის შესახებ და შაბათს ვგებულობ, რომ ბაბუამისს ეს ვირუსი დაუდგინდა. შაბათიდან, როგორც კი გავიგე, ის ბავშვი დათხოვილი იყო ტაძრიდან. ამ შაბათ-კვირის მანძილზე არავისთან ჰქონია შეხება და ურთიერთობა. სანამ ბაბუამისს დაუფიქსირდებობდა, კი მოდიოდა ღვთისმსახურებაზე”, – განაცხადა ტაძრის წინამღვარმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში.

მისი თქმით, გუშინ, 8 აპრილს გაიგო, რომ კორონავირუსი დადასტურებული აქვს თვითონ სტიქაროსანსაც და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მღვდელი ამბობს, რომ თვითონაც თვითიზოლაციაშია, თუმცა მრევლთან კომუნიკაცია ჰქონდა.

“ამ ეტაპზე სახლში ვიმყოფები, თვითიზოლაციაში და ექიმების რჩევებს ვითვალისწინებ… ეს ინფორმაცია [რომ სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა, მრევლს გავაცანით. მე თვითონ გვიან გავიგე დაზუსტებით და დღეს მსახურებას არ ვესწრებოდი. ჩვენი მეგობარი სასულიერო პირი ატარებდა დღევანდელ დღესასწაულს. მანქანაში ველოდებოდი მსახურების დასრულებას, რომ მრევლისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია. შეიძლება მე იქაც არ უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ როგორც კი “მთავარი არხი” მოვიდა კამერებით, გადავედი მანქანიდან მსახურების შემდეგ, დისტანციის დაცვით, პირბადით, გამოვუცხადე [მრევლს], რომ ასეთი რამ დადასტურდა”, – განაცხადა სერაფიმემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი