ახალი ამბები

რა შემთხვევაში შეძლებენ აგრარული ბაზრები მუშაობის გაგრძელებას

7 აპრილი, 2020 • 1023
რა შემთხვევაში შეძლებენ აგრარული ბაზრები მუშაობის გაგრძელებას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, აგრარული ბაზრების დაკეტვა აუცილებლობით იყო გამოწვეული, რადგან ბაზრები კორონავირუსის გავრცელების საშიშროებას წარმოადგენდნენ.

მისივე თქმით, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მდებარე აგრარული ბაზრები მუშაობას გააგრძელებენ, თუმცა ნებართვა მთავრობის მიერ რეგიონებში შექმნილი შტაბებისგან უნდა აიღონ.

“ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ იმ სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელიც გუშინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა. [ეს წესები] შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ აგრარული ბაზრები გაითვალისწინებენ იმ რეკომენდაციებს, რაც მოცემულია ამ სტანდარტში, ისინი მხოლოდ ამ შემთხვევაში გააგრძელებენ მუშაობას”,-აცხადებს დავითაშვილი.

მინისტრის თქმითვე, სამინისტროს სსიპ-ის სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებული სტანდარტი უკვე გამოქვეყნებულია ვებ-გვერდზე, სადაც დეტალურად არის გაწერილი ის მოთხოვნები, რაც ბაზრის ადმინისტრაციამ უნდა დააკმაყოფილოს. დავითაშვილი განმარტავს, რომ დოკუმენტი ბაზრების ადმინისტრაციას ავალდებულებს როგორც მოვაჭრეების დამცავი საშუალებებით აღჭურვას, ასევე, სადენზიფექციო სამუშაოების ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარებას.

“სტანდარტში მოცემულია ის მოთხოვნები, რაც ბიზნესოპერატორმა, ამ შემთხვევაში კი ბაზრის ადმინისტრაციამ უნდა შეასრულოს. ესენია: მოვაჭრე პერსონალის სპეციალური დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფა, ჰიგიენური/სანიტარული პირობების მკაცრად დაცვა, სადენზიფექციო სამუშაოების ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარება, ადგილზე სანიტარული საშუალებების არსებობა და მათ შორის, მიკვლევადობა, ანუ თითოეული მოვაჭრე პერსონალის შესახებ ინფორმაციის არსებობა.  საუბარია მათ იდენტიფიკაციასა და რეგისტრაციაზე, რათა თითოეული მოვაჭრე მიკვლევადი იყოს. ასევე, მათი კონტაქტები…

ძალიან მნიშვნელოვანია განისაზღვროს, სად მოძრაობდნენ და როგორია მათი მოგზაურობის ისტორია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ვისთან იმყოფებოდნენ ისინი კონტაქტში ბოლო 14 დღის განმავლობაში. ამასთან, კონკრეტული დაავადებების მქონე პერსონალი არ დაიშვება ასეთ ბაზრებში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 70 წელს გადაცილებული მოვაჭრეებისთვის ასევე არსებობს შეზღუდვები, რადგან არსებობს ჯანდაცვის რისკები”, – ამბობს დავითაშვილი.

ფოთის აგრობაზარში ფულს აუთოებენ [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი