ახალი ამბები

ფოთის აგრობაზარში ფულს აუთოებენ [ვიდეო]

5 აპრილი, 2020 • 4117
ფოთის აგრობაზარში ფულს აუთოებენ [ვიდეო]

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო ქვეყნის მასშტაბით ერთმანეთის მიყოლებით იხურება ყველა დიდი აგრობაზარი.

ფოთის ბაზრის ადმინისტრაციამ კი გამოსავალი იპოვა – გვეუბნება ბაზრის დირექტორი. მისი თქმით, სოციალურ დისტანციას იცავს ყველა, ვინც ბაზარში შედის, ხდება ფულის დეზინფექცია და სტერილიზაცია. ყველა შემსვლელს უზომავენ სიცხეს.

ფოთის აგრარული ბაზრის შენობა კაპიტალურია, მასში შესვლა და გამოსვლა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი კარით ხდება. შესვლისას მოქალაქეები იცავენ ორ მეტრიან დისტანციას და რაც მთავარია, ბაზარში ვერ შედიან საკუთარი ფულით.

სქემა ამგვარია: ყველა მოქალაქე, რომელიც ბაზარში შედის, ბაზრის შესასვლელ კართან, თავის ფულს აძლევს კაცს, რომელიც ამ ფულს დეზინფექციას უტარებს. ხურდა ფული ანტისეპტიკურ ხსნარში მუშავდება, ხოლო ქაღალდის ფულს დეზინფექციის შემდეგ აუთოებენ და უკან უბრუნებენ მფლობელს.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/262176118278646/

„ფულის ამბავი იყო სახიფათო. ამიტომ დავიწყეთ ნაღდი ფულის დეზინფექცია. ეს გზა გამოვნახეთ პრობლემის გადასაჭრელად. ამასთან, არავის არ ვუშვებთ ბაზარში ხელთათმანების გარეშე. ვისაც არ აქვს, იმას ბაზრის შესასვლელთან ჩვენ ვჩუქნით,“- ამბობს „ბათუმელებთან“ ფოთის აგრარული ბაზრის დირექტორი ნოდარ კორსანტია.

მისივე თქმით, ბაზრის იატაკი მოზაიკითაა დაგებული. მომდევნო კვირაში აპირებს ე.წ. ბახილების ჩასაცმელი სპეციალური აპარატი იყიდოს. შედეგად ბაზარში შემსვლელი ყველა პირი, ბახილებს ჩაიცვამს.

ამავე თემაზე გირჩევთ

https://batumelebi.netgazeti.ge/news/266917/?fbclid=IwAR0bLOXc61Mi8Ic_jHO4VzDfdIW55gUvOvR_zaXEh85qSC_qYt3I17yqzcw

მასალების გადაბეჭდვის წესი