ავტორი: ნინიტა თოფურიძე
დღეს მესამე დღე დასრულდა, რაც კარანტინში ვარ. არა, არ ვჩივი – ჯერაც მაოცებს ზღვის ხედი ჩემი აივნიდან და არც ტალღების ხმა მომბეზრებია. დიახ, ჩაქვში ვარ – სასტუმრო ოაზისში. ან როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა, რომელიმე რეალითი შოუში, სადაც ხალხს გაძლებაზე და ამტანობაზე ტესტავენ (აღიარეთ, რომ black mirror თქვენც გაგახსენდათ:)
დღითდღე ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ოთახი ვიწროვდება – ოთახი რა, მთლიანად სამყარო იკუმშება, პატარავდება და ნელდება. ირგვლივ ყველაფერი, საერთოდ ყველაფერი, რუტინულ, მექანიკურ ქმედებებში გადადის. ადექი, ჭამე, იმეცადინე, მირეკ-მორეკე, დაიძინე, დილით გადახვევაზე დააჭირე და ისევ ყველაფერი თავიდან გაიმეორე.
პრინციპში, თავი სადღაც პავლოვის ძაღლი მგონია – დილით 10 საათისკენ მექანიკურად ვიზომავ სიცხეს, რადგან ამ დროს, მაგული ექიმი ან მაკა მიმღებიდან დარეკავს და აუცილებლად გამომკითხავენ როგორც ტემპერატურას, ასევე, სხვა შესაძლო ჩივილებს. სიცხე არ მაქვს. არადა, მრავალფეროვნებისთვის ჯობდა, სადმე 37-მდე მაინც მიეკაკუნებინა – ცოტას დავიძაბებოდი, ვინერვიულებდი, თორემ ლონდონის ბოლო ორკვირიანი გაუსაძლისი სტრესის ფონზე ლამისაა ცოტა მოვიწყინო.
სიცხის გაზომვის მერე კარზე აუცილებლად ზარი გაისმის, ავტომატურად, კუდის ქიცინით (ამ დროს ისევ პავლოვის ძაღლი ვარ, არ დაგავიწყდეთ) ვეგებები საუზმეს, რომელსაც ვერასოდეს ვასრულებ და საჭმელი გადასაყრელად მენანება. არადა, მითხრეს, თქვენს დარჩენილ „ხელუხლებელ“ საჭმელს ცხოველებსაც ვერ ვაჭმევთ, რადგან თუ ინფიცირებული ხართ, გავრცელების საფრთხეაო – მოკლედ ჩემი მიწოდებული „წყალიც კი არ უნდათ“.
დღე გაგრძელდება იმით, რომ დარეკავს დათო, მერე დედა, მერე მამა (ვითომ დედა და მამა ერთად არ ცხოვრობდნენ) ჩემი და, მამიდა და მამიდაშვილები, თანამშრომლები და მეგობრები – თანმიმდევრობა შეიძლება ოდნავ შეიცვალოს, მაგრამ სათქმელი ყველასთან ერთია – კარგად ვარ, ვებრძვი დედლაინებს. მათი პასუხიც იგივეა – „რა გენაღვლება, ნეტავ მე დამასვენა ახლა ჩაქვში“. დასვენება კაია, არც მე ვიტყოდი უარს, განსაკუთრებით ლონდონის 7- თვიანი არანორმალური გრაფიკის, მუშაობის, სწავლის, კორონავირუსთან და სამეგობრო დრამებთან ბრძოლის მერე, მაგრამ კიდევ ცოტაც უნდა გავძლო, 6 მაისს გამოცდებსაც მოვრჩები და თავისუფალი ადამიანი ვარ.
ამ ოთახში საათი არაა. პრინციპში, არც მჭირდება. ალბათ, ისევე მომიშლიდა ნერვებს, როგორც აბაზანაში წყლის შხრიალი, მეზობლის ხველება ან სკამის ჭრიალი. ხო, გვერდით ოთახში მეზობელი კი კაი უცნაური ვინმე შემხვდა – ჯერ „სპანჩ ბობს“ უყურებდა მაღალ ხმაზე, მერე „გენგსთა რეპები“ ჩართო – რას იზამ, ყველას ჩვენი განსაცდელი გვაქვს, ვიღაცას „სპანჩი“ და ვიღაცას „პლასტმასი“.
დიახ, დიახ, არ მოგესმათ ნამდვილად პლასტმასი – ჩემი განსაცდელი პლასტმასია. საჭმელი ერთჯერადი პლასტმასის ყუთებით და ასევე პლასტმასის ჩანგლებით და კოვზით მოდის, დღის მანძილზე ფაქტორივად ორ ცელოფნის პარკს (რომელსაც ასევე არაფერი ეტყობა, რომ ბიოდეგრადირებადია) ამ პლასტმასებით თითქმის პირამდე ვავსებ. მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ, რომ ბრიტანეთში თითქმის არაფერი იყიდება პლასტმასებით, ყველაფერი ქაღალდის ყუთებშია და კომპანიების რეპუტაციაც იმით ფასდება, თუ როგორი ზემოქმედება აქვს გარემოზე და რამდენად ეკო-მეგობრულია მასალა, რომელსაც მოიხმარს. ჩვენ ეს არ გვადარდებს არც კორონამდე და არც კორონას მერე. მჯერა, იქამდეც მივალთ და მსგავს თემებზე ზრუნვასაც დავიწყებთ, რადგან, როგორც ერი, აშკარად ვპროგრესირებთ და საჭიროების შემთხვევაში თვითორგანიზებასაც ვახერხებთ. ამაში ჩამოსვლის დროს აეროპორტიდან სასტუმროში გადაყვანის ძალიან კარგად დაგეგმილი პროცესის დროს დავრწმუნდი.
რა მაგის პასუხია და ცოტა უცნაურობას მეც ვამჩნევ საკუთარ თავს – აბა, სხვა რითი შეიძლება ავხსნა ის, რომ გამოფრენის დღეს, როცა როგორც იქნა, აეროპორტამდე ძლივს მივაღწიეთ (მას შემდეგ, რაც აირზენამ ისე შეცვალა ტერმინალი, რომ მგზავრებს არ გაგვაგებინა), იმის ნაცვლად, რომ სუპერდაძაბული ვყოფილიყავი ამდენი გაუბედურებული და შეშინებული ადამიანის ნახვის შემდგომ, „ბუცში“, აფთიაქში შევცუნცულდი და სამი სხვადასხვა ფერის „პომადა“, ანუ ტუჩის საცხი შევიძინე. ვინც მიცნობს, იმათ კი გაუკვირდებათ, რად მინდოდა სამი, როცა, მგონი, მთელი ცხოვრება ერთი „საცოდავი“ ტუჩის ფანქრით გავდივარ ფონს, მაგრამ, მეგობრებო, მეგობრებო, მოტივაცია და იდეა ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შესყიდვის უკან იყო ის, რომ თუ მიანც ვკვდები, ბარემ „ლამაზად“ მაინც მოვკვდები-თქო. ეს, რა თქმა უნდა -უტრირებულად. ისე, მგონი, უბრალოდ აგონია იყო, რომ „ინგლისებიდან“ ვერაფერი მომქონდა და მთელი ქონება დახურული აეროპორტის აფთიაქში მივაფშვენი. არადა, მგონი, ეგ ფული ერთი თვე მაინც გვარჩენდა, თუ ფუნტის კურს შევხედავთ. მოკლედ, ბევრი რომ არ გავრძელო, ვდგები, ყოველ დილით ვიცვამ „გამოსასვლელ ტანსაცმელს“ და ვისვამ ჩემს დიდებულ პომადებს. 12 დღეზე თუ გავთვლი, თითოს გამოყენება ოთხჯერ მომიწევს, რაც პრინციპში ობიექტური დროა იმის დასადგენად, თუ რომელი ფერი უფრო მიხდება.
მგონი, სულ ესაა, ამ სამი დღის მანძილზე მეტი „თავგადასავალიც“ არა მგონია, საჭირო იყოს.
პ.ს. სულ დამავიწყდა მეთქვა, რა შუაში არიან დელფინები. ყოველ დილით, აივანზე რომ გავდივარ, ვხედავ, როგორ ლაღად ცურავენ დელფინები ზღვაში, თოლიებიც მათ დასდევენ, ალბათ მაგათ ხარჯზე აგნებენ თევზის ქარავნებს.
დღეს თევზსაჭერი გემიც ვნახე, პატარა და წითელი. და დიახ, მზის ჩასვლაც ისეთივე რომანტიკული იყო, როგორც ფილმებში, ოღონდ არც სილიან სანაპიროზე ვმდგარვარ, არც ბრიზი მიშლიდა თმას, არც უკნიდან მეხვეოდა „სიყვარულისგან აღელვებული“ ჩემი ქმარი. თუმცა ჩაქვის „კარანტინს“ მაინც აქვს სიმშვიდე და რომანტიკული ხიბლი.