ახალი ამბები

ლიტერატურული კონკურსი „პენმარათონი 2020″ ონლაინ რეჟიმში გაიმართება

6 აპრილი, 2020 • 2086
ლიტერატურული კონკურსი „პენმარათონი 2020″ ონლაინ რეჟიმში გაიმართება

#ინფიცირდილიტერატურით– ამ ჰეშთეგით ავრცელებს გამომცემლობა „დიოგენე“ ლიტერატურული კონკურსის, პენმარათონი-2020-ის პირობებს, რომელშიც მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისი ასაკიც 21 წელს აღემატება. კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

„პენმარათონი-2020“ სამ ეტაპად გაიმართება: I – კონკურსში მონაწილეობის მსურველთა შერჩევა, II – საკონკურსო წერითი სესია, III – გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება.

  • საკონკურსო განაცხადებები მიიღება ინტერნეტით 2020 წლის 3 აპრილიდან 2020 წლის 8 აპრილის 12 საათამდე (შუადღემდე). მსურველებმა ონლაინ უნდა შეავსონ შესაბამისი განაცხადის ფორმა.
  • განაცხადთან ერთად უნდა აიტვირთოს კონკურსში მონაწილეობის მსურველის საკონტაქტო ინფორმაცია და მის მიერ ქართულ ენაზე დაწერილი, ორიგინალური, გამოუქვეყნებელი ერთი პროზაული ნაწარმოები ან ნაწარმოების ფრაგმენტი (5 გვერდამდე მოცულობის).
  • კონკურსის ჟიური დახურული წესით (ნაწარმოებების ავტორთა ვინაობა უცნობია ჟიურის წევრთათვის) განიხილავს I ეტაპზე წარმოდგენილ ტექსტებს და შეარჩევს II ეტაპის საკონკურსო წერითი სესიის მონაწილეებს.
  • ჟიურის გადაწყვეტილება ეცნობებათ მხოლოდ ფინალისტებს წერით სესიამდე მინიმუმ 2 დღით ადრე.

ლიტერატურული კონკურსი „პენმარათონი-2020“ გაიმართება 2020 წლის 16-17 აპრილს ონლაინ-ფორმატში. თითოეულმა კონკურსანტმა, თვითიზოლაციის წესების დაცვით, 24 საათის განმავლობაში ქართულ ენაზე უნდა შექმნას ერთი პროზაული ორიგინალური ნაწარმოები. კონკურსანტები იმუშავებენ გარკვეულ თემაზე, რომელიც უშუალოდ მარათონის დაწყების წინ დასახელდება. საკონკურსო ტექსტი არ უნდა იყოს მანამდე გამოქვეყნებული, ან ნაწარმოების ვარიაცია ან ადაპტაცია. კონკურსანტებს წერითი სესიის განმავლობაში პერიოდული ინტერნეტ-კავშირი ექნებათ კონკურსის ორგანიზატორებთან.

საკონკურსო ნაწარმოებებს ჟიური დახურული წესით განიხილავს. ნაწარმოებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება ავტორის ოსტატობას და ტექსტის შესაბამისობას საკონკურსო დავალებასთან.

კონკურსის გამარჯვებულები 2020 წლის 30 აპრილს გამოვლინდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი