ახალი ამბები

დროული დაბრუნება ან კომპენსაცია – ბოკერიას წინადადება საზღვარგარეთ ჩარჩენილებზე

6 აპრილი, 2020 • 823
დროული დაბრუნება ან კომპენსაცია – ბოკერიას წინადადება საზღვარგარეთ ჩარჩენილებზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მთავრობისგან საკარანტინე ადგილების გაზრდასა და საზღვარგარეთიდან საქართველოში იმ მოქალაქეების დაბრუნებას ითხოვს, რომლებსაც ამის სურვილი აქვთ.

დღეს, 6 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ბოკერიამ ასევე თქვა, რომ სახელმწიფომ კომპენსაცია უნდა მისცეს უცხოეთში მყოფ საქართველოს იმ მოქალქეებს, რომლებიც, სურვილის მიუხედავად, სამშობლოში ვერ ბრუნდებიან.

“ამ პერიოდში თუ ვერ მოხერხდა ამ ადამიანების დაბრუნება, მათ უნდა მიეცეთ კომპენსაცია ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული მინიმალური ხელფასის შესაბამისი ოდენობით (თუ 1 კვირა – თვიური მინიმალური ხელფასის 1/4 და ა.შ.). თუმცა ეს ოდენობა კვირის განმავლობაში არ უნდა იყოს 600 ევროზე ნაკლები.

იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს საკონსულოებში დააფიქსირებენ საქართველოში დაბრუნების სურვილს და დარეგისტრირებიდან 10 დღის განმავლობაში მათ ვერ ჩამოიყვანს სახელმწიფო, ამ შემთხვევაში ასევე უნდა გადაუხადოს კომპენსაცია”, – აცხადებს გიგა ბოკერია.

გიგა ბოკერიას განცხადებითვე, ამ ეტაპზე საქართველოში დაბრუნება უცხოეთში მცხოვრებ  6 000 იდან 10 000-მდე მოქალაქეს სურს. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მთავრობის მიერ მოქალქეების დაბრუნების გაჭიანურების რეალური მიზეზი საკარანტინე სივრცეების სიმცირეა. მისივე განმარტებით, საქართველოში უამრავი ცარიელი სასტუმროა, შესაბამისად, თანხის გადახდის შემთხვევაში მთავრობას ამ სივრცეების მოძიება არ გაუჭირდება.

“ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ ბუნდოვანი პასუხით შემოიფარგლებიან და მოქალაქეების ასეთ შეყოვნებას ფრენების სირთულით ხსნიან.  დისკუსია თვითმფრინავების “შოვნაზე” სრულიად არაზუსტია, რადგან დღეს ფრენების შეჩერების გამო თითქმის ყველა ავიაკომპანიისთვის მარტივია ასეთი შეკვეთის მიღება.

სინამდვილეში პრობლემა ისაა, რომ საკარანტინე ადგილების დღევანდელი რაოდენობა არ არის საკმარისი მგზავრთა ნაკადის მისაღებად. დღეს საქართველოში კარანტინში 5067 ადამიანია. ხელისუფლების მიერ აღებული ამ ტემპით, საქართველოს იმ მოქალაქების დაბრუნებას, ვისაც ამის სურვილი აქვს, მინიმუმ 2 თვე დასჭირდება, რაც სრულიად დაუშვებელია”, – აცხადებს ბოკერია და ამბობს, რომ დაუყონებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა საკარანტინე სივრცეების გაორმაგებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი