ახალი ამბები

60 წელს ზემოთ მოქალაქეები შესაძლოა პნევმოკოკზე აცრან

6 აპრილი, 2020 • 1677
60 წელს ზემოთ მოქალაქეები შესაძლოა პნევმოკოკზე აცრან

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ არსებობს ინიციატივა, რომლის თანახმადაც საქართველოში 60 წელს ზემოთ მოქალაქეები, შესაძლოა, პნევმოკოკზე აცრან.

ტიკარაძის თქმით, პნევმოკოკის ვაქცინაცია (იგივე პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა) შეირჩა იმიტომ, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ხშირია პნევმონია.

„ჩვენმა სპეციალისტებმა გააანალიზეს საქართველოში ძირითადი და სიკვდილიანობის გამომწვევი დაავადებები. ჩვენ დავინახეთ, რომ კორონავირუსის ამ მოწყვლად ჯგუფში [ხანდაზმულებში] მრავლობითადაა განვითარებული პნევმონიები და ჩვენს ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციის შედეგად და ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკების მაგალითზე მივიღეთ რეკომენდაციები, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ:

ეს არის ევროპის ქვეყნებში გამოყენებული პრაქტიკა, ისინი 60 წელზე ზემოთ მოსახლეობას და მოწყვლად ჯგუფებს ცრიან პნევმოკოკის ვაქცინით, სწორედ ამასთან დაკვშირებით არის ეს ინიციატივა, რომელიც მუშავდება“, – ამბობს ტიკარაძე რუსთავი 2-ის ეთერში.

მინისტრი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე არსებობს კონკრეტული რაოდენობა და სახელობითი სია იმ ადამიანების, რომლებზეც „ჩვენ ვცდილობთ განვახორციელოთ ზემოხსენებული ვაქცინაცია და ეტაპობრივად მოვიცვათ 60 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქე“.

„არის შემოთავაზება, რომ ეს პროცედურა შევიდეს სავალდებულო ვაქცინაციის ჯგუფებში, მოხდეს ყოველწლიურად და შესაბამის მონაკვეთების გავლის შემდე ვაქცინის განახლება“, – დასძენს მინისტრი.

საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ხშირია პნევმონია. როგორც თავად ეკატერინე ტიკარაძემ დღეს მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, დილის მონაცემებით 188 შემთხვევიდან ორმხრივი პნევმონია 81 პაციენტს განუვითარდა, მართვითი სუნთქვა კი 8 მათგანს დასჭირდა.

სასუნთქი აპარატების რა მარაგი აქვს ქვეყანას


6 აპრილის 14:54 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან, 36 განიკურნა, 2 კი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი