ახალი ამბები

ბინაზე მართვის პრაქტიკა საკარანტინე ზონებში მკურნალობას ნიშნავს – მინისტრი

6 აპრილი, 2020 • 1226
ბინაზე მართვის პრაქტიკა საკარანტინე ზონებში მკურნალობას ნიშნავს – მინისტრი

უკვე რამდენიმე  დღეა, რაც მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერი, ამბობენ, რომ კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევების მართვა ბინებსა და საცხოვრებლებში უნდა იყოს შესაძლებელი.

ეს პრაქტიკა გულისხმობს, რომ ყველა ინფიცირებული ავტომატურად კლინიკაში სამკურნალოდ არ გადავა და სახლის ან სახლთან მიახლოებულ პირობებში გააგრძელებს მკურნალობას.

ვირუსის ე.წ. ბინაზე მართვის პრაქტიკაზე დღეს რუსთავი 2-ის ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა. მისი თქმით, მსუბუქი შემთხვევების დროს პაციენტი იმკურნალებს არა უშუალოდ საკუთარ სახლში, არამედ სპეციალურად გამოყოფილ საკარანტინე სივრცეში.

ტიკარაძე ამბობს, რომ მსოფლიო გამოცდილების თანახმად, Covid 19-ის შემთხვევების 80-82% მსუბუქად მიმდინარეობს – „რაც გვაძლევს იმაზე საუბრის უფლებას, რომ ეს პაციენტები იმართონ ბინაზე“.

„რაც შეეხება ბინაზე მართვას, საქართველომ გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენ მივმართავთ ჩვენს პრაქტიკას: ამ მოქალაქეების მართვა მოხდება არა საკუთარ ბინებში, არამედ ჩვენ მიერ გამოყოფილ საკარანტინე ზონებში, რათა პარალელურად უზნრუველყოფილი იყოს ამ ადამიანების იზოლაცია ოჯახის წევრბისგან, რაც ავტომატურად აგვაცილებს იმ რისკებს, რომ თვიზოლაციის დარღვევის შემთხვევაში ინფექციის გადადება არ მოხდება ოჯახის წევრებზე“,- ამბობს ტიკარაძე.

მისივე განმარტებით, ამგვარი მიდგომა დაიცავს ასევე მოხუცებსაც, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებული ახალგაზრდაა, მოხუცებულს, რომელსაც ასევე ქრონიკული დაავადება შეიძლება ჰქონდეს – ვირუსს ვეღარ გადასდებს.


6 აპრილის 14:26 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევები 188-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 36, გარდაიცვალა – 2. ეს მაჩვენებელი ნიშნავს, რომ 150 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

წაიკითხეთ ასევე:

რას გულისხმობს კორონავირუსის აგრესიული ტესტირება – ტიკარაძის განმარტება

მასალების გადაბეჭდვის წესი