საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამჟამად ქვეყნის მასშტაბით მართვით სუნთქვაზე ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი იმყოფება.
მინისტრის თქმით, სულ დადასტურებული 188 შემთხვევიდან, ორმხრივი პნევმონია 81 პაციენტს განუვითარდა, მართვითი სუნთქვა კი 8 მათგანს დასჭირდა:
“დაფიქსირებული 188 პაციენტიდან 81 ადამიანს ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, რომელთაგანაც მხოლოდ 8 პაციენტს დასჭირდა სასუნთქი მხარდაჭერა. ამ ეტაპისთვის კლინიკაში იმყოფება 6 პაციენტი, რომელთაც კვლავ ესაჭიროებათ სუნთქვითი მხარდაჭერა. 3 არის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ერთი- ბათუმში, ერთი- გორში და ერთი- ინფექციურ საავადმყოფოში”, – ამბობს ტიკარაძე.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანაში ამჟამად 700 სასუნთქი აპარატია ხელმისაწვდომი, რაც ამ ეტაპზე საკმარისია:
“ის მარაგი, რომელიც ჩვენ მობილიზებული გვაქვს სახელმწიფოს მასშტაბით და ეს არის 700 სასუნთქი აპარატი, სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ პაციენტების უსაფრთხო გამოჯანმრთელებაზე იზრუნონ ექიმებმა. სუნთქვის აპარატების მარაგი ამ ეტაპზე ქვეყანაში არის საკმარისი”, – ამბობს ტიკარაძე.
6 აპრილის 12:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან, 36 განიკურნა, 2 კი გარდაიცვალა.