ახალი ამბებიეკონომიკა

როგორ უნდა დაეხმაროს მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს?-რეკომენდაციები

5 აპრილი, 2020 • 4320
როგორ უნდა დაეხმაროს მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს?-რეკომენდაციები

ავტორი: ანა დიაკონიძევახტანგ ნაცვლიშვილთან თანამშრომლობით

ამ დოკუმენტის მიზანია, საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველოს შრომის ბაზრის თავისებურებების გათვალისწინების საფუძველზე, საქართველოს მთავრობას შესთავაზოს რეკომენდაციები მშრომელთა სოციალური უსაფრთხოების დროებით უზრუნველყოფისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილი რეკომენდაციები ეხება მხოლოდ კრიზისული პერიოდის მართვას, მათში არ არის საუბარი ქვეყნის სოციალური უსაფრთხოების სისტემის ძირეულ ცვლილებაზე, რაც გაცილებით მეტ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. პანდემიის პირობებში მთავარი პრინციპი ისეთი ზომების მიღებაა, რომელთა განხორციელება სწრაფად და რაც შეიძლება ნაკლები ადმინისტრაციული ხარჯით შეიძლება, მოხდეს. თუმცა, ამავდროულად ვიტოვებთ იმედს, რომ მოცემული გამოცდილება საკმარის საფუძველს შექმნის პოსტ-კრიზისულ პერიოდში სოციალური უსაფრთხოების უფრო სიღრმისეული რეფორმისათვის.

2020 წლის 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსული ინფექცია პანდემიად გამოაცხადა. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა მილიონს აჭარბებს და ყოველდღიურად იზრდება. ახალი კორონავირუსის ფართო გავრცელებამ მრავალი, მათ შორის, განვითარებული ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კრიზისში შეიყვანა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისშეფასებით, შეუძლებელია, ზუსტად განვსაზღვროთ ის ზიანი, რომელსაც პანდემია მოუტანს ეკონომიკას, თუმცა უდავოა, რომ მას არსებითი გავლენა ექნება შრომის გლობალურ ბაზარზე.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წინასწარი გათვლით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო მსოფლიოში, საუკეთესო შემთხვევაში, 5.3 მილიონი, ხოლო უარეს შემთხვევაში, 24.7 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგება. დასაქმების მაჩვენებლის მკვეთრი ვარდნის შედეგად გამოწვეული სიღარიბისა და უთანასწორობის შესამცირებლად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს, დროულად შეიმუშავონ დასაქმების, საშემოსავლო დახმარებისა და მოხმარების წამახალისებელი სახელმწიფო პოლიტიკა. ეს საჭიროა არა მხოლოდ დასაქმებულთა დასაცავად, არამედ გრძელვადიანი ეკონომიკური ვარდნის აღსაკვეთად, – ნათქვამია კვლევაში.

პანდემიის სოციოეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება არამხოლოდ განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკების მქონე ქვეყნებში, არამედ განვითარებულ ეკონომიკებშიც. ამ უკანასკნელში კრიზისის პირველი დარტყმის შეკავება უმუშევრობის დაზღვევის სისტემებს მოუწია. თუმცა,უმუშევართა სწრაფად მზარდი რაოდენობიდან გამომდინარე ქვეყნებმა დაიწყეს მშრომელთა დასახმარებლად დამატებითი პროგრამების ამოქმედება, რადგან არსებული სოციალური უსაფრთხოების პროგრამები არ არის გათვლილი მსგავსი მასშტაბის კრიზისზე. პროფესიული კავშირების საერთაშორისო კონფედერაციის მომზადებული კვლევა, რომელიც 86 ქვეყანაში გატარებულ ზომებს მიმოიხილავს, ამბობს, რომ შესწავლილი ქვეყნების ნახევარი პანდემიისას ჯანდაცვის უფასო მომსახურებას უზრუნველყოფს, ხოლო ქვეყნების მესამედი იზოლაციასა და კარანტინში მყოფ დასაქმებულებს ანაზღაურებად შვებულებას სთავაზობს. ზოგიერთმა ქვეყანამ კრიზისის პერიოდში უმუშევრობის სარგებელი გააორმაგა, სხვებმა კი სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, მიიღეს ისეთი დროებითი ზომებიც, როგორიცაა ხელფასის სუბსიდირება. ასეთი პროგრამების ფარგლებში, დასაქმებულები სახელმწიფოსგან კონკრეტული დროით ხელფასის ან მისი ნაწილის სუბსიდიას იღებენ. სხვა ზომებს შორისაა, იპოთეკური და სხვა ტიპის სესხებისა და ქირის გადახდის ვალდებულებისა და გამოსახლების შეჩერება პანდემიის მიმდინარეობისას.

პანდემიის გავლენა საქართველოს შრომის ბაზარზე

COVID 19-ით გამოწვეული გლობალური კრიზისი, ცხადია, ქართულ ეკონომიკასაც შეეხო და იგი დღითიდღე უფრო მწვავე ხდება. ეკონომიკური საქმიანობის დიდი ნაწილის შეჩერება, უარყოფითად აისახება დასაქმებულებზე. თუმცა, პანდემიის უარყოფითი გავლენა ყველა მშრომელზე თანაბრად არ ვრცელდება და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმის ანალიზი თუ დასაქმებულთა რომელი ჯგუფები არიან ყველაზე მოწყვლადი მოცემულ სიტუაციაში.

თუკი ფორმალურ სექტორში დაქირავებით დასაქმებულებზე (ჯამში 849 300 ადამიანი) ვისაუბრებთ, აქ ორ ფაქტორს აქვს დიდი მნიშვნელობა: ეკონომიკური აქტივობის სფეროსა (არსებობს თუ არა დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა) და დასაქმების სფეროს (საჯარო vs. კერძო) (იხ. სურათი 1).

უმუშევართა დაზღვევის სისტემა გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირებულ სადაზღვევო სქემას, რომელშიც ყოველთვიური შენატანები შეაქვთ დასაქმებულებს, მათ დამსაქმებლებს და რიგ შემთხვევაში სახელმწიფოს. სამუშაო დაკარგვის შემთხვევაში, სქემაში მონაწილე დასაქმებულს შეუძლია აღნიშნული ფონდიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიიღოს ე.წ. უმუშევრობის ბენეფიტი.

დისტანციურად მუშაობა განსაკუთრებით აქტუალური გახდა პანდემიის პირობებში, თუმცა ამის ფუფუნება ქართულ შრომის ბაზარზე უმრავლესობას არა აქვს. როგორც პროფესიული ჯგუფების მიხედვით დასაქმებულთა განაწილებიდან ჩანს (იხ. სურათი 2), დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა გააჩნია სამუშაო ძალის დაახლოებით ერთი მეხუთედს (19.3%), რომლებიც მენეჯერების, პროფესიონალებისა და ასოცირებული პროფესიონალების შრომას ასრულებენ3. მშრომელთა დანარჩენი ჯგუფები, როგორც წესი, ასრულებენ ისეთი ტიპის შრომას, რომლისთვისაც აუცილებელია სამუშაო ადგილზე გამოცხადება. არსებული მდგომარეობით, მათი დიდი ნაწილი უბრალოდ ვალდებულია სახლში დარჩეს, სუპერმარკეტების, აფთიაქებისა და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლების გამოკლებით, რომლებიც ახლა საზოგადოებისათვის “აუცილებელ შრომას” ეწევიან.

მშრომელთა იმ დიდ ჯგუფს, რომელთა საქმიანობა, სპეციფიკიდან გამომდინარე, დისტანციურად ვერ შესრულდება, “სახლში დარჩენა” მძიმე მდგომარეობაში აყენებს. პირველ რიგში ეს მათ ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება, რადგანაც ბევრი მათგანი გამომუშავებით იღებს ხელფასს. ვირუსის გავრცელების შემდგომ პერიოდში გახშირდა ცნობები იმის თაობაზე, რომ დამსაქმებელი აიძულებს თანამშრომლებს გავიდნენ უხელფასო შვებულებაში ან ათავისუფლებენ მათ სამსახურიდან წინასწარი გაფრთხილებისა და კომპენსაციის გაცემის გარეშე, რაც მათი შრომითი უფლებების უხეში დარღვევაა. აღსანიშნავია, ისიც რომ შრომითი უფლებების დარღვევა ასევე მწვავეა იმათ შემთხვევაში, ვინც პანდემიის დროს აგრძელებს სამსახურში გამოცხადებას, თუმცა დამსაქმებელი არ აწვდის მათ ინდივიდუალურ დამცავ საშუალებებს, უმცირებს ანაზღაურებას, მაგრამ მოითხოვს იგივე გრაფიკით მუშაობას, როგორც კრიზისამდე იყო ან კიდევ უფრო მეტს.

სურათი 2: დასაქმებულთა გადანაწილება პროფესიული ჯგუფების მიხედვით საქართველოში


წყარო: ავტორების კალკულაცია სამუშაო ძალის კვლევაზე დაყრდნობით, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2018

თუმცა, ცხადია, რომ ყველაზე დიდი პრობლემა იმ დასაქმებულებს შეექმნათ, რომელთაც კრიზისის გამო სამუშაო დაკარგეს. როგორც შესავალში იყო ნახსენები, სხვა განვითარებულ და რიგ განვითარებად ქვეყნებში, დროებითი უმუშევრობის პრობლემას უმუშევრობის დაზღვევისა და/ან უმუშევრობის შემწეობის სისტემების გააქტიურებით უპირისპირდებიან. საქართველოში, სოციალური დაცვის ეს მექანიზმები არ არსებობს, შესაბამისად, უმუშევრად დარჩენამ (განსაკუთრებით კრიზისის პერიოდში) ადამიანი შეიძლება საარსებო წყაროს გარეშე დატოვოს.

თუკი დასაქმების სფეროს მიხედვით შევხედავთ, საჯარო სექტორში დასაქმებულები გაცილებით უპირატეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე კერძო სექტორში დასაქმებულები. ეს განპირობებულია იმით, რომ გარდა შრომითი კოდექსით გათვალისწინებული დაცულობისა, ისინი სარგებლობენ უპირატესი სოციალური დაცვის პირობებით, რასაც “საჯარო სამსახურის შესახებ კანონი” არეგულირებს. შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა რომ კრიზისის პირობებში მათ დაემუქროთ სამუშაოდან გათავისუფლების საფრთხე (იმის მიუხედავად დისტანციურად მუშაობენ თუ არა). თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ამ “შედარებით უპირატესობას” მოკლებული არიან კერძო სექტორში დასაქმებულები, რომლებიც დასაქმებულთა 82%-ს შეადგენენ (1 394 400 ადამიანი) (იხ. სურათი 1).

აქამდე არსებული მიმოხილვა შეეხებოდა მხოლოდ ფორმალურ სექტორში დასაქმებას. თუმცა, კრიტიკული მნიშვნელობისაა ვისაუბროთ არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებზე, იმდენად რამდენადაც ქართულ შრომის ბაზარზე სწორედ არაფორმალურ დასაქმებას უჭირავს ძირითადი ადგილი. სამუშაო ძალის კვლევაზე დაყრდნობით საქართველოს სტატისტიკის სამსახური გვამცნობს, რომ არასასოფლო- სამეურნეო სფეროში არაფორმალური შრომით დაკავებულია სამუშაო ძალის 36.2%. თუმცა, ცნობილია რომ სამუშაო ძალის კვლევები, როგორც წესი, ვერ ახერხებს სრულად ასახოს არაფორმალური დასაქმების მაჩვენებლები, განსაკუთრებით კი ისეთი “რუხი ზონები”, როგორიცაა დამოუკიდებელი კონტრაქტორების შრომა ონლაინ პლატფორმებზე, ან ონლაინ აპლიკაციის საშუალებით რეალურ სივრცეში შესრულებული დაკვეთები (ე.წ. gig-ები), რომელსაც ეწევიან მაგალითად ტაქსის მძღოლები და კურიერები. აღნიშნულის მიუხედავად, ცხადია, რომ არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა წილი ქართულ შრომის ბაზარზე საკმაოდ დიდია. კრიზისის პირობებში ისინი ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ, რადგან მათი შემოსავალი, უმეტეს შემთხვევაში, მათ დღიურ შრომაზეა დამოკიდებული – შესაბამისად, სახლში დარჩენა პირდაპირი გაგებით უწყვეტს მათ საარსებო საშუალებას.

დაქირავებით დასაქმებულებისაგან განსხვავებით, არაფორმალურ სექტორში მშრომელები განსაკუთრებით მოწყვლადი არიან იმის გამო, რომ მათ აქვთ შრომითი ხელშეკრულებები და სახელმწიფოს მათ შესახებ ინფორმაცია არა აქვს. შრომითი კონტრაქტის შეწყვეტის შედეგად უმუშევრად დარჩენილ ადამიანს სახელმწიფო შეიძლება დაეხმაროს რიგი პროგრამებით, რადგანაც ამ ადამიანების იდენტიფიკაცია მარტივია. არაფორმალურად მშრომელთა იდენტიფიკაცია კი ფაქტიურად შეუძლებელია და ამიტომაც ძალიან რთულია სოციალური უსაფრთხოების სისტემებმა ისინი მოიცვან. სწორედ, ამიტომ პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულად სწორედ ეს ჯგუფი უნდა მოვიაზროთ.

რეკომენდაციები

აღსანიშნავია, რომ პანდემიის გავრცელების პარალელურად საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო რიგი ღონისძიებების გატარება მოქალაქეთა სოციალური უსაფრთხოების დასაცავად. კერძოდ, ვირუსით ინფიცირებულთა მკურნალობა ხდება სახელმწიფო ხარჯებით, დადგინდა შეღავათები კომუნალურ გადასახადებზე, მიმდინარეობს მოლაპარაკება სატრანსპორტო კომპანიებთან რომელთაც უნდა უზრუნველყონ “აუცილებელი შრომის” შემსრულებელი დასაქმებულების ტრანსპორტირება, საარსებო შემწეობის გაცემა მიმდინარეობს გამარტივებულ რეჟიმში, ასევე გაჟღერდა ინიციატივები უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების ფინანსური დახმარების შესახებ.

ასევე საყურადღებოა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N181 დადგენილებაში არსებობდა ჩანაწერი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში აღსრულების ეროვნულ ბიუროს უზღუდავდა პირთა გამოსახლებას მფლობელობაში არსებული ბინიდან/საცხოვრისიდან. თუმცა აღნიშნულ დადგენილებაში 2020 წლის 30 მარტს შესული ცვლილების შედეგად ეს მუხლი ამოღებულია.

მოცემული ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია შემდეგი ღონისძიებების გატარება:

1. ფორმალურ სექტორში (შრომითი ხელშეკრულებით) დასაქმებული მუშაკები

1.1. დასაქმებულები, რომლებიც პანდემიის დროს აგრძელებენ სამსახურში სიარულს

1) სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს თუ რამდენად ასრულებენ დამსაქმებლები თანამშრომელთა ტრანსპორტირების ვალდებულებას, რამდენად იცავენ ამ პროცესში უსაფრთხოების ნორმებს და უზრუნველყოფენ თუ არა დასაქმებულებს პერსონალური დამცავი საშუალებებით. ამასთან, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ზედამხედველობის ფარგლებში, დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ ნორმირებული სამუშაო გრაფიკი მათთვის, ვინც მუშაობას აგრძელებს.

1.2. დასაქმებულები, რომელთაც პირდაპირ შეეხო პანდემია

2) დასაქმებულებს, ვინც ამჟამად იმყოფება კარანტინის რეჟიმში, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, არის თვითიზოლაციაში, ან გადიან მკურნალობის კურსს COVID19-ით ინფიცირების გამო, დამსაქმებელმა ეს პერიოდი უნდა ჩაუთვალოს ანაზღაურებად სამედიცინო შვებულებად. მათ ასევე უნდა შეეძლოთ ისარგებლონ სხვა ღონისძიებებით რასაც სახელმწიფო/დამსაქმებელი განახორციელებს მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

1.3. დასაქმებულები, ვინც პანდემიის გამო სამსახურიდან დაითხოვეს ან უხელფასო შვებულებაში იმყოფებიან

პანდემიის პირობებში ბევრმა კომპანიამ დროებით შეაჩერა ხელფასის გადახდა ან საერთოდ დაითხოვა თანამშრომლები. აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებისათვის კრიტიკული მნიშვნელობისაა გარკვეული მონეტარული ბენეფიტების მიწოდება, რათა მათ შეძლონ კრიზისულ პერიოდში თავის გატანა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია:

3) კრიზისის პერიოდში სახელმწიფომ უზრუნველყოს სამსახურიდან გათავისუფლებულ ან უხელფასო შვებულებაში გაშვებულ მოქალაქეებზე მონეტარული ბენეფიტების (შემწეობის) გაცემა მინიმუმ 3 თვის განმავლობაში. აღნიშნული მონეტარული ბენეფიტის მოცულობა უნდა განისაზღვროს საშუალო ზომის შინამეურნეობაზე გაცემული სოციალური დახმარების მოცულობის მიხედვით. აღნიშნული ბენეფიტის გაცემის ადმინისტრირება სრულად უნდა მოახდინოს სახელმწიფომ.

4) იმ დასაქმებულებისათვის, რომლებიც სამსახურის დაკარგვის ზღვარზე იმყოფებიან, სახელმწიფომ მცირე და საშუალო ბიზნესს უნდა შესთავაზოს სახელფასო სუბსიდირების სისტემა. კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლება მიეცეთ იმ შემთხვევაში თუკი ისინი დაადასტურებენ შემოსავლებისა და მოგების მნიშვნელოვან შემცირებას კრიზისის პირობებში. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფომ მათ უნდა შესთავაზოს დასაქმებულთა ხელფასების 50%-იანი სუბსიდირება. ცხადია, ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე შესაძლებელია გარკვეული ზედა ჭერის დაწესება აღნიშნულ სახელფასო სუბსიდიაზე.

2. არაფორმალურ სექტორში (შრომითი ხელშეკრულების გარეშე) დასაქმებულები

იქიდან გამომდინარე რომ არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა იდენტიფიცირება რთულია, შეუძლებელია მხოლოდ მათზე ორიენტირებული (ტარგეტირებული) პროგრამების შემუშავება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია შემდეგი ზოგადი და უნივერსალური ხასიათის მექანიზმების განხორციელება:

5) კრიზისის პერიოდში შეჩერებული უნდა იყოს პირთა გამოსახლება მფლობელობაში არსებული ბინიდან/საცხოვრისიდან;

6) კომუნალურ გადასახადებზე გამოცხადებულ შეღავათებზე დამატებით მოსახლეობას უნდა მიეცეს შესაძლებლობა კრიზისის პერიოდში გადაავადოს აღნიშნული გადასახადების გადახდა. ელ. ენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მათი მიწოდების შეწყვეტა, არამედ კომპანიებმა დაგროვილი დავალიანებები უნდა გადაანაწილონ და მისცენ შესაძლებლობა აბონენტებს მათი დაფარვა დაიწყონ კრიზისის შემდგომ პერიოდში, ეტაპობრივად;

7) მნიშვნელოვანია, რამდენიმე მსხვილი ბანკის ინიციატივა საშეღავათო პერიოდის შესახებ გაიზიარონ სხვა ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმაც და მისცენ მოსახლეობას საშუალება გადაავადონ სესხების გადახდა;

8) სოციალური დახმარების პროგრამამ უნდა გააფართოვოს მოცვა და გასცეს სოციალური დახმარებები იმ ოჯახებზე, რომელთა შეფასებაც განხორციელებულია, თუმცა სარეიტინგო ქულა საარსებო შემწეობისთვის საჭირო ზღვრულ ქულას არ აღემატება. კერძოდ, ეს მოიცავს შემდეგ შემთხვევებს: ოჯახები, რომელთა საარსებო შემწეობა დროებით შეჩერებულია, შეწყვეტილია ან საჭიროებს დამატებით შესწავლას. ასევე ოჯახებს, რომელთათვისაც საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურებიც ამჟამად მიმდინარეობს ან შემწეობის დანიშვნის უფლება წარმოეშვებათ მომდევნო თვეებიდან. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით ეს შეადგენს 13 706-ს ოჯახს;

9) უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისათვის განკუთვნილი ბენეფიტი (პუნქტი 3) ხელმისაწვდომი უნდა იყოს ასევე არაფორმალურად მშრომელებისათვის, რომელთა თვიური შემოსავალი საარსებო მინიმუმზე დაბალ მაჩვენებელზე დაეცა და რომელთაც აღნიშნულის დადასტურება შეუძლიათ რაიმე სახის დოკუმენტით (მაგ. აპლიკაციის საშუალებით მომუშავე ტაქსის მძღოლებს და კურიერებს შემოსავალი საბანკო ანგარიშზე ერიცხებათ). ასეთ დროს, ამ პირების მიმართ არ უნდა იქნას გამოყენებული საგადასახადო პასუხისმგებლობის ზომები დაუბეგრავი შემოსავლის გაცხადებისთვის;

10) არაფორმალურად დასაქმებული მშრომელების დასახმარებლად, რომელთაც კრიზისის შედეგად შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგეს, მნიშვნელოვანია არასამთავრობო და სხვა სათემო ორგანიზაციების მობილიზება, რომლებიც მუშაობენ აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებთან;

11) ბაზრობების ან სხვა მსგავსი ობიექტები დახურვის პარალელურად, უნდა მოხდეს იქ (არაფორმალურად) დასაქმებული პირების აღრიცხვა და მათთვის ბენეფიტების დანიშვნა მე-3 პუნქტში განსაზღვრული წესის შესაბამისად.

დასასრულს, აღსანიშნავია, რომ კრიზისით გამოწვეული უარყოფითი შედეგების გასანეიტრალებლად მთლიანად საზოგადოებისათვის, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ღონისძიებების განხორციელება. კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა შეიმუშავონ საჭიროებაზე დაფუძნებული დახმარების მექანიზმები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ურბანულ დასახლებებში ეს შეიძლება განხორციელდეს ამხანაგობებთან (იქ, სადაც ამხანაგობა ქმედითი ინსტრუმენტია), ხოლო სოფლად – სოფლის გამგებლებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ავტორის შესახებ

ანა დიაკონიძე არის შრომისა და დასაქმების პოლიტიკის მკვლევარი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი; 2018 წლიდან არის ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ექსპერტი შრომისა და დასაქმების საკითხებზე.

ვახტანგ ნაცვლიშვილი არის იურისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი; 2019-2020 წლებში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, მუშაობდა შრომის კანონმდებლობის ფუნდამენტურ სარეფორმო წინადადებაზე.


ტექსტი თავდაპირველად გამოქვეყნდა ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს ვებგვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი