ახალი ამბებისაზოგადოება

გულის დაავადებები, მედიკამენტები და COVID-19 – ინტერვიუ კარდიოლოგთან

5 აპრილი, 2020 • 7716
გულის დაავადებები, მედიკამენტები და COVID-19 – ინტერვიუ კარდიოლოგთან

გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე პაციენტები კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გართულების მაღალი რისკის ქვეშ არიანრა არის ამის მიზეზი, რამდენად საფრთხის შემცველია გულის დაავადებების სამკურნალო პოპულარული მედიკამენტების მიღება კორონავირუსით დაინფიცირებისას და რა უნდა იცოდნენ გულის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა პანდემიის დროსამ და სხვა საკითხებზენეტგაზეთი  “Worldwide Clinical Trials” აღმასრულებელი სამედიცინო დირექტორს და კარდიოვასკულური და მეტაბოლური დაავადებების მიმართულების ხელმძღვანელ ეთერ ცეცხლაძეს ესაუბრა: 


პირველ რიგში, თუ არსებობს მიახლოებითი სტატისტიკა, საქართველოში მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და რატომ ითვლებიან ასეთი პაციენტები კორონავირუსის რისკჯგუფად?

მე არ გამაჩნია 2020 წლის მონაცემები საქართველოში გულ-სსხლძარღვთა დაავადებების გავრცელების შესახებ. თუმცა შემიძლია გითხრათ, რატომ ითვლება კარდიოვასკულური დაავადებები COVID 19-ით ინფიცირებულებისთვის მაღალ რისკად. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის მონაცემები, რომლის შესახებაც ჩვენ  ვსაუბრობთ, არის დღევანდელი დღისთვის არსებული ინფორმაცია (ინტერვიუ ჩაწერილია 3 აპრილს – ავტ.), მაგრამ მონაცემები ყოველდღე იცვლება და ხვალ შეიძლება, აბსოლუტურად სხვა რეალობა და სტატისტიკა გვქონდეს.

ერთერთი პრობლემა არის ის, რომ – კოვიდ 19-ით დაავადებული პაციენტების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ პაციენტებში, რომელთაც  თანხვედრი კარდიოვასკულური დაავადებები აქვთ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. მაგალითად, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ რესპირატორული დაავადებები (ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება), თითქოს უფრო მაღალი სიკვდილიანობა უნდა იყოს მოსალოდნელი, რადგან კოვიდ 19 უშუალოდ  ფილტვებს და სასუნთქ სისტემას აზიანებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთი პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელია დაახლოებით 6,3% მაშინ, როდესაც კარდიოვასკულური დაავადებების მქონე პაციენტებში ეს ციფრი ყველაზე მაღალია, დაახლოებით – 10,5%. ესე იგი, ყოველი 100 პაციენტიდან, რომელსაც აქვს კარდიოვასკულური დაავადება და დაემართება კოვიდ 19, დაახლოებით ათზე მეტი პაციენტი შეიძლება დაიღუპოს. ამიტომ არის კარდიოვასკულური დაავადება კოვიდ 19-ისთვის მაღალი რისკის შემცველი და ამიტომაც განსაკუთრებული სიფრთხილე და მობილიზაციაა საჭირო იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტი კარდიოვასკულური ანამნეზით კოვიდ 19 -ით დაავადდა

რა არის მიზეზი, რის გამოც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში სიკვდილიანობა უფრო მაღალია? 

ზუსტი პასუხის გაცემა ამაზე ჯერჯერობით ძალიან ძნელია, რადგან კვლევები მიმდინარეობს. ერთი თეორია, რატომაც ეს ხდება, არის ის, რომ ხანდაზმულ პაციენტებში,  სადაც სიკვდილიანობა თავისთავად მაღალია, თანმხლები კარდიოვასკულური დაავადებები ხშირია. ამ პოპულაციაში ყველაზე ხშირია ჰიპერტენზია (მაღალი წნევა), გულის იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა და ა.შ. კოვიდ-19 ით გარდაცვლილ ხანდაზმულთა დიდ ნაწილს აღმოაჩნდა სხვადასხვა კარდიოვასკური ანამნეზი. ეს არის ერთ-ერთი ახსნა.

მიზეზშედეგობრივი კავშირის მექანიზმიც რომ ავხსნათ… დაავადება მწვავდება იმიტომ, რომ კორონავირუსი აზიანებს ფილტვებს, რა დროსაც სისხლში ჟანგბადის ოდენობა იკლებს და, შესაბამისად, გულზე მეტი დატვირთვა მოდის?

ნებისმიერი რესპირატორული ინფექციის დროს, იქნება ეს სარსი, მერსი, გრიპის მძიმე ფორმა, კარდიომეტაბოლური მოთხოვნა იზრდება. ნებისმიერი ვირუსული ინფექციის დროს, როდესაც კარდიომეტაბოლური მოთხოვნა იზრდება, გული ზარალდება. თუკი გულის პრობლემა თავიდანვე იდენტიფიცირებულია და პაციენტს აქვს გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა, ამ შემთხვევაში გაზრდილ კარდიმეტაბოლური მოთხოვნას კომპრომეტირებული გულ-სისხლძარღვთა სისტემა ვერ აბალანსებს. განსაკუთრებით COVID 19-ის შემთხვევაში რომლის გართულებაც უშუალოდ იწვევს ალვეოლების „ჩაჩუტვას“ და და ჟანგბადის სისხლის გაჯერების მკვეთრ დეფიციტს.  ვირუსემიის საპასუხოდ შეიძლება განვითარდეს გულის მძიმე არითმია ან გულის გაჩერება, გულის კუნთის ანთება – მიოკარდიტი; გულ-სისხლძარღვთა მზარდი უკმარისობა. ამიტომ ასეთი პაციენტების მართვა რთულია და კარდიოლოგები, რეანიმატოლოგები და ინფექციონისტები ერთობლივად მუშაობენ.

ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს რომ ყველა პაციენტი, ვისაც გულის დაავადება აქვს, აუცილებლად გართულდება კოვიდ 19 -ით დაინფიცირების შემთხვევაში. რეალურად, კოვიდ 19 -ის გავრცელება მსოფლიოში ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე დიაგნოსტირებული შემთხვევები, რომლებიც კლინიკაში ხვდებიან და მკურნალობენ (სრულიად უსიმპტომო პაციენტებს ვგულისხმობ). იმის გამო, რომ გავრცელება ბევრად უფრო მაღალია, ჩვენ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ რეალური სიკვდილიანობის მაჩვენებელი გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიით  პაციენტებში, რომლებიც კოვიდ 19-ით დასნებოვდნენ ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ჰოსპიტალურ სექტორში, სადაც უკვე გართულებული პაციენტები ხვდებიან.

მეორე ახსნა იმისა, რატომ არის კარდიოვასკულური დაავადებების მქონე პაციენტებში სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებელი, არის ის, რომ შესაძლოა პოტენციური კავშირი არსებობდეს თვითონ კოვიდ 19-ის გამომწვევ ვირუსის (SARS-CoV-2)რგანიზმში შეღწევადობას, დაავადების მიმდინარეობასა და იმ სამკურნალო პრეპარატებს შორის, რომლებსაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტები იყენებენ.

გამოითქვა გარკვეული მოსაზრებები, რომ COVID 19 დაავადებული პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ აგფ-ინჰიბიტორების ან არ-ბლოკერების ჯგუფის პრეპარატებით, შესაძლოა იმყოფებოდენ არასასურველი გამოსავლების მაღალი რისკის ქვეშ, ვინაიდან ანგიოტენზინის გარდამქნელი ფერმენტი 2 (აგფ2) ზრდის ACE-2 ის ექსპრესიას, რომელიც ისედაც მაღალია ხანდაზმულ პაციენტებში, ხოლო SARS-CoV-2 უჯრედის შიგნით აღწევს ACE-2 -ის მეშვეობით. ეს მოსაზრება ემყარება ერთეულ პრე-კლინიკურ კვლევებს ექსპერიმენტულ ცხოველებში და სწორედ ასეთი კვლევების შედეგებმა გამოიწვია პაციენტების ვნებათაღელვა რადგან კარდიოვასკულარ პაციენტთა დიდი ნაწილი სხვადასხვა მიზნით იღებს ამ ჯგუფის პრეპარატებს.   

იცით, რომ არტერიული ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის და ძალიან ბევრი კარდიული დაავადების დროს ყველაზე ხშირად მოხმარებადი პრეპარატები არის ე.წ. აგფ ინჰიბიტორები და არ- ბლოკერები. კაპტოპრილი, ლიზინოპრილი, ენალაპრილი, ლოზარტანი, კანდესატრანი, ირბესარტანიდა ა.შ. – ეს არის ძალიან დიდი ჯგუფი პრეპარატებისა, რომლებიც გამოიყენება მაღალი წნევით პაციენტში;  გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, დიაბეტური ნეფროპათიით პაციენტებში ცილის კარგვის შესამცირებლად. რადგან არსებობს მონაცემები, რომ კოვიდ 19-ის გამომწვევი ვირუსი, იმისთვის, რომ უჯრედის შიგნით შევიდეს, ებმის ე.წ. ACE-2 რეცეპტორებს – იმ რეცეპტორებს, რომლებზეც ეს მედიკამენტები მოქმედებენ და რომელთა დონესაც ორგანიზმში ზრდიან. გაჩნდა ეჭვი, ხომ არ იწვევს ამ პრეპარატების მიღება დაავადების მიმართ მეტ მგრძნობელობას? ანუ უფრო ხშირად და უფრო მძიმედ ხომ არ ავადდებიან კოვიდ 19-ით ის პაციენტები რომლებიც ამ ჯგუფის მედიკამენტებს იღებენ. ეს იყო ერთ-ერთი თეორია, რომელიც ხსნიდა პაციენტთა მაღალ სიკვდილიანოობას კარდიოვასკულური დაავადებების მქომე პაციენტებში.

რამდენად მყარი საფუძველი აქვს ამ მოსაზრებას და ნიშნავს თუ არა ეს, რომ პაციენტებმა უნდა შეწყვიტონ აღნიშნული მედიკამენტების მიღება ან კორექტირება შეიტანონ მკურნალობაში?  

ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა არის ამ საკითხთან დაკავშირებით. რიგმა პაციენტებმა თვითნებურად, ექიმის რეკომენდაციის გარეშე შეწყვიტეს ამ პრეპარატების მიღება, რაც აბსოლუტურად არასწორია. დღეს არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ეს პრეპარატები რეალურად იწვევენ კოვიდ 19-ის მიმართ მგრძნობელობის გაზრდას და აუარესებენ პაციენტის გამოსავალს. შესაბამისად, არანაირი რეკომენდაცია არ არსებობს, რომ პაციენტებმა ან შეწყვიტონ ამ პრეპარატების მიღება, გადავიდნენ სხვა პრეპარატზე, ან კიდევ ექიმის დაუკითხავად შეცვალონ პრეპარატის დოზა. კოვიდ 19-ის პანდემიის დროს, კარდიოვასკულური დაავადებით პაციენტმა  უნდა გააგრძელოს იმ მედიკამენტების მიღება, რომლებსაც იღებდა და მაქსიმალურად გააკონტროლოს წნევა. ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ სხვადასხვა პრეპარატი, მათ შორის იმუნოსუპრესანტები, სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, როგორიცაა, მაგალითად, იბუპროფენი, კლოფენაკი, ნაპროქსენი და ა.შ. ასევე იწვევენ წნევის აწევას. წნევის მატებას იწვევს კოფეინის დიდი რაოდენობით მიღება და ალკოჰოლი. არტერიული წნევის მატება კი თავისთავად არის კოვიდ 19-ის დამატებითი რისკფაქტორი. გულს-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტები მაქსიმალურად უნდა ეცადონ, რომ მათი წნევა იყოს კონტროლირებადი. 

ყველაზე ახალი რაც დღესდღეობით კარდიოლოგიაში ხდება არა მხოლოდ კოვიდ 19-თან დაკავშირებით, არამედ ზოგადად, არის ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯის კონგრესი, რომელიც 28 მარტს დაიწყო და ახლახან დასრულდა. ის ვირტუალურად მიმდინარეობდა. ყველა რეკომენდაცია, რომელიც კოვიდ 19-ს ეხება კარდიოვასკულური მიმართულებების თვალსაზრისით, მიღებულია ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯის მიერ და ეფუძნება ავტორიტეტული გამოცემების პუბლიკაციებს და ექსპერთტა საერთო შეჯერებულ მოსაზრებას. კონკრეტულად აგფ-ინჰიბიტორებთან ან არ-ბლოკერებთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ამერიკის გულის ასოციაციის სუმარული რეკომენდაცია (02 აპრილი 2020), რომელიც აერთიანებს ყველა ავტორიტერულ მიმოხილვას და პუბლიკაციას, ფაქტებზე დამყარებული, გაიდლაინით დამტკიცებული რეკომენდაცია ჯერჯერობით არ არსებობს, რადგან ყველაფერი ახალია და, ჯერჯერობით, ემყარება მხოლოდ სამეცნიერო ჯგუფების მოსაზრებებს. სულ 4 ასეთი ძირითადი მიმოხილვა არსებობს. პირველი იყო ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის, რომელიც 15 მარტს დაიბეჭდა. ის იძლევა რეკომედნაციას, რომ აგფ-ინჰიბიტორები ან არბ-ბლოკატორების ჯგუფის წამლების მიღება უნდა გაგრძელდეს, სანამ დამატებითი მტკიცებულებები არ გვექნება. 17 მარტს ეს რეკომენდაცია გადაიხედა ისევ ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის მიერ და იგივე რეკომენდაცია გაიცა. ამის შემდეგ გამოქვეყნდა სამი ძალიან ავტორიტეტული მიმოხილვა: “ლანცეტის”, მეიოს კლინიკის და The New England Journal of Medicine-ის. 

როგორც მოგახსენეთ ექსპერიმენტულ ცხოველებში აგფ-ინჰიბიტორების ან არ-ბლოკერების შეყვანამ გაზარდა იმ რეცეპტორების რაოდენობა, რომელიც მგრნობიარეა კოვიდ 19-ის გამომწვევი ვირუსის მიმართ. მაგრამ ჯერ არავინ იცის, ეს  ადამიანში რეალურად როგორ მოქმედებს, და მეორე, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ეს რამენაირად ამძიმებს პაციენტის მდგომაეობას. ექპერტთა ჯგუფი ჩემს მიერ ჩამოთვლილი მნიშვნელოვანი პუბლიკაციების საფუძველზე შეთანხმდა, რომ პაციენტის მიერ ამ პრეპარატებისთვის თავის დანებება იქნება ბევრად უფრო სახიფათო და საზიანო, ვიდრე ის პრობლემა, რომელიც შეიძლება შექმნას კოვიდ 19-ის ინფექციამ ამ პოპულაციაში. შესაბამისად, დღესდღეობით რეკომენდაცია არის ცალსახა – პაციენტმა უნდა გააგრძელოს ამ პრეპარატების მიღება. 

დაახლოებით 10-მდე კვლევა კიდევ მიმდინარეობს, რომელიც საბოლოო პასუხს გასცემს დაგროვილ კითხვებს. მაგრამ, ჯერჯერობით, არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს, რომ პაციენტებს შევუცვალოთ მკურნალობა, პირიქით – რეკომენდაციაა, რომ პაციენტებმა გააგრძელონ ეს მკურნალობა და გულ-თანმხლები დაავადებები მაქსიმალურად აკონტროლონ.

თუ ადამიანს, რომელსაც აქვს გულის დაავადებები, აგფ-ინჰიბიტორებით ან არ-ბლოკერებით მკურნალობს, მაგრამ მაინც ეშინია ამ მედიკამენტების მიღება, არსებობს ალტერნატივა? 

პაციენტმა თვითნებურად არაფერს უნდა დაანებოს თავი, მათ შორის, არცერთ ამ ჯგუფის პრეპარატს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ეშინია მას. თუკი მას უნდა კონკრეტულად პრეპარატზე თავის დანებება, რაღაც განსაკუთრებული მიდგომის გამო, აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს თავის მკურნალ ექიმს და თუ ეს აუცილებელი და გარდაუვალია, ექიმი შეურჩევს ალტერნატიულ მკურნალობას ისე, რომ არ დაზარალდეს პაციენტი და ისე, რომ კარდიოვასკულური დაავადების კონტროლი შენარჩუნდეს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ამ ჯგუფის პრეპარატები სიცოცხლის შემანარჩუნებელ პრეპარატებად ითვლებიან და ალტერნატივა არ აქვთ. ამიტომ მათი შეწყვეტის რეკომენდაციას დღეს არსებული მონაცემების საფუძველზე არ ვიძლევით. 

მეც ხშირად მირეკავენ და მეკითხებიან, შეიძლება თუ არა კაპტოპრილი დალიონ. თუკი პაციენტი კატეგორიულად არ იღებს ამ პრეპარატებს რაღაც მოსაზრებების გამო, რომელსაც საფუძველი, რა თქმა უნდა, არა აქვს, მაშინ მისმა მკურნალმა ექიმმა უნდა შეარჩიოს ალტერნატიული მკურნალობა, რომელიც უზრუნველყოფს მისი დაავადებების ადექვატურ კონტროლს.   კონკრეტულად არტერიული წნევის კონტროლი სხვა პრეპარატებითაც შესაძლებელია და ასეთი პრეპარატი უამრავია ფარმაცევტულ ბაზარზე, თუმცა ხშირ შემთხვევაში აგფ-ინჰიბიტორები და არ- ბლოკერები უალტერნატივოა. თქვენ წარმოიდგინეთ ამ პრეპარატებზე მყოფმა ყველა პაციენტმა COVID-19-ის შიშით მკურნალობას თავი რომ დაანებოს. ეს კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანს. 

შეგიძლიათ დაგვისახელოთ?

შემიძლია დაგისახელოთ ძალიან ბევრი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი, მაგრამ მათი დასახელება გამოიწვევს იმას, რომ პაციენტები ექიმის დაუკითხავად შეწყვეტენ აგფ ინჰიბიტორების/არ-ბლოკერების მიღებას და გადავლენ ალტერნატიულ მკურნალობაზე. ამიტომ ამ პრეპარატებს შეგნებულად არ დავასახელებ. სჯობს, ეს განიხილონ თავიანთ მკურნალ ექიმთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არსებობს არც ევროპის კარდილოგთა საზოგადოების, არც ამერიკის გულის ასოციაციის, არც ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯის რეკომენდაცია, რომელიც გვეუბნება, რომ პაციენტმა უნდა შეწყვიტოს აგფ-ინჰიბიტორებით ან არ-ბლოკერებით მკურნალობა. თუ ეს რეკომენდაცია შეიცვალა, აუცილებლად ჩვენს პაციენტებს, პირველ რიგში, შევუცვლით მკურნალობას, მაგრამ დღეს რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება ჩვეულ რეჟიმში, დანიშნულების მიხედვთ.

ასევე, არსებობს ეჭვები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შესახებ. რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს მათი მიღება?  

ნებისმიერ მოსაზრებას აქვს რაღაც საფუძველი და არსებობის უფლება. გარკვეულ ექიმთა ჯგუფები საკუთარი დაკვირვებების საფუძველზე წერენ დასკვნებს, რომ შესაძლოა, რომელიმე ჯგუფის მედიკამენტებმა გააუარესოს პაციენტთა მდგომაროება კოვიდ 19-ის დროს. ეს ეხება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებსაც როგორიცაა იბუპროფენი, ნაპროქსენი, დიკლოფენაკი და სხვა.  დღესდღეისობით არანაირი მეცნიერული მტკიცებულება ამასთან დაკაშირებითაც არ არსებობს. იმისთვის, რომ მტკიცებულებები დაგროვდეს, საჭიროა უფრო დიდი მასალის შეგროვება და მეტა ანალიზი. გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებისგან განსხვავებით, არასტეროიდები – სიცხის დამწევი ან ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, უფრო მარტივად შეიძლება ჩანაცვლდეს: შესაძლოა, აზრი ჰქონდეს იბუპროფენის ნაცვლად პარაცეტამოლის მიღებას მაღალი სიცხის დროს. თუმცა, ვიმეორებ, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან დაკავშირებითაც მხოლოდ ცალკეულ მეცნიერთა გამონათქვამი გვაქვს და არანაირი სერიოზული მტკიცებულებები ჯერჯერობით არ გაგვაჩნია.

დაავადების მიმდინარეობისთის ძალიან მნიშვნელოვანია, რა პრეპარატებით მკურნალობენ. თქვენ იცით, რომ ძალიან პოპულარულია ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილი) და ქლოროქინის გამოყენება, რომლებიც ვირუსის გამრავლებას ხელს უშლიან. ითვლება, რომ ამ მედიკამენტებს გამოხატული ანტივირუსული მოქმედება აქვთ. ეს ერთერთი მოსაზრებაა და საკმაოდ იმედის მომცემი. მაგრამ მას ჯერჯერობით არ აქვს ევროპის წამლის სააგენტოს და ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის ნებართვა ამ პათოლოგიის დროს გამოსაყენებლად  არცერთი პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება თვითნებურად, ექიმის რეკომენდაციის გარეშე, ამბულატორიულ პირობებში. ტოტალური პანდემია, ალტერნატიული მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში ექიმს აძლევს საფუძველს იმედისმომცემი მედიკამენტი გამოიყენოს. ამჟამად, განსაკუთრებით პოპულარულია პლაქველინის და აზიტრომიცინის (სუმამედი) კომბინაცია რომელმაც შეიძლება პოტენციურად შეამციროს ვირუსით დატვირთვა. თუ პაციენტებმა ისინი უკონტროლოდ, კარდიოლოგის მეთვალყურეობის გარეშე, შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში გართულება – მიოკარდიუმის რეპოლარიზაციის გახანგრძლივება და შედეგად, სასიკვდილო არითმია.. ამიტომ ძალიან სახიფათოა ნებისმიერი ჯგუფის პრეპარატის თვითნებურად გამოყენება,  კარდიოლოგიური თვალსაზრისით განსაკუთრებით სახიფათოა პლაქვენილის და აზიტრომიცინის(სუმამედის) კომბინაცია გულის რიტმის მონიტორირების არარსებობის შემთხვევაში.

გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტები რისკჯგუფს განეკუთვნებიან იმიტომ, რომ კორონავირუსი, შესაძლოა, მათთან უფრო რთულად წარიმართოს, თუ იმიტომაც, რომ შესაძლოა, უფრო ადვილად დაინფიცირდნენ?

ის მოსაზრება, რაც ACE ინჰიბიტორებთან არის დაკავშირებული უკვე მოგახსენეთ. ეჭვი რომ ისინი  შესაძლოა აიოლებდნენ პაციენტის დაინფიცირებას არსებული მონაცემებით სერიოზულ საფუძველს მოკლებულია. ამიტომ ჩვენ დღეს ვერ ვიტყვით, რომ ის პაციენტიები, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აქვთ, უფრო იოლად ავადდებიან, ვიდრე ის პაციენტები, რომელთაც ასეთი დაავადებები არ აქვთ. უბრალოდ, რადგან ყველა არ იტესტება და მთელ პოპულაციაში რეალური გავრცელება არ ვიცით, იმ პაციენტებში, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები აქვთ, COVID 19 კლინიკურად უფრო ხშირად ვლინდება, უფრო ხშირად რთულდება და უფრო ხშირად ხვდებიან ეს პაცინეტები სტაციონარში. შესაბამისად, რადგან ჯერ სხვა მტკიცებულებები არ გვაქვს, შეიძლება ვივარაუდოთ არა ის, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებით პაციენტები უფრო იოლად ავადდებიან, არამედ ის, რომ ასეთ პაციენტებს უფრო ხშირად ურთულდებათ მდგომარეობა იმის გამო, რომ აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადება ეს არის  დღევანდელი მონაცემები, თუმცა ძალიან სწრაფად იცვლება ინფორმაცია.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის რომელი დაავადებაა უფრო მეტად რისკის შემცველი კორონავირუსული ინფექციის მქონე პაციენტისთვის? 

ყველაზე მეტი რისკის შემცველია ჰიპერტენზია. სხვა კარდიოვასკულური გართულებების გარდა, მხოლოდ ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში სიკვდილიანობა 6-7%-ია.  დიაბეტის შემთხვევაში სიკვდილიანობის რისკი არის 7%. ჰიპერტენზია ხშირად შერწყმულია გულს-სისხლძარღვთა სხვა დაავადებებთან. ნებისმიერი კარდიოვასკულური დაავადების შემთხვევაში საერთო სიკვდილიანობა 10%-ს აღემატება. ჰიპერტენზიასთან ერთად,  გულის უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი არის ს სამი ძირითადი და მკაფიოდ იდენტიფიცირებული რისკფაქტორი, რომელიც უფრო ხშირად ხანდაზმულ პოპულაციაში გვხვდება.

პნევმონიის განვითარების რისკი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებში უფრო მაღალია?

ესეც დაკავშირებულია იმ საკითხთან, რამდენად უფრო იოლად ავადდებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტები კოვიდ 19-ით სხვა პაციენტებთან შედარებით. იმ მტკიცებულებებით, რაც დღეს გაგვაჩნია, არა – პნევმონია არის დამოუკიდებელი გართულება, რომელიც ხშირია სიმპტომურ პაციენტებში და სპონტანური გამოჯამრთელებით მთავრდება უფრო ხშირად. საყურადღებოა, რომ ის პნევმონია, რომელიც კოვიდ 19-ს ახასიათებს, ძნელი დასადგენია აუსკულტაციით მისი დიაგნოსტირებისთვის საჭიროა რენტგონოლოგიური კვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია. იმ პაციენტებში, რომლებსაც პნევმონია ემართებათ და აქვთ გულის თანმდევი დაავადება, რა თქმა უნდა, დამატებითი გამოკვლევებია საჭირო გულის ფუნქციის შესაფასებლად.

თქვენ უკვე ისაუბრეთ მედიკამენტური მკურნალობის გაგრძელების და წნევის გაკონტროლების შესახებ. კიდევ რა რეკომენდაციებია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ მათ ყურადღება. ასევე, არის რამე განსაკუთრებული და განსხვავებული წესები ადამიანებისთვის, რომლებსაც გადატანილი აქვთ ინფარქტი, ინსულტი, შუნტირება ან სტენტი უდგათ?

ყველა ეს პაციენტი მიეკუთვნება რისკის ჯგუფს. მათში  COVID 19 შეიძლება გართულდეს როგორც კარდიოვასკულური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის რეკომენდაციაა, გააგრძელონ მკურნალობა, რომელსაც იღებენ; დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჰიპერტენზია კონტროლდება; თავი ავარიდოთ წნევის მატების პროვოცირებას, მაგალითად, თავი შევიკავოთ ზედმეტი კოფეინის და ალკოჰოლის მიღებისგან. ამერიკის გულის ასოციაციის რეკომენდაცია არ დალიონ სამ ფინჯან ყავაზე მეტი დღის განმავლობაში, თავი შეიკავონ ალკოლჰოლის მიღებისაგანდიაბეტის მქონე პაციენტებმა ასევე უნდა გააგრძელონ ანტიდიაბეტური პრეპატარების მიღება და აკონტროლონ დაავადება. კოვიდ 19-თან დაკავშირებით გულს-სიხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებს, ამ ეტაპზე, ფარმაკოლოგიურ მკურნალობაში კორექტივების შეტანა არ სჭირდებათ. თუკი არის რამე გართულება, რა თქმა უნდა, სპეციალისტს უნდა მივმართოთ. როცა კოვიდ 19-ის პოტენციური პაციენტი ექიმს მიმართავს, აუცილებლად უნდა უთხრას, რომ მას აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, შეატყობინოს, რა პრეპარატებს იღებს, როგორია მისი კლინიკური მდგომარეობა და ზუსტად მიჰყვეს ექიმის რეკომენდაციას. მერწმუნეთ, არაფრით არ შეიძლება რომელიმე პრეპარატის პროფილაქტიკური მიზნით მიღება კოვიდ 19-ის დროს.

სიმპტომებს რაც შეეხება, ყველა პაციენტს, რომელიც ნებისმიერ დროს ხვდება კარდიოლოგთან, ვაძლევთ რეკომენდაციას შესაძლო სიმპტომების ამოცნობის შესახებ. ეს არის ჩვეულებრივი დანართი დანიშნულებაზე, სადაც წერია, რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს ყურადღება პაციენტმა გულის დაავადებით. საინტერესო არის ის, რომ ზოგიერთ პაციენტში, რომელიც შეიძლება დაავადდეს კოვიდ 19-ით, შეიძლება დაავადება კლინიკური მანიფესტაციის თვალსაზრისით ნაკლებად დრამატულად მიმდინარეობდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება მიდის ნაკლებად მძიმედ. მაგალითად, ხანდაზმულ პაციენტებში იშვიათია მაღალი ცხელება, რაც ძალიან ხშირად  გვხვდება კოვიდ 19-ით ინფიცირებულ ახალგაზრდა პაციენტებში. ხანდაზმულ პაციენტებს ტემპერატურა 38-ზე ზემოთ იშვიათად უწევთ. ასევე, საინტერესოა რომ აუტოიმუნური დაავადებით პაციენტები, რომლების იღებენ იმუნოსუპრესიულ მკურნალობას ან მკურნალობენ ბიოლოგიური პრეპარატებით არ წარმოადგენენ კოვიდ 19 -ის მაღალი რისკის პაციენტებს, რაც სამწუხაროთ არ ეხება , სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს. თუმცა ამ პაციენტებშიც, მიუხედავად ნაკლები კლინიკური მანიფესტაციისა აუცილებელია მჭიდრო მონიტორინგი შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით.  

კარდიოვასკულური დაავადების მქონე პაციენტებში კოვიდ 19-ის მიმდინარეობის დროს გართულებები მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე დღიდან უფრო დრამატულია, ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებსაც კარდიოვასკულური დაავადება არ აქვთ. ამიტომ ეს პაციენტები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ – თუკი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც კარდიოვასკულური დაავადება და სუნთქვის უკმარისობა არ აქვს, თავისუფლად შეიძლება ამბულატორიულად, სახლის პირობებში მართო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით პაციენტებში უფრო მეტი სიფრთხილეა საჭიროა,  მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს არა დღეების, არამედ საათების განმავლობაში. ამიტომ ასეთ პაციენტებში უფრო ხშირად საჭიროა ჰოსპიტალიზაცია და მჭიდრო მონიტორინგი.

ანუ, გულის დაავადებების მქონე პაციენტების ბინაზე მკურნალობა მიზანშეწონილი არ არის?

რეკომენდაციას სტაციონარიზაციასთან დაკავშირებით სხვა ფაქტორები განაპირობებს. თუმცა რადგან ამ შემთხვევაში გართულებების რისკი უფრო მაღალია, თუკი ასეთი პაციენტები ბინაზე რჩებიან, საჭიროა უფრო მჭიდრო მონიტორინგი.

და ბოლოს, როგორ უნდა დაიცვან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებმა ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც ასე მნიშვნელოვანია მათთვის, კარანტინის პირობებში?

იზოლაცია და სოციალური დისტანცირება რთულია, თუმცა აუცილებელი. ზოგადად, სეირნობა, ფეხით სიარული, სუფთა ჰაერზე გასვლა არ არის ცუდი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს წესების მაქსიმალური დაცვით ფიზიკურ დატვირთვას და ვარჯიშს რაც შეეხება, ინდივიდუალურია იმის მიხედვით, თუ რა ტიპის გულ-სისხლძარღვთა დაავადებასთან გვაქვს საქმე. 70 წელს გადაცილებული პაციენტებისთვის კი კატეგორიული მოთხოვნაა არ გავიდნენ გარეთ და მაქსიმალურად შეამცირონ კონტაქტები. 


ეთერ ცეცხლაძე არის კარდიოლოგი,  ალექსანდე ალადაშვილის სახელობის კლინიკის კლინიკური კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. “Worldwide Clinical Trials” აღმასრულებელი სამედიცინო დირექტორი და კარდიოვასკულური და მეტაბოლური დაავადებების მიმართულების ხელმძღვანელი.  ის არის მედიცინის დოქტორი. ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯის ნამდვილი წევრი. ევროპის კარდილოგთა ასოციაციის ნამდვილი წევრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი