ახალი ამბები

ოპოზიცია 20 ივნისზე ომბუდსმენის ანგარიშში მოყვანილ გარემოებებს აფასებს

3 აპრილი, 2020 • 983
ოპოზიცია 20 ივნისზე ომბუდსმენის ანგარიშში მოყვანილ გარემოებებს აფასებს

ოპოზიციური პარტიების ლიდერები 20 ივნისის აქციის დაშლაზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ომბუდსმენის ანგარიშს ეხმაურებიან. პარტიებში მიიჩნევენ, რომ ანგარიშში მოყვანილი ფაქტებით გამოძიების პროცესში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა ჩნდება.

ანგარიშში, რომელშიც სახალხო დამცველი აფასებს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებას სწავლობს 20, 21 ივნისის აქციის დარბევაზე, საქმის მასალები უთითებს, რომ არც შს მინისტრს, არც მის მოადგილეებს და არც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუციათ.

ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქმის მასალებში მაშინდელი მინისტრი გიორგი გახარია და მისი მოადგილეები უთითებენ, რომ ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მათი ბრძანებითა და თანხმობით მოხდა, თუმცა რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუციათ.

“ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ შესაძლოა გამოძიებამ დამალა კონკრეტული ჩანაწერები, სადაც ბრძანება იყო გაცემული რეზინის ტყვიების გამოყენებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ თუ რიგითმა სპეცრაზმელებმა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს, მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს:

“სახალხო დამცველის ანგარიშმა 20 ივნისის ღამეზე დატოვა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. გააჩინა ახალი კითხვები. განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც ის მიმოიხილავს რაციების ჩანაწერებს, სადაც აშკარაა, რომ ან გამოძიებამ დამალა კონკრეტული ჩანაწერები, სადაც ბრძანება იყო გაცემული, ან კიდევ ჩანს, რომ მოსახლეობაზე მიტანილი შტურმი ,მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენება, ხდებოდა ბრძანების გარეშე, რაც, ბუნებრივია, იწვევს კითხვას, თუ რატომ არ იქნა ის ადამიანები დასჯილი, ვინც ეს გააკეთა”, – ამბობს კაპანაძე.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” აღნიშნავენ, რომ გამოძიებამ არ გასცა პასუხის კითხვას, თუ ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება, თუმცა ვარაუდობენ, რომ მოვლენები ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მითითებების შესაბამისად განვითარდა:

“ამ დღიდან თითქმის 10 თვის შედეგ ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ არ აქვთ პასუხი კითხვაზე – ვინ გასცა ბრძანება ამ ჭურვების გამოყენებაზე 20 ივნისის ღამეს და, როგორც ჩანს, გადაიმალა ის ჩანაწერები რაციის თუ სატელეფონო საუბრების, რომელიც მისცემდა სახალხო დამცველს საშუალებას, დაედგინა სიმართლე. ამ ანგარიშიდან გამოიკვეთა, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და ვასკვნით არამხოლოდ იმას, რომ პასუხისმგებლობას გაურბის და არ პასუხობს შეკითხვებს დღევანდელი პრემიერ-მინისტრი. ამ ანგარიშიდან ირკვევა ისიც, რომ სხვა სახელმწიფო უწყებები, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის პირდაპირ დაქვემდებარებაში, ისეთი, როგორიც არის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ბატონი ჩუბინიძის ხელმძღვანელობით, და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მაშინ ბატონი გომელაურის ხელმძღვანელობით – ეს უწყებებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ სპეცოპერაციაში. თუმცა დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რა იყო მათი როლი 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებში” ,- ამბობს სალომე სამადაშვილი.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება გიორგი გახარიას, მაგრამ, ამავდროულად, იკვეთება, რომ ბიძინა ივანიშვილი მის მიმართ დაქვემდებარებული პირების უწყებების თანამონაწილეობით უშუალოდ იყო ჩართული 20 ივნისის მიმდინარე მოვლენებში.

ენმ მიიჩნევს, რომ სიმართლის დადგენა მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება აღნიშნულ საქმეზე შესაძლებელი, თუ საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა, მოისმინოს ის ჩანაწერები, რომლებიც გამოკვეთს იმ მოვლენებში ივანიშვილის როლს და მის მიერ გაცემულ მითითებებს.

ბიძინა ივანიშვილის შესაძლო კავშირს 20 ივნისის მოვლენებთან ხედავს “რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ბერძენიშვილიც. მისი თქმით, ამ ვარაუდს ის სატელევიზიო კადრები ამყარებს, რომელშიც ივანიშვილთან დაახლოებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი სპეცრაზმელებს შორის დგას.

ბერძენიშვილის თქმით, არადამაჯერებელია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელთა ჩვენებები და თუ მათ ეს გადაწყვეტილება მართლაც თავად მიიღეს, ამაზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას:

“როცა 800 ტყვიაა ნასროლი, როცა ასე დაბეჯითებით ერთსა და იმავეს ამბობს, შეკვეთას ასრულებს ყველა მსროლელი, სპეცრაზმელი, როდესაც აცხადებს, რომ თავად მიიღო გადაწყვეტილება. შენით თუ მიიღე გადაწყვეტილება, რატომ არ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული?! 99-პროცენტიანი ალბათობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეალურად ბრძანების გამცემი იქნებოდა მხოლოდ ის ადამიანი, ვინც ქვეყანას მართავს და რომელიც ახლა დამალულია – ესაა ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილის ყველაზე სანდო ფიგურა, ბატონი ჩუბინიძე, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი რომ იდგა სპეცრაზმელებში და აძლევდა დავალებებს” ,- ამბობს დავით ბერძენიშვილი ტელეკომპანია “მთავართან”.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.

ვრცლად ომბუდსმენის ნაგარიშზე წაიკითხეთ:

გახარია და მისი მოადგილეები ჩვენებებში უარყოფენ, რომ 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება მათ გასცეს

მასალების გადაბეჭდვის წესი