ახალი ამბებიეკონომიკა

რუსეთმა ხორბლის ექსპორტი შეიძლება შეზღუდოს, თუმცა საქართველო დეფიციტს არ ელის

3 აპრილი, 2020 • 2770
რუსეთმა ხორბლის ექსპორტი შეიძლება შეზღუდოს, თუმცა საქართველო დეფიციტს არ ელის

რუსეთი, რომლისგანაც საქართველომ 2019 წელს ხორბლი და მესლინის მარაგის დიდი ნაწილი შეიძინა, ამჟამად კორონავირუსის პანდემიის გამო განიხილავს ხორბლის ექსპორტის შეზღუდვას 7 მილიონ ტონამდე, თუმცა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეს საქართველოში ხორბლის დეფიციტს ვერ გააჩენს.

პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ წევრმა, გიგლა მიქაუტაძემ ხორბლის შესაძლო დეფიციტზე საუბრისას განაცხადა, რომ „ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები როგორც იმპორტის დივერსიფიკაციის, ისე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის კუთხით, რათა სახეზე არ მივიღოთ ხორბლის დეფიციტი და პურზე ფასების ზრდა“.

როგორც ის აცხადებს, „საქართველოში 2019 წელს 90 მილიონი დოლარის ღირებულების 430 000 ტონა მარცვლეული სწორედ ამ ქვეყნიდან შემოვიდა და მთლიანი იმპორტის 87 % შეადგინა.“

დავითაშვილმა ამის შესახებ 3 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. კითხვაზე, ხომ არ შეიქმნება საქართველოში ხორბლის იმპორტის საფრთხე რუსეთის მთავრობის შესაძლო გადაწყვეტილების — ხორბლის ექსპორტის შეზღუდვის გამო, დავითაშვილმა უპასუხა, რომ ასეთი რისკი არც ახლა და არც პერსპექტივაში არ არსებობს.

დავითაშვილის თქმით, მსოფლიოში ხორბლის ფიზიკური მარაგის დეფიციტის საკითხი არ დგას, ხოლო რუსეთის მთავრობის მიერ შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში, საქართველოს აქვს ხორბლით მომარაგების ალტერნატიული წყაროები:

„ექსპორტიორი კერძო კომპანიების განცხადებით, რუსეთში დღეს არსებობს ხორბლის საკმარისზე მეტი მარაგი, ხოლო ჩვენ რამდენიმე თვეში ველოდებით ახალ მოსავალს. პროგნოზები დღეს არის დამაიმედებელი ზოგადად მსოფლიოში და განსაკუთრებით რეგიონში არის ჭარბი მოსავლის მოლოდინი. შესაბამისად, მოსალოდნელია ფასების მინიმუმ არგაზრდა და შესაძლებელია, შემცირებაც, ამიტომ კვოტირება უბრალოდ რაციონალური არ არის. მაგრამ ჩვენ ვახერხებთ იმ კონტრაქტების დაცვას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ხორბლის მოწოდებას მთელი დროის განმავლობაში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მივიღეთ უფრო მკაცრი შეზღუდვები, ჩვენ გვაქვს ალტერნატიული წყაროები და მათზე წვდომა იმისთვის, რომ საქართველოში ხორბლის მარაგი შეივსოს და, შესაბამისად, ეს არ აისახოს ფქვილის ფასზე და პური მოსახლეობას უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდეს შესბამის ფასად”, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, “თუ ჩვენ ახლო რეგიონიდან, ახლო გეოგრაფიიდან ვერ მოვახერხებთ მარაგების შევსებას, იმდენი დრო და მარაგი გვაქვს, რომ უფრო შორი გეოგრაფიიდან უწყვეტ რეჟიმში მივიღოთ პროდუქტი”.

“მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ხორბლის მარაგთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემა არ არის და არც პერსპექტიულ შესყიდვებთან დაკავშირებით არ იქნება არანაირი შეფერხება“.

მისი განცხადებით, ზოგიერთი ქვეყნის მიერ პირველადი აუცილებლობის საქონელზე შეზღუდვების დაწესებას ელოდნენ და ამისთვის მზად იყვნენ:

„ჩვენ გვესმის, რომ კრიზისულ სიტუაციაში ზოგიერთი მთავრობის მიერ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება და ამაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი. ეს ჩვენთვის ყოველთვის იყო დღის წესრიგის ნაწილი, ველოდით ასეთ გადაწყვეტილებებს და ვმუშაობდით ალტერნატიულ წყაროებზე, რათა მაქსიმალურად დივერსიფიცირებული იყოს საქართველოში მომარაგება ამ პირველადი საჭიროების პროდუქტების“.

მასალების გადაბეჭდვის წესი