ნეტგაზეთი | ყველგან შეიძლება მოხდეს გადაცემა, მათ შორის ეკლესიაში – იმნაძე ყველგან შეიძლება მოხდეს გადაცემა, მათ შორის ეკლესიაში – იმნაძე – Netgazeti

ყველგან შეიძლება მოხდეს გადაცემა, მათ შორის ეკლესიაში – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით ეხება ყველას, მათ შორის ეკლესიას და მრევლსაც. ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ნებისმიერ იმ ადგილას, სადაც არის ადამიანების თავმოყრა, შესაძლებელია ინფექციის გადაცემა მოხდეს. ეს შეიძლება მოხდეს ყველგან და ჩვენ ამის მაგალითები უკვე გვაქვს, რომ ეს მოხდა, ვთქვათ, გარკვეულ ადგილებში, სადაც ადამიანები ერთად მუშაობენ, ასევე, ადამიანები იკრიბებიან ერთად. ყველგან შეიძლება მოხდეს გადაცემა, მათ შორის, რა თქმა უნდა, ეკლესიაში. აქედან გამომდინარე ჩვენი რეკომენდაცია… კიდევ და კიდევ ვიმეორებ, ეს ეხება ყველას ერთნაირად, მათ შორის მორწმუნეებსაც, მათ შორის ათეისტებსაც, ანტიეკლესიურებსაც. ყველას ეხება ჩვენი მოწოდება, რომ მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი სახის კონტაქტებისგან. ნებისმიერი სახის სოციალური დისტანცირება არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ქვეყანაში ინფექციის შემთხვევების მატების ტემპი იყოს კონტროლირებადი და არ გამოიხატებოდეს დღეში ასეულობით.  შეიძლება იყოს ათეულობით ახალი შემთხვევა და არა ასეულობით”, – განაცხადა იმნაძემ.

საქართველოში 2 აპრილის 14:00 საათის მონაცემებით დაფიქსირებულია კორონავირუსის 130 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 26 პაციენტი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 281 პირია მოთავსებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი