ახალი ამბები

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო ოფიცრად გოგა მელიქიძე დაინიშნა

2 აპრილი, 2020 • 1614
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო ოფიცრად გოგა მელიქიძე დაინიშნა

საპენსიო სააგენტოს ახალი უფროსი საინვესტიციო ოფიციერი ჰყავს. სააგენტოს ცნობით, პირველი აპრილიდან ამ თანამდებობაზე გოგა მელიქიძე დაინიშნა.

“დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონის თანახმად, საინვესტიციო ოფიცერმა საპენსიო აქტივების ინვესტირების პროცესს უნდა უხელმძღვანელოს. რაც გულისხმობს იმას, რომ საპენსიო აქტივების ინვესტირების მიზნით საპენსიო სააგენტოში იქმნება საინვესტიციო სამსახური, რომელსაც  უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ხელმძღვანელობს.

“მოხარული ვარ, რომ შევუერთდი საპენსიო სააგენტოს გუნდს, მიმაჩნია, რომ საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის. ამასთან, დიდ პასუხიმგებლობას ვგრძნობ ამ გადაწყვეტილებით და დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომი ნაბიჯები იქნება საპენსიო სააგენტოს მონაწილეებისათვის უფრო მეტი სარგებლის მომტანი”,-ამბობს მელიქიძე.

საქართველოს საპენსიო სააგენტოს თანახმად, მელიქიძეს საფინანსო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს:

2015 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა კომპანია „გალტ ენდ თაგარტში“ საბროკერო დეპარტამენტის ხელმძღვანელად. სხვადასხვა წლებში იყო უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი, შემდგომ კი საინვესტიციო საბანკო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2012 – 2015 წლებში იკავებდა გენერალური დირექტორის თანამდებობას კომპანია „სმარტექსში“, რომელიც საქართველოში წამყვანი საინვესტიციო  ჰოლდინგია, ვენჩერული კაპიტალით დაფინანსების სფეროში.

გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრი დავით წიკლაური ერთი თვით უფროს საინვესტიციო ოფიცრად დაინიშნა. სწორედ ასე ახსნა სააგენტომ თებერვალში შეძენილი 560 მილიონი ლარის ღირებულების სადეპოზიტო სერტიფიკატები.

“საინვესტიციო პროცესი, დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის და ფულადი სახსრებისა და მასთან გათანაბრებული ფინანსური ინსტრუმენტებისათვის 2020 წლის იანვარში დამტკიცებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, ამასთანავე, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების სრული დაცვით, წარმართა საინვესტიციო საბჭოს წევრმა – დავით წიკლაურმა, რომელიც დროებით, ზემოხსენებული საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად, საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების მიზნით დაინიშნა (3 მარტის ჩათვლით) უფროსი საინვესტიციო ოფიცრის პოზიციაზე”,-აცხადებდნენ საბჭოში.

საქართველოს პარლამენტმა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო 2019 წლის ივნისში დაამტკიცა. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის თანახმად, საინვესტიციო საბჭო 5 წევრისგან შედგება და მის წევრებს პარლამენტი 5 წლის ვადით ამტკიცებს. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარედ კი ოლივიე რუსო აირჩიეს. ის საფრანგეთის საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი