ახალი ამბები

პარლამენტმა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო დაამტკიცა

11 ივნისი, 2019 • 2506
პარლამენტმა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო დაამტკიცა.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები გახდნენ ოლივიე რუსო, ტიმო ვიჰერკენტა, მაიკლ რიდლი, დავით წიკლაური და ჟან-ფრედერიკ პოლსენი.

საბჭოს ერთადერთი ქართველი წევრი, დავით წიკლაური 2019 წლის აპრილამდე საქართველოს ბანკის მთავარი ფინანსური ოფიცრის თანამდებობას იკავებდა. ის იყო ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსურ დარგში. წიკლაურის მიერ ბანკის დირექტორთა საბჭოს დატოვების შესახებ ინფორმაცია თავად საქართველოს ბანკმა 2 აპრილს გაავრცელა. წიკლაური სხვადახვა პერიოდში თიბისი ბანკშიც მუშაობდა. ის სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხოლო მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში ლონდონის ბიზნესსკოლაში მიიღო.

ტიმო ვიჰერკენტა ფინეთის სახელმწიფო საპენსიო ფონდის აღმასრულებელი ოფიცერია. ის სხვადასხვა წელს ფინეთის ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა ისეთ პოზიციებზე, როგორებიცაა საერთაშორისო საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო 2015 წლიდან ქვეყნის საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელობს. რაც შეეხება განათლებას, ვიჰერკენტას დოქტორის აკადემიუერი ხარისხი ჰელსინკის უნივერსიტეტში აქვს მიღებული.

მაიკლ რიდლი ამ დროითვის ისლანდიის ფინანსთა მინისტრის მრჩეველია. 2015 წლამდე ის იყო J. P. Morgan-ის ლონდონის წარმომადგელობაში დირექტორის მოადგილე. რიდლს დამთავრებული აქვს ოქსფორდის უნივერსიტეტი.

ოლივიე რუსო საფრანგეთის საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო ფონდის დირექტორია. მისი მთავარი ფუნქცია ფონდის საინვესტიციო პოლიტიკას უკავშირდება. ის ასევე მუშაობდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)  ლონდონის ფილიალში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საფრანგეთის ხაზინაში.  რაც შეეხება განათლებას, რუსო სწავლობდა ადმინისტრაციის ეროვნულ სკოლაში, ხოლო მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში მარსელის უნივერსიტეტში მიიღო.

ჟან-ფრედერიკ პოლსენი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას მრჩეველი იყო. თუმცა მას შემდეგ, რაც საბჭოს კანდიდატად შეარჩიეს, ეს თანამდებობა დატოვა. თურნავას გარდა, ეკონომიკის წინა ოთხი მინისტრის მრჩეველიც იყო. მის მოვალეობებში შედიოდა სახელმწიფო კომპანიების ფინანსური მონიტორინგი და სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელთა შერჩევაში მონაწილეობა. პოლსენი  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის, ISET-ის მმართველი საბჭოს წევრია. ფინანურ მენეჯმენტს პარიზის ევროპულ ბიზნესსკოლაში სწავლობდა. ფინანსებსა და ბუღალტერიას სწავლობდა ასევე ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში.

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის თანახმად, საინვესტიციო საბჭო 5 წევრისგან შედგება და მის წევრებს პარლამენტი 5 წლის ვადით ამტკიცებს. მანამდე იქმნება საინვესტიციო საბჭოს წევრთა შესარჩევი კომისია.

ამავე თემაზე:

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია

მასალების გადაბეჭდვის წესი