ნეტგაზეთი | SpaceX-მა თანამშრომლებს Zoom-ის გამოყენება აუკრძალა – Reuters SpaceX-მა თანამშრომლებს Zoom-ის გამოყენება აუკრძალა – Reuters – Netgazeti
RU | GE  

SpaceX-მა თანამშრომლებს Zoom-ის გამოყენება აუკრძალა – Reuters

კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოს მასშტაბებით ბევრი კომპანია თუ დაწესებულება დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა და კომუნიკაციის ერთ-ერთ ძირითად პლატფორმად ჩამოყალიბდა პროგრამა Zoom.

თუმცა ბოლო დროს კითხვები გაჩნდა Zoom-ის გამოყენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით — მაგალითად, SpaceX-მა (ილონ მასკის კერძო კოსმოსური კომპანია) და NASA-მ თანამშრომლებს Zoom-ის გამოყენება აუკრძალეს, იუწყება „როიტერსი“.

რატომაა ეს საკითხი მნიშვნელოვანი?

Zoom-ის პოპულარობამ და მომხმარებელთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო უამრავ ქვეყანაში სამუშაო და სასწავლო რეჟიმი დისტანციურ ფორმატზე გადავიდა.

როგორც The Motley Fool წერს, Zoom-ის მომხმარებელთა რაოდენობამ 2020 წლის დასაწყისიდან 14 მარტისთვის 67 პროცენტით მოიმატა, ხოლო DMR-ის ცნობით, 2020 წელს კომპანიის შემოსავალმა 622 მილიონი შეადგინა — ეს თითქმის ორჯერ მეტია 2019 წლის 330-მილიონიან შემოსავალზე.

მსოფლიოს არაერთი ქვეყნის გარდა, Zoom-ს აქტიურად იყენებენ საქართველოშიც — მათ შორის სასწავლო დაწესებულებები — სკოლები და უნივერსიტეტები.

ვინ მიიჩნევს, რომ Zoom უსაფრთხო არაა და რას პასუხობს კომპანია

„როიტერსი“ წერს, რომ SpaceX-ში Zoom-ზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების ზომებს ასახელებენ. როგორც გამოცემა იუწყება, თანამშრომლებისთვის 28 მარტს გაგზავნილ ელექტრონულ წერილში კომპანიამ განაცხადა: „გვესმის, რომ ბევრი ჩენგანი იყენებდა ამ პროგრამას კონფერენციებისთვის და მხარდასაჭერი შეხვედრებისთვის, მაგრამ გთხოვთ, გამოიყენოთ ელფოსტა, ტელეფონი ან ტექსტური შეტყობინებები“. როიტერსის ცნობით, მათ SpaceX-ის ამ წერილის შესახებ ორმა ინფორმირებულმა წყარომ უამბო, თუმცა თავად SpaceX-ში კომენტარი არ გააკეთეს.

გარდა ამისა, როგორც „როიტერსი“ წერს, NASA-ს პრეს-სპიკერმა სტეფანი შირჰოლზმა განაცხადა, რომ Zoom-ის გამოყენებას თანამშრომლებს NASA-ც უკრძალავდა.

იქამდე, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ბოსტონის ოფისმა Zoom-თან დაკავშირებით გაფრთხილება გამოსცა და მოუწოდა მომხმარებლებს, არ გაეზიარებინათ შეხვედრების ბმული და საჯარო არ გაეხადათ, მას შემდეგ, რაც ორმა ამოუცნობმა პირმა სკოლის გაკვეთილის სესიაზე შეაღწია.

ამასთან ერთად, როგორც გამოცემა Mashable წერს, Zoom-ის უსაფრთხოების ბაგის გამო ჰაკერებს შეუძლიათ მომხმარებლების ოპერაციული სისტემის, Windows-ის პაროლები მოიპარონ.

Zoom-ის უსაფრთხოების შესახებ სტატია გამოაქვეყნა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ჟურნალმაც.

უსაფრთხოების შესახებ სხვადასხვა მხარეების ბრალდებებს კომპანიაში ჯერჯერობით არ პასუხობენ. როგორც MIT-ის ტექნოლოგიური მიმოხილვის ჟურნალი და „როიტერსი“ წერს, კომპანიაში კომენტარის შესახებ თხოვნისთვის ჯერჯერობით არ უპასუხიათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნიკა ბურდული – ნეტგაზეთის რეპორტიორი 2019 წლის დეკემბრიდან. E-mail: realnikaburduli@gmail.com