ახალი ამბებისაზოგადოება

ვინ გადაიხდის დასაქმებულთა ტრანსპორტირების ხარჯებს?

1 აპრილი, 2020 • 3219
ვინ გადაიხდის დასაქმებულთა ტრანსპორტირების ხარჯებს?

მთავრობა აცხადებს, რომ საყოველთაო კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში, — როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი აკრძალულია და კომენდანტის საათია დაწესებული ,— დასაქმებულების სამუშაო ადგილას ტრანსპორტირება დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ბერკეტი აქვს სახელმწიფოს იმ შემთხვებისთვის, თუკი ეს ასე არ მოხდა და დამსაქმებელმა ტრანსპორტირების ტვირთი დასაქმებულს დააკისრა.

შრომის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის თანახმად, გარდა იმისა, რომ კომპანიებმა დასაქმებულების ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყონ, დაუშვებელია, ტრანსპორტის პრობლემის გამო ვინმე გაათავისუფლონ სამსახურიდან.

თუკი ტრანსპორტის პრობლემის გამო სამსახურში პრობლემა შეგექმნათ, მოგვწერეთ „ნეტგაზეთის“ ფეისბუკზე

დასაქმებულები კარანტინისას

31 მარტიდან საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად შემოღებული ზომები გამკაცრდა, — 21:00-დან 06:00 საათამდე აიკრძალა გადაადგილება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაუქმდა და ა.შ.

შექმნილმა ვითარებამ არაერთ ადამიანს გაურთულა ყოველდღიურობა: ვისაც ჯერ კიდევ უწევს სამსახურში სიარული, მათ დაკარგეს გადაადგილების ხელმისაწვდომი ბოლო საშუალებები — ავტობუსები და მეტრო.

„ნეტგაზეთი“ დაინტერესდა, როგორ მოძრაობენ ამ პირობებში ყველაზე კრიტიკული ობიექტების — სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების — თანამშრომლები სამსახურსა და სამუშაო ადგილს შორის.

ჩვენ 31 მარტს სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა ზომის ობიექტზე დასაქმებული რამდენიმე ადამიანი გამოვკითხეთ. ზოგს ფეხით მოუწია სამსახურში მისვლა, ზოგიერთი დამსაქმებელმა მიიყვანა, ზოგიერთი კი საერთოდ ვერ მივიდა სამუშაოზე.

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ერთ-ერთი მცირე ზომის აფთიაქში  დასაქმებული თანამშრომელი, რომელიც დაახლოებით 3 კმ-ში ცხოვრობს, სამსახურში ფეხით მივიდა, თუმცა გვითხრა, რომ მეორე თანამშრომელმა, რომელიც გაცილებით შორს ცხოვრობს და საკუთარი მანქანა არ აქვს, მისვლა ვერ მოახერხა;

ჩუღურეთში მდებარე ერთ-ერთ, შედარებით მცირე ზომის მაღაზიაში დასაქმებული მეუღლემ საკუთარი მანქანით მიიყვანა, თუმცა მისი შემცვლელი, რომელიც ორთაჭალაში ცხოვრობს, ვერ მივიდა: „25 ლარს გვიხდიან დღეში და მას ტაქსი თითო გზა 7 ლარი უჯდება, ამიტომ არ უღირს“…

შედარებით დიდი ზომის ქსელური სუპერმარკეტის თანამშრომელმა გვითხრა, რომ სამსახურში დღეს ისინი მივიდნენ, ვინც ახლოს ცხოვრობდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ვერ მივიდნენ და მათი საკითხი ჯერ გარკვეული არ იყო.

ქუთაისში იმავე ქსელური სუპერმარკეტის ერთ-ერთი ფილიალის თანამშრომლები 31 მარტს ჯერ კიდევ ბოლომდე გარკვეული არ იყვნენ, დაუფარავდნენ თუ არა ტაქსის ხარჯებს. თუმცა იცოდნენ ის, რომ ნაწილს, ვისაც საკუთარი მანქანა აქვს, საწვავის ხარჯს ხელფასებზე აუნაზღაურებდნენ.

დიღომში, უბნის ერთ-ერთ მაღაზიაში დასაქმებულს ჯერ კიდევ სამარშრუტო ტაქსების აკრძალვის შემდეგ უწევდა ტაქსით სიარული, რაშიც 5 ლარს იხდიდა, უკანა გზაზე კი, ჩვეულებისამებრ, უფროსს მიჰყავდა სახლში. ახლა კი, მისი თქმით, ტაქსის გაძვირების შემდეგ, სამსახურშიც უფროსმა მიიყვანა საკუთარი მანქანით და ასე უზრუნველყო ტრანსპორტირება.

რას ამბობენ კომპანიები?

„ნეტგაზეთი“ ესაუბრა რამდენიმე ქსელურ სუპერმარკეტსა და სააფთიაქო ქსელს — „გუდვილს“, „ჯიპისის“, „ავერსს“, „ნიკორას“ და პსპ-ს. ყველგან  გვითხრეს, რომ თავად უზრუველყოფენ თანამშრომელთა ტრანსპორტირებას იმ შემთხვევებში, როდესაც ეს საჭიროა და სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა მიდგომა აქვთ.

მაგალითად, პსპ-ს თანახმად, სამუშაო ადგილისა და საცხოვრებელი უბნის ერთგვარი ოპტიმიზაცია გარკვეულ დონეზე ისედაც ჰქონდათ დანერგილი — ანუ თანამშრომლების ნაწილი მუშაობს იმ აფთიაქში, რომელიც სახლთან ახლოს არის, რათა სამსახურიდან სახლამდე გზაში ნაკლები დრო დაეხარჯათ;  „ჯიპისიში“ კი გვითხრეს, რომ ამ მიმართულებითაც მუშაობენ.

რას ამბობს მთავრობა?

მთავრობის პრესსამსახურიდან 31 მარტს „ნეტგაზეთს“ მისწერეს, რომ ტრანსპორტირება დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, თუმცა არ დაუზუსტებიათ, ამას მხოლოდ რეკომენდაციის სახე აქვს თუ რეგულაციაა- თუ რეგულაციაა, რომელი განკარგულების/დადგენილების ძალით და რა სანქციები შეიძლება დამსაქმებლებს დაეკისროთ ამ წესის შეუსრულებლობისთვის.

იგივე წერია 31 მარტს მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ „ხშირად დასმულ კითხვებში“. კითხვა ასეთია: „მაქვს ეკონომიკური საქმიანობის უფლება. თანამშრომლები სამსახურში როგორ ვატარო“?

მთავრობის პასუხი კი ასეთია: „თანაშმრომლების ტრანსპორტირება სახლიდან და უკან უნდა უზრუნველყოთ თავად, მიკროავტობუსის, ავტობუსის მეშვეობით, რომლებზეც არ ვრცელდება 3- კაციანი შეზღუდვა. ტრანსპორტირების შესახებ თანხმობა უნდა აიღოთ მუნიციპალიტეტებიდან. აღნიშნული არ ეხება თანამშრომლების გადაყვანას მსუბუქი ავტომანქანებით, რაზეც ვრცელდება 3 -კაციანი შეზღუდვა“.

რა შეიძლება რეალობაში მივიღოთ?

კოტე ერისთავი, შრომის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის სოციალური პროგრამის დირექტორი ამბობს, რომ შესაძლოა, წარმოიქმნას სხვადასხვა სახის რისკი ქსელურ სუპერმარკეტებში დასაქმებული ადამიანებისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ისინი მარტო არ დატოვოს ტრანსპორტირებაზე მოლაპარაკების საკითხში და მკაფიოდ მოითხოვოს დამსაქმებლისგან ტრანსპორტირების უზრუნველყოფის ვალდებულება.

„ვთვლით, რომ დამსაქმებელმა უნდა იკისროს ტრანსპორტირება, განსაკუთრებით, ქსელურ სუპერმარკეტებში, სადაც დასაქმებულების მდგომარეობა მძიმეა, სადაც მათი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა და დამამცირებელ გარემოში მიზერულ ხელფასზე მუშაობენ“, – ამბობს იგი და დასძენს, რომ სახელმწიფოს როლი მნიშვნლოვანი იქნება, რათა დასაქმებული გააძლიეროს.

ამასთან, მისი თქმით, დაუშვებელია, რომ ვინმე ტრანსპორტირების პრობლემის გამო გაუშვან სამსახურიდან:

„ამ პირობებში, თუ დასაქმებული ტრანსპორტთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის გამო უარს ამბობს სამუშაოზე გამოცხადებაზე, დაუშვებელია, ეს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად ჩაითვალოს“, – ამბობს კოტე ერისთავი და განმარტავს, რომ ეს არის „შეცვლილი გარემოებება, რომელიც რეალურად ხშირად შეუძლებელს ხდის ბევრი დასაქმებულისთვის სამუშაო ადგილზე გამოცხადებას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი