ახალი ამბები

მთავრობა ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდ ლარს გამოყოფს

1 აპრილი, 2020 • 1389
მთავრობა ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდ ლარს გამოყოფს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის პირდაპირი დახმარების მიზნით 2 მილიარდი ლარი გამოიყოფა. გიორგი გახარია ამბობს, რომ ყველა თანხმდება, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, რომ მსოფლიო ეკონომიკა რეცესიის ფაზაში შედის, რაც ასევე აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც.

“მთავრობის გადაწყვეტილებით, უკვე დღეის მდგომარეობით, გამოიყო 2 მილიარდი ლარი ეკონომიკის პირდაპირი დახმარების მიზნით. ეს დახმარება მიმართული იქნება როგორც სამუშაო ადგილების, ასევე, კომპანიების შესანარჩუნებლად. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამეთუ კრიზისის დაძლევისთანავე ქართული ეკონომიკა მზად იყოს სწრაფად განვითარებისთვის და აღადგინოს ის პოზიციები, რომელიც წლის დასაწყისში ჰქონდა”,-განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმითვე, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესანარჩუნებლად და წარმოების მხარდასაჭერად. რაც შეეხება კორონავირუსთან ბრძოლას, გიორგი გახარიას თქმით, “კრიზისულ ბიუჯეტში” ვირუსთან ბრძოლისთვის 351 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

საქართველოში კორონავირუსის გამო 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და ობიექტების დიდი ნაწილი, მცირე გამონაკლისების გარდა, დახურულია, რის გამოც არაერთი ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე.

მასალების გადაბეჭდვის წესი