ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალელ პაციენტთან კონტაქტების გამო “ენგურჰესის” რამდენიმე თანამშრომელი იზოლაციაშია

31 მარტი, 2020 • 1923
გალელ პაციენტთან კონტაქტების გამო “ენგურჰესის” რამდენიმე თანამშრომელი იზოლაციაშია

“ჩვენმა თანასოფლელმა მეზობლებთან კონტაქტი ვერ მოასწრო, რუსეთიდან ჩამოსვლიდან მალევე საქართველოში წაიყვანეს. შემდეგ მისი ოჯახის წევრები ჰყვებოდნენ, რომ სახლში მხოლოდ ნიღბით დადიოდა, რადგან იცოდა, რომ ავად იყო”, – ამბობს ამზა არონია, საბერიოს სკოლის მასწავლებელი და პაციენტის მეზობელი აფხაზურ მედიასთან საუბარში.

კორონავირუსით დაინფიცირებული, ამჟამად ზუგდიდის საავადმყოფოში მყოფი 50 წლის პაციენტის ძმა და მისი შვილი ენგურჰესის თანამშრომლები არიან. ძმა დის ჩამოსვლის დროს სამსახურში არ გასულა, რადგან იმ დროს მისი ცვლა არ ყოფილა. მისი შვილი კი, რომელიც ფსოუს საზღვარზე მამიდას [პაციენტი] დახვდა, ჰესის სადგურში 29 მარტს ავიდა.

როგორც ჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია ჰყვება, პაციენტის ძმიშვილმა ვერ მოასწრო ბევრ თანამშრომელთან ურთიერთობა.

“როგორც ჩვენი თანამშრომლები ჰყვებიან, არც მისი ცვლა იყო, თუმცა, რატომღაც მაინც მოვიდა სადგურში, რომლის შესასვლელთან მაღაზიაში სიგარეტი იყიდა. შემდეგ კი სოფელში დაბრუნდა და თან ენგურჰესის ორი თანამშრომელიც გაიყოლა. ყველა მათგანი დღეს იზოლირებულია ექიმებისა და უსაფრთხოების სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ. სამსახურში მხოლოდ ისინი გამოდიან, ვის გარეშეც სადგური ვერ იმუშავებს”, – განმარტავს მებონია.

ამასთან, აფხაზეთში კორონავირუსთან ბრძოლის შტაბის ხელმძღვანელი ალხას ჯინჯოლია აცხადებს, რომ მათ უკვე დაადგინეს ყველა ის ადგილი [მათ შორის მაღაზიები და ნათესავების სახლი] აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც პაციენტი ფსოუს გამშვები პუნქტის გადაკვეთის შემდეგ იმყოფებოდა.

“ყველა ეს პირი იზოლაციაში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება”, – ამბობს ჯინჯოლია.

ოფიციალური ინფორმაციითვე, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა უკვე ფსოუს გამშვებ პუნქტზე და სოფელ საბერიოს შესასვლელში. ამასთან, გუშინ ღამითვე გადაადგილება შეზღუდეს სოფელ საბერიოდან გალის რაიონში არსებული შესასვლელი. ასევე, კორდონით შემოღობეს გალის რაიონის გასასვლელები.

გალსა და ოჩამჩირეს შორის მიმოსვლა აკრძალეს

აფხაზეთიდან ზუგდიდში 29 მარტს გადაყვანილ პაციენტს, 50 წლის ქალს, ახალი კორონავირუსი  30 მარტს დაუდასტურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი