ახალი ამბები

გამშვები პუნქტები თელავსა და ახალციხესთანაც მოეწყობა

31 მარტი, 2020 • 719
გამშვები პუნქტები თელავსა და ახალციხესთანაც მოეწყობა

კარანტინის რეჟიმი თელავისა და ახალციხის ადმინისტრაციულ საზღვარზეც ამოქმედდება. ამის შესახებ დღეს საქართველოს მთავრობაში შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ დრომდე კარანტინის რეჟიმის ფარგლებში სპეციალური გამშვები პუნქტები შსს-სა და თავდაცვის ძალებს ქვეყნის მასშტაბით 7 მუნიციპალიტეტის საზღვარზე ჰქონდათ მოწყობილი და მათ დაემატება თელავი და ახალციხეც:

“საქართველოს 7 მუნიციპალიტეტის საზღვარზე პრაქტიკულად ამოქმედდა კარანტინის რეჟიმი. მოწყობილია სპეციალური გამშვები პუნქტები, რომელიც მოაწყო შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს ძალებმა. ამ პუნქტებზე ხდება მკაცრი კონტროლი იმ შეზღუდვების, რომლებიც დაწესებულია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში და ასევე მიმდინარეობს თერმო- სკრინინგი. დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ანალოგიური რეჟიმი ამოქმედდება კიდევ ორი მუნიციპალიტეტის ფარგლებში. ეს ორი მუნიციპალიტეტი გახლავთ თელავი და ახალციხე” ,- თქვა ჩიქოვანმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი დღეს, 08:00 საათზე ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც გამკაცრდა უკვე არსებული შეზღუდვები.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში ასევე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეები საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩებში გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ. ამ დროს ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს ექნებათ.

საყოველთაო კარანტინი ასევე ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად აკრძალვას, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ასევე, მათ შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში მხოლოდ 3 ადამიანი იქნება – მათ შორის 2 უკანა სავარძელზე.

იკრძალება 3-ზე მეტი პირის შეკრება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია.

აკრძალულია 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, უახლოეს აფთიაქში ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში მიდიან.

გამოცხადდეს ფაქტობრივი კარანტინი ქვეყანაში – გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი