ახალი ამბები

ჯარი COVID-19-ის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ჩაერთო

31 მარტი, 2020 • 2068
ჯარი COVID-19-ის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ჩაერთო

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში თავდაცვის ძალები დღეიდან, 31 მარტიდან, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩაერთვება.

ამ დრომდე, თავდაცვის ძალები ეპიდემიის გავრცელების პრევენციულ ზომებში მხოლოდ ბოლნისისა და მარნეულის საკარანტინო ზონაში მონაწილეობდნენ. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება პრემიერ-მინისტრმა გამოსცა.

საგანგებო მდგომარეობაში თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას, როგორც წესი, პრეზიდენტი იღებს და პარლამენტი ამტკიცებს, თუმცა გამონაკლისია ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფები და ეპიდემიები, რა დროსაც თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრემიერ-მინისტრი და ეს გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ დამტკიცებას არ საჭიროებს.

გიორგი გახარიას თქმით, თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები ჩართულნი იქნებიან ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლში. ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით  საკონტროლო პუნქტები მოეწყობა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში.

მასალების გადაბეჭდვის წესი