ნეტგაზეთი | Covid-19-ით ინფიცირებულია მედდა, რომელმაც თავის თავზე აიღო რთულ პაციენტთან მუშაობა Covid-19-ით ინფიცირებულია მედდა, რომელმაც თავის თავზე აიღო რთულ პაციენტთან მუშაობა – Netgazeti
RU | GE  

Covid-19-ით ინფიცირებულია მედდა, რომელმაც თავის თავზე აიღო რთულ პაციენტთან მუშაობა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ Covid-19-ით ინფიცირებულია ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალი. მან აღნიშნა, რომ სამედიცნო პერსონალს [ექთანს] ვირუსი Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტისგან გადაედო, რომელსაც დახმარებას უწევდა.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ექთანი მოქმედებდა ასეთ შემთხვებში არსებული პროტოკოლის ფარგლებში, თუმცა სამედიცინო პერსონალის ინფიცირების რისკი მაღალია.

„დაინფიცირებული პირი, სამედიცინო პერსონალი, გახლავთ მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული, მან თავის თავზე აიღო კონკრეტულ, რთულ სიტუაციაში, სამედიცინო სერვისის ჩატარება.

ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ის იმყოფება ინფექციურ საავადმყოფოში, თუმცა ამ ღამით გადაიყვანენ „მედალფაში“, ვინაიდან კორონავირუსის ყველა დადასტურებული შემთხვევა თავს იყრის ამ კლინიკაში.

ჩვენი ინფორმაცია არ გავამჟღავნეთ მანამ, სანამ არ გვექნებოდა სრული ინფორმაცია ყველა შესაძლო კონტაქტირებული პირის შესახებ, პირველადი ეპიდკვლევა არის დასრულებული, მოძიებულია ყველა შესაძლო კონტაქტი, დაახლოებით 15 პირი, როგორც ოჯახური, ისე სამედიცინო პერსონალი.

ყველა [ვისაც შეხება ჰქონდა ინფიცირებულ სამედიცინო პერსონალთან] არის მკაცრი თვითიზოლაციის რეჟიმში, ყველა მათგანზე არის დამყარებული მეთვალყურეობა 14 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში მათ ჩაუტარდებათ ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, რამდენიმე პირს უკვე ჩაუტარდა კიდეც და არის უარყოფითი შედეგი, თუმცა ეს ჩვენ არ გვაძლევს გარანტიას დარჩენილი 12 დღის სტატუსზე“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ბოლო მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით უკვე 8 პაციენტს მკურნალობენ.

29 მარტის 11 საათის მდგომარეობით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 103 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com