ახალი ამბები

იყავით ბინაზე, ნუ დააკავებთ სტაციონარის საწოლებს, ის უფრო ცუდად მყოფებს სჭირდებათ – ექიმი

30 მარტი, 2020 •
იყავით ბინაზე, ნუ დააკავებთ სტაციონარის საწოლებს, ის უფრო ცუდად მყოფებს სჭირდებათ – ექიმი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძე საზოგადოებას მიმართვს და სთხოვს, რომ მოქალაქეები სახლებში დარჩნენ და არ დააკავონ სტაციონარის საწოლები, რომლებიც უფრო მძიმე პაციენტებს სჭირდებათ.

ტურძელაძე ტელეკომაპნია „პირველთან“ საუბარში ამბობს, რომ პანდემიის პირობებში სოციალური დისტანცირება უმნიშვნელოვანესია.

„ხველის, ტემპერატურის, ყელის ტკივილის გაჩენისთანავე, დაურეკეთ ოჯახის ექიმს, მიიღეთ კონსულტაციები, იყავით სახლში, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.  თუკი დაგემატებათ სხვა სიმტომებიც, მაგალითად, სუნთქვის უკმარისობა – აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო და ის უკვე გადაგიყვანთ სტაციონარში.

დანარჩენ შემთხვევაში ყველაზე უკეთესია, დაბალი ტემპერატურის პირობებში, იყავით ბინაზე, მიიღეთ ექიმის კონსულტაციები. ნუ დააკავებთ სტაციონარის საწოლებს, როდესაც ის უფრო მძიმე და სერიოზულ პაციენტებს სჭირდებათ. ეს არის ჩემი დიდი თხოვნა მოსახლეობისადმი“, – ამბობს ლალი ტურძელაძე და ამატებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდა მოსალოდნელია.


30 მარტის საღამოს [20:20 საათის] მდგომარეობით ქვეყანაში კორონავირუსის 100 შემთხვევა დასტურდება, აქედან გამოჯანმრთელებულია 18. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში 82 აქტიური პაციენტის შესახებაა ცნობილი, ანუ იმ პირის, ვისაც ამ წუთებში ინფექცია ჯერ კიდევ აქვს და მკურნალობს.

ამასთანავე, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4978 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი- 266.

ხვალიდან, 31 მარტიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში ასევე ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეები საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩებში გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ.

საყოველთაო კარანტინი ასევე ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად აკრძალვას, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ასევე, მათ შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, მათ შორის, ტაქსით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში მხოლოდ 3 ადამიანი იქნება – მათ შორის 2 უკანა სავარძელზე.

ვრცლად:

გამოცხადდეს ფაქტობრივი კარანტინი ქვეყანაში – გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი