ახალი ამბები

ავსტრალიაში COVID-19-ის წინაღმდეგ ტუბერკულოზის ვაქცინის შესაძლებლობებს იკვლევენ

30 მარტი, 2020 • 1837
ავსტრალიაში COVID-19-ის წინაღმდეგ ტუბერკულოზის ვაქცინის შესაძლებლობებს იკვლევენ

ავსტრალიაში ტუბერკულოზის ვაქცინის ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყენების პოტენციალს სწავლობენ. როგორც The New York Times წერს, პირველ ეტაპზე საუკუნის წინ შექმნილი ვაქცინის ტესტირებაში 4 000 სამედიცინო მუშაკი ჩაერთვება.

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო BCG ვაქცინა ყოველწლიურად სავალდებულო ვაქცინაციის ფარგლებში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მილიონობით ბავშვს უტარდება. ვაქცინა ორგანიზმს იმუნური სისტემის გაძლიერებაში ეხმარება, რის გამოც ეფექტიანია არაერთი ვირუსისა თუ დაავადების წინააღმდეგ. შესაბამისად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ BCG ვაქცინამ, შესაძლოა, ადამიანის ორგანიზმი ახალი კორონავირუსისთვისაც მოამზადოს.

The New York Times-ის ცნობით, ავსტრალიური საავადმყოფოების 4 000-მდე პერსონალზე კვლევას მომავალ კვირაში დაიწყებენ და შედეგები ექვს თვეში გახდება ცნობილი.

ცდებში მონაწილეთა ნახევარს ვაქცინას გაუკეთებენ, მეორე ნაწილი კი პლაცებოს მიიღებს. ორივე ჯგუფის წევრებს დაევალებათ სპეციალურ პროგრამაში ჯანმრთელობის ცნობების შეტანა:

“ეს ძალიან ძველი ვაქცინის ახალი მიზნისთვის გამოყენებაა”, – უთხრა ჟურნალისტებს სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელმა  ნაიჯელ კერტისმა. ამ კვლევას Murdoch Children’s Research Institute (MCRI) ატარებს.

ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა ჯერ კიდევ გასულ წელს ჩინეთში დაიწყო, სადაც დაავადების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, შემდეგ კი მსოფლიო პანდემიის სახე მიიღო. ამ დრისთვის არ არსებობს COVID-19-ის სამკურნალო ან პრევენციული მედიკამენტი.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ავსტრალია საკვლევად იმიტომ შეარჩიეს, რომ საცდელი პერიოდის განამვლობაში სამხრეთ ჰემისფეროში ზამთარი იქნება, რაც გრიპის სეზონადაა მიჩნეული.

მკვლევრები შეამოწმებენ, შესაძლებელია თუ არა ამ გზით იმუნური სისტემის გაძლიერებით რესპორატორული პრობლემების სიმპტომების დათრგუნვა და მათი გავრცელების პრევენცია.

“ჰოპოთეზა არის ის, რომ თუ ძლიერი იმუნური სისტემა გაქვს, ვირუსი ვერ გამრავლდება, ნაკლებ ზიანს გამოიწვევს და სიმპტომებს შეზღუდავს” ,- ამბობს სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც კვლევას ატარებს.

კორონავირუსის ვაქცინასა და წამალზე 9 კომპანია მუშაობს – გეგმები და ვადები

მასალების გადაბეჭდვის წესი