ნეტგაზეთი | საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 96 პირი დაჯარიმდა – შსს საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 96 პირი დაჯარიმდა – შსს – Netgazeti

საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 96 პირი დაჯარიმდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ერთ დღეში  საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს, 29 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო 24 საათში უწყებამ საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო, 96 მოქალაქე დააჯარიმა.

“3 იურიდიული, ხოლო 8 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანის ფაქტზე დაჯარიმდა 5 პირი. ხოლო, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევაზე დაჯარიმდა 13 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები,”-აცხადებენ შსს-ში.

სამინისტრო მოსახლეობას ახსენებს, რომ  საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით გათვალისწინებული დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა კი უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.