დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ იმ ადამიანებს, 2009 წელს პაატა იმნაძის დაჭერა უნდოდა იმ ადამიანებს, ვინც დღეს მას აკრიტიკებენ.
“თქვენ რომელიმეს პაატა იმნაძის პროფესიონალიზმში ეჭვი გეპარებათ? რომელიმეს ამ ქვეყანაში, ვისაც შეხება ჰქონია მედიცინასთან ბოლო 30 წლის განმავლობაში, პაატა იმნაძის ქვეყნის წინაშე დამსახურებაში იოტისოდენა ეჭვი შეიძლება შეეპაროს? პაატა გაბრაზდა, მე ვიცი, იმიტომ რომ ამოუვიდა [ყელში]. ის ადამიანები, ვინც აკრიტიკებენ პაატას დღეს და ეგეთ კითხვებს აძლევდნენ, იცით რომ მაგის დაჭერა უნდოდათ 2009 წელში? სხვადასხვა მთავრობის დროს ნამუშევარი ვარ და ბევრი ინფორმაცია მაქვს, არ არის ახლა პოლიტიკური გარჩევების დრო”, – განაცხადა გამყრელიძემ “ტვ პირველის” ეთერში.
ასე გამოეხმაურა გამყრელიძე პაატა იმნაძის დღევანდელ განცხადებას. იმნაძემ თქვა, რომ “პოლიტიკაში რევენ” და ყველას მოუწოდა თავი დაანებონ, თორემ ალაპარაკდება.
“ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი?! ხელი რატომ რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ?! – ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი იყო, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე. გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი. დაეტიონ თავის ადგილას და სახლში დარჩნენ”, – განაცხადა იმნაძემ, თუმცა არ დაასახელა, ვის მიმართავდა.
პაატა იმნაძე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალური დირექტორის მოადგილე და ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელია.
1992-2010 წლებში ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის – გენერალური დირექტორი იყო, 2010-2013 წლებში კი სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი იყო.
ამ თემაზე:
გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები! ყველამ თავი დამანებოს – იმნაძე